ჩეხეთის დაზვერვა  მთავარ საფრთხედ რუსეთს და ჩინეთს ასახელებს

13-11-2020 12:58:03 ანალიზი

ჩეხეთის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთი და ჩინეთი ქვეყნის ინტერესებისთვის მთავარ საფრთხედ დაასახელა: „რუსეთი თავისი მოწინააღმდეგეების დესტაბილიზაციას ცდილობს, მაშინ როდესაც ჩინეთი, საკუთარი ინტერესების ლეგიტიმაციის მიზნით, თანამოაზრე ქვეყნების გაერთიანებაზეა ორიენტირებული.“

ჩეხეთის დაზვერვის ანგარიშის თანახმად, ხშირად, ჩინელი და რუსი ჯაშუშები დიპლომატების, ჟურნალისტებისა და მეცნიერების საფარქვეშ ოპერირებენ. უწყებას მიაჩნია, რომ რუსეთი და ჩინეთი ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთის დიპლომატიურ მისიებზე კიბერშეტევებშიც არიან გარეულები.

საინტერესოა, რომ რუს დიპლომატებს ქვეყნის დატოვება ჩეხეთმა ოფიციალურად 5 ივნისს მოსთხოვა. პრეზიდენტ ბაბიჩის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში საწამლავ „რიცინის“ შეტანის ისტორიასთან იყო დაკავშირებული. როგორც ამბობდნენ, ამ ნივთიერებით ანტირუსული განწყობების მქონე პრაღის მერის მოწამვლა იყო ჩაფიქრებული.

რუსეთისა და ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეები ჩეხეთის დაზვერვის რადარზე შარშანაც მოხვდა. უწყება აღნიშნავდა, რომ ჩეხეთის სახელმწიფო ინსტიტუციების დასუსტებისა და საერთაშორისო უსაფრთოხების კონტექსტში სახელმწიფოს ოფიციალურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოსახდენად, აგრესორი ქვეყნები მრავალმხრივ მეთოდებს იყენებდნენ.

ჩეხეთი არ არის პირველი ქვეყანა, რომელიც პუტინის რუსეთს ქვეყნის ინტერესების მთავარ ან მნიშვნელოვან საფრთხედ განსაზღვრავს.

რუმინეთის 2020-2024 წლების ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის დოკუმენტი ოფიციალურ მოსკოვს „აგრესორად“ მოიხსენიებს. ამ ამბავში კი, განსაკუთრებული ის არის, რომ ოფიციალურად რუსეთი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად დასახელდა საფრთხედ რუმინეთის უსაფრთხოებისთვის.

რუმინეთის თავდაცვის სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, კრემლის მიდგომები და ქმედებები საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ნორმებს არღვევს. ასევე, ოფიციალური მოსკოვის „შეტევითი“ და „აგრესიული“ სამხედრო აქტივობები შავ ზღვაში, ესკალაციის რისკს ზრდის.

ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურისა და ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის საფრთხეების შეფასების ანგარიშებშიც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რუსეთის აგრესიულ აქტივობებს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის საქართველოში. ანგარიშებში კრემლის, როგორც აგრესორის იმიჯის ოფიციალურად დეკლარირება ხდება. ორივე ქვეყანა აქტიურად საუბრობს შავი ზღვის მილიტარიზაცაზე, რუსეთის გაზრდილ სამხედრო კონტიგენტზე, საქართველოს ოკუპაციაზე და რეგულარულ რუსულ სამხედრო სწავლებებზე ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვრებთან ახლოს.

ლიეტუვას საფრთხეების შეფასების ანგარიშში აღნიშნულია რუსეთის და ბელარუსის სადაზვერვო სამსახურების აქტიურობა ლიეტუვას ტერიტორიაზე. ესტონეთის 2020 წლის საფრთხეების შეფასების დოკუმენტი კი, ქვეყნის სუვერენიტეტის ერთადერთ ეგზისტენციალურ საფრთხედ რუსეთის სამხედრო აქტივობებს ასახელებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017-2020 წლების თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტშიც ნათქვამია, რომ ქვეყნის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების დაგეგმვის მთავარ ფაქტორად კვლავ რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხე რჩება. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის აგრესიული საგარეო პოლიტიკა საქართველოს უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს.

როგორც ვხედავთ ოფიციალური მოსკოვი სხვადასხვა ქვეყნების დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროს ანგარიშებში აგრესორის „საპატიო“ ადგილს ინარჩუნებს. პუტინის რუსეთის დიპლომატებს კი, სულ უფრო ხშირად უშვებენ ჯაშუშობის ბრალდებით უკან- მშობლიურ კრემლში.

გენო კაკაბაძე

ახალი ამბები

სხვა სიახლეები