Accentnews.ge
აფხაზეთის გასომხება: ახალი ტალღა შესაძლოა, საბოლოო აღმოჩნდეს

აფხაზეთის გასომხება: ახალი ტალღა შესაძლოა, საბოლოო აღმოჩნდეს

17/11/2020 13:17:58 კონფლიქტები

პრეზიდენტის თანაშემწის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებაზე ჯერ მელანიც არ იყო შემშრალი, როცა ახრა ავიძბამ არცახიდან [მთიანი ყარაბაღიდან — რედ.] დევნილთათვის დერეფნის ორგანიზებას მიჰყო ხელი. «რთულ ვითარებაში დახმარების ხელი უნდა გავუწოდოთ ადამიანებს, როგორც არაერთგზის გაუკეთებიათ ჩვენს წინაპრებს!», - დაწერა მან «Facebook”-ში. თუმცა ავიძბას მოწოდებამ სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში მხოლოდ ნეგატიური კომენტარების ტალღა გამოწვია. აფხაზეთის რესპუბლიკის მაცხოვრებლებმა არათუ მხარი დაუჭირეს ამ იდეას, პრეზიდენტის აწ უკვე ყოფილი თანაშემწე საკუთარი - აფხაზი ხალხის მიმართ ეროვნული საფრთხის შექმნაში დაადანაშაულეს.

«არ ვიცი, ვისთვის იღწვით უფრო მეტად, სამომავლოდ იგროვებთ პოლიტიკურ ქულებს, თუ ჩვენი კოლაფსში შეყვანა გსურთ, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ დევნილების მიღებისას სახელმწიფომ მათ მომავალზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ჩვენი სახელმწიფო კი საკუთარ ნახევრად მშიერ მოქალაქეებსაც კი ვერ უზრუნველჰყოფს, არათუ სომხეთიდან დევნილებს!», - წერენ თავის კომენტარში აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებლები.

«ჩვენი ხალხის დემოგრაფიის უკანასკნელი პროგნოზები იცით, რომ რაიმე მსგავსი შემოგვთავაზოთ?!», - წერს ინტერნეტ-მომხმარებელი ინგა გულია.

«ახალი დევნილები აქ არაფერში გვჭირდება - ისინიც გვეყოფა, ვინც აქამდე გვყავდა. ჩვენ ჩვენი ძმები უნდა დავაბრუნოთ თურქეთიდან, სირიიდან და ა.შ, ყარაბაღელი სომხების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, მათ აქვთ თავისი დიდი სამშობლო. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმის, რომ აქ ჩამოვიდნენ — ეს უცილობლად გამოიწვევს კონფლიქტს», - წერს ინტერნეტ-მომხმარებელი ასტიკ ხაშბა.

აფხაზეთის მაცხოვრებლების შფოთვა უმეტესწილად რესპუბლიკაში ეთნიკური სომხების მზარდ შედინებას უკავშირდება. ყველა მათგანმა დღემდე აფხაზეთში არა მარტო თავშესაფარი ჰპოვა, არამედ მიიღო აფხაზეთის მოქალაქეობაც, ეროვნული პასპორტიც და დასაქმებაც კი მოახერხა. ზოგიერთი არაოფიციალური მონაცემების თანახმად, სომხური მოსახლეობის წილი იმდენად გაიზარდა, რომ უკვე არაერთი წელია, აჭარბებს აფხაზურს.

«გაგრის რაიონი სომხებს უკვე სრულად აქვთ ოკუპირებული. იქ სხვა ეროვნების მაცხოვრებელი თითქმის არ დარჩა. თანაც უკვე მოშორებულ სოფლებშიც სახლდებიან, მაგრამ უპირატესობას ყველაზე მეტად ზღვის სანაპიროს ანიჭებენ», - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე ალექსეი. მისივე თქმით, აფხაზეთში მცხოვრები სომხების უმრავლესობა სწორედ ყარაბაღიდანაა და აქ ბოლო ომამდე ბევრად ადრე ჩასახლდა.

ეთნიკური სომხების აფხაზეთში ჩასახლების სქემა მარტივია და არც დიდ დანახარჯებს უკავშირდება. ამ ყველაფერს სათავეში უდგას რუსეთშიც და მის ფარგლებს გარეთაც ცნობილი ყოფილი სპორტსმენი, ამჟამად კი მსხვილი ბიზნესმენი რუბენ ტატულიანი (იგივე «რობსონი»). არსებული ინფორმაციით, იგი რამდენიმე წლის წინ მოკლულ «კანონიერ ქურდ» «დედ ჰასანის» მემკვიდრეა და ადგილობრივი კრიმინალიტეტის «მეთვალყურე». მიიღო რა «რობსონის» მეტსახელი, ყოფილმა სპრტსმენმა თავისი მძიმე ხელით რუსეთის ყველა სახელისუფლებო სტრუქტურაში დანაშაულებრივი სამყაროს და სომხური დიასპორის ინტერესების ლობირება დაიწყო. მის განკარგულებაშია ე.წ. «დახმარების ფონდი», რომლის სახსრები ისტორიული სამშობლოდან სადმე სხვაგან, მაგალითად, აფხაზეთში გადასახლების მსურველი სომხების კეთილმოწყობას ხმარდება. ამასთან, საუბარია არა რამენიმე ათეულ ან თუნდაც ასეულ ადამიანზე. ტატულიანის «ფონდის» მოქმედების დროის განმავლობაში მარტო აფხაზეთში სომხეთიდან 20 ათასზე მეტი სომეხი გადასახლდა.

რუბენ ტატულიანი - იგივე "რობსონი"

ადგილზე - თავად აფხაზეთში ამ საქმეს სომხური დიასპორის თავკაცი — აფხაზეთის გმირის წოდების მფლობელი გალუსტ ტრაპიზონიანი უძღვება. მას გადაეცემა იმ მოქალაქეთა მონაცამები, რომელთათვისაც მან სამომავლოდ საცხოვრისები უნდა მოამზადოს პასპორტების შემდგომი გაფორმებით. აფხაზეთში ჩასულებს აბინავებენ დროებით საცხოვრისში, სადაც ისინი დაახლოებით ნახევარ წელს რჩებიან. სწორედ ამდენი სჭირდებათ ბ-ნ ტატულიანსა და მის თანაშემწეებს ყველა აუცილებელი ოფიციალური დოკუმენტის მისაღებად. მაგრამ არ იფიქროთ, რომ ეს დროებითი საცხოვრისები ერთი ბეწო ოთახებია: რეალურად, ეს არის მაღალი გალავნით შემოღობილი 2-3 ჰა ტერიტორია, რომელზეც თანამედროვე 2-3-სართულიანი სახლებია აშენებული, თითო ასეთ ნაკვეთზე — 7-8 სახლი. ტერიტორიაზე მოხვედრა უცხო პირთათვის იკრძალება და თუ თქვენთვის საუბედუროდ შიგნით მაინც აღმოჩნდით, ელოდეთ უსიამოვნებებს. მსგავსი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის სომხურ თემს თავისი «განგაშის ღილაკი» აქვს, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში რაიონში არსებულ ყველა ძალას ააქტიურებს. თავიდან თქვენს ირგვლივ თქვენი ვიზიტით უკმაყოფილო სომხების გარკვეული რაოდენობა შეიყრება, მაგრამ მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლები, მოგვიანებით კი გამოჩნდებიან სამართალდამცველები, რომლებსაც ყველაზე მეტად თქვენი ვიზიტის მიზეზები, საბუთები და ყველაფერი დანარჩენი დააინტერესებთ.

სადღეისოდ, არაოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ გაგრის რაიონში მსგავსი ტერიტორიები უკვე ხუთია. წარმოიდგინეთ, უზარმაზარ ტერიტორიებზე სახლობს მთელი კოლონია მოქალაქეებისა ოჯახებით, რომლებიც რამდენიმე თვეში აფხაზეთის მუდმივი მოსახლეობის რიგებს შეავსებენ. მაგრამ აი, მთლად უკვალოდ ეს პროცესი არ მიდის, რადგან აფხაზეთში ჩამავალი სომხების უმრავლესობა არ ფლობს ან არასათანადოდ ფლობს რუსულ ენას. ზედმეტი კითხვებისა და ყურადღების თავიდან ასაცილებლად ამ კატეგორიას დროებით საცხოვრისებში უფრო ხანგრძლივი დროით ტოვებენ.

«არ მჯერა, რომ ჩვენს სახელმწიფოში ამის შესახებ არავინ არაფერი იცის. სომხებით გადაივსო აფხაზეთი და ისინი უკვე ჩვენზე მეტნი არიან. თუ ამ ტემპებით გაგრძელდა, აფხაზეთი მალე სრულად სომხური გახდება და ეს არავის ადარდებს! მათ დიდი ფულის სანაცვლოდ აძლევენ პასპორტებს, აწყობენ სამსახურებში, ჩვენი ხელისუფლება კი ყველაფერ ამაზე თვალს ხუჭავს. აფხაზეთისა და აფხაზებისთვის ეს ძალზე მძიმე შედეგებით დასრულდება. დავიჯერო, ამას ვერავინ აცნობიერებს?!», - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე გაგრიდან ლეონი.

ეთნიკური სომხების აფხაზეთში უკონტროლო ჩასახლებით უკმაყოფილოთა საპროტესტო ტალღა სოცქსელებში ადრეც არაერთხელ აგორებულა, თუმცა ამას იქით საქმე არ წასულა. როგორც კი მსგავსი ტალღა მძლავრდება, დიალოგში ერთვებიან აფხაზეთის სამამულო ომის ვეტერანები, რომლებიც, მანიპულირებენ რა აფხაზების პატრიოტული გრძნობებით, შეახსენებენ მოსახლეობას იმ მხარდაჭერასა და დახმარებას, რომელიც ომის დროს აფხაზეთს სომხებმა აღმოუჩინეს. დიახ, ეს ასეა, მაგრამ ომის გმირებს არ სურთ, შეიგნონ, რომ მსგავსი მოქმედებით აფხაზეთს მეტ ზიანს აყენებენ, ვიდრე მტერი. რესპუბლიკა ყოველთვის მრავალეროვანი იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი სახელმწიფო სტრუქტურების სისუსტის გამოყენებით უნდა აკეთო ბნელი საქმეები და ამ გზით თავისუფალ ტერიტორიებზე შენი თანამემამულეები ჩაასახლო. სახელმწიფო ორგანოები ღიად ვერ ახდენენ გავლენას ვითარებაზე, რომელსაც რუბენ ტატულიანი მართავს და, როგორც ჩანს, სწორედ ამის გამო შემოიღეს რამდენიმე წლის წინ არაოფიციალური აკრძალვა ეთნიკური სომხებისთვის მოქალაქეობისა და ჩაწერის მინიჭებაზე. ასე იყო,ყოველ შემთხვევაში, 5-6 წლის წინ. თუმცა თუ შემდგომი მოვლენებით ვიმსჯელებთ, ეს აკრძალვა, როგორც ჩანს, გაუქმდა, - სხვა ვერაფრით ახსნი ჩასახლებული სომხების რაოდენობის ზრდასა და მათთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭებას.

ასეა თუ ისე, აფხაზურ საზოგადოებას უკვე არაერთგზის გაუმახვილებია ყურადღება დემოგრაფიული კატასტროფის მოახლოებულ საფრთხეზე, თუმცა დღემდე მისი ხმა რჩებოდა ხმად მღარადებლისა უდაბნოსა შინა.

ახრა ავიძბას იდეამ სომეხი დევნილებისთვის დერეფნის შექმნის შესახებ ხალხი ისევ ააფორიაქა, მაგრამ ამჯერად, პირველად დიდი ხნის განმავლობაში, მოსახლეობა ღიად ალაპარაკდა იმაზე, რომ სომეხი მფარველების გამოისობით აფხაზები თავის მიწაზე უმცირესობაში რჩებიან. და თუ რესპუბლიკის ხელისუფლება სერიოზულ ნაბიჯებს არ გადადგამს ამ მიმართულებით, უძველესი აფხაზი ეთნოსი შესაძლოა, უბრალოდ ჩაიკარგოს ინტერნაციონალურ მასაში, რომელშიც უმრავლესობით სომხები იქნებიან წარმოდგენილები.

კრისტინა ავიძბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა,არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S