რუსი სამშვიდობოების ჩასვლის მიუხედავად, სომხები ლაჩინს ტოვებენ

18-11-2020 19:05:26 კავკასია

ლაჩინი - აზერბაიჯანული ქალაქი, რომელზეც სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი მთავარი გზა გადის, ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შესახებ სამმხრივი (სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი) შეთანხმების პირობების თანახმად, რუსი მშვიდობისმყოფელების კონტროლქვეშ დარჩება. ეს “ლაჩინის დერეფნის” ნაწილია სიგანით 5 კმ. თუმცა სომხური მოსახლეობა ქალაქს მაინც ტოვებს: სამშვიდობო პირობები, რომლებსაც სომხეთი იძულებით დასთანხმდა, მათ მეტისმეტად გაურკვევლად ეჩვენებათ, რათა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი და რუსების მიერ დაცვისაც ნაკლებად სჯერათ.

თავად ლაჩინის რაიონი, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი ლაჩინია, მიმდინარე წლის 1 დეკემბრისთვის აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავა.

17 ნოემბერს რუსმა მშვიდობისმყოფელებმა სრული კონროლი დაამყარეს და სომხურ მოსახლეობას სომხეთიდან ლაჩინისა და შუშის გავლით სტეპანაკერტისკენ გზა გაუხსნეს.

BBC-ს გადამღებ ჯგუფს სომხეთში, გზაზე სტეპანაკერტისკენ მიმავალი შვიდი ავტობუსი შეხვდა დევნილებით, რომლებიც უკან ბრუნდებოდნენ.

სულ, სომხური ხელისუფლების მონაცემებით, ომის დასრულებიდან ერთი კვირის განმავლობაში ყარაბაღში 1200-ზე მეტი ადამიანი დაბრუნდა.

მაგრამ ომის დროს იქიდან ათობით ათასი გაიქცა და დღემდე ყარაბაღიდან გამსვლელთა შემხვედრი ნაკადი გაცილებით მძლავრად გამოიყურება, ამ 1200 დაბრუნებულთან შედარებით.

მეორე დევნილობა

28 წლის წინ, 1992 წლის მაისში სომხურმა ფორმირებებმა შუშა და ლაჩინი აიღეს, რითაც სომხეთთან ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის სტრატეგიული დერეფანი გაჭრეს.

მაშინ, 1992 წელს აზერბაიჯანული მოსახლეობა ლაჩინიდან გაიქცა, სომხებმა კი ქალაქი გადაწვეს.

შემდგომში მათ ლაჩინი ნაწილობრივ აღადგინეს, სომხები შეასახლეს (პირველ ომამდე ქალაქში 7-8 ათასი აზერბაიჯანელი ცხოვრობდა, მეორემდე – 2 ათასამდე სომეხი) და ქალაქს სახელი ბერდზორით შეუცვალეს.

სამშვიდობო შეთანხმებამ ისინი თითქოს გადაარჩინა: აზერბაიჯანული ჯარი რამდენიმე კილომეტრში იყო და ლაჩინი მასზე გამავალი გზით მისთვის პირველხარისხოვან მიზანს წარმოადგენდა.

მაგრამ ახლა ლაჩინიდან სომხებიც გარბიან.

"აი იქ, იმ დიდი ბორცვის უკან აზერბაიჯანული სოფელი იქნება, - ხელით გვიჩვენებს ლაჩინში მაღაზიის მფლობელი სტეპან სარგსიანი – სომეხი ამერიკიდან. - და იქაც, მეორე მხრიდან - ასევე აზერბაიჯანული სოფელი".

ჟურნალისტები სტეპანს საბრძოლო მოქმედებების დროსაც ესაუბრნენ და მაშინ ის უფრო ოპტიმისტურად გამოიყურებოდა. თუმცა ახლაც ამბობს, “სომხებმა ომი კი არ წააგეს, ათასწლოვან ომში ერთი ბრძოლა აქვთ წაგებულიო".

მაგრამ სტეპანის მაღაზია – ყველაზე დიდი და ლამაზი ლაჩინში, ახლა დაკეტილია. სავაჭრო დარბაზში თაროები ცარიელია, იატაკზე კი ნაგავია. სტეპანი ერევანში მიდის.

მამაკაცი თქმით, ამ ახალ პირობებში 5 კმ სიგანის დერეფანში, აზერბაიჯანელების უშუალო სიახლოვეს იგი თავს დაცულად უბრალოდ ვერ იგრძნობს.

მას არ სჯერა, რომ რუსი სამხედროები, რომლებიც შეთანხმების საფუძველზე ლაჩინის დერეფანს დაიცავენ, დაიცავენ მის უსაფრთხოებასაც, ყარაბაღის სომხურმა ხელისუფლებამ კი, ისევე, როგორც ჯარმა და პოლიციამ ამ რაიონში არსებობა ფაქტობრივად შეწყვიტეს.

"აქ სომხური სახელმწიფოს მშენებლობაში დასახმარებლად ჩამოვედით. მაგრამ ეს სახელმწიფო აღარ არსებობს", - ამბობს სტეპანი.

სამართლის დასასრული

ხელისუფლება და მართლწესრიგი მთიან ყარაბაღში ომის დასრულებიდან პირველ დღეებში პრაქტიკულად ჩამოიშალა. ყვავის მაროდიორობა. სტეპანაკერტში დაბინდების შემდეგ ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავების რეკომენდაციაა გაცემული.

ლაჩინში სტეპანის მაღაზიის გვერდზე მდებარე სახლის მეპატრონე რამდენიმე დღით სომხეთში წავიდა, მერე ბარგის წასაღებად დაბრუნდა, მაგრამ სახლი ცარიელი დახვდა.

ყარაბაღი ამ სახით ეკონომიკური თვალსაზრისით სიცოცხლისუუნაროა, განსაკუთრებით – იმ პირობებში, როცა გაურკვეველია, რამდენად უსაფრთხო იქნება სახმელეთო გზა სომხეთისკენ, - ამბობს სტეპანი.

"აქ კი, ლაჩინში, 2000-ათასიანი მოსახლეობის პირობებშიც კი ქალაქს ძნელად გაჰქონდა თავი, ახლა რაღა იქნება? ასე, რომ გასაკვირი არაა, ხალხი რომ გარბის".

რუსმა სამხედროებმა ლაჩინის დერეფანში ჯერ მხოლოდ 2 საგუშაგო დადგეს: ერთი – თავად საზღვართან, ლიბანიდან დევნილი სომხების დასახლებასთან, რომელიც თავის დროზე აზერბაიჯანულ სოფელ ზაბუხის ნანგრევებზე გაშენდა, მეორე კი – თავად ლაჩინში.

ამასთან, ეს ჯერ-ჯერობით არა სამშვიდობო კონტინგენტი, არამედ სომხურ გიუმრიში მდებარე რუსული ბაზის სამხედრო მოსამსახურეებია. სამშვიდობოებიც ნელ-ნელა ჩამოდიან და ბლოკ-საგუშაგოებს ხსნიან მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიების პერიმეტრზე, რომლებიც სომხური მხარის კონტროლქვეშ დარჩა.

თუმცა ბლოკ-საგუშაგო ბევრი არ არის, თანაც აქ სულ 5 წლის განმავლობაში იდგებიან, რის შემდეგაც შეთანხმების პირობების გადახედვაა გათვალისწინებული – და ბევრ ყარაბაღელ სომეხს მომავლის რწმენა აღარ აქვს.

გარბის ლაჩინის მერის – ნარექ ალექსანიანის მამაც კი. თავად მერი ჟურნალისტებთან საუბარზე უარს ამბობს, თუმცა გვთანხმდება მისი სიმამრი ვარდანი, რომელიც სიძეს მანქანაში ბარგის ჩატვირთვაში ეხმარება.

"ხალხს უსაფრთხოების კუთხით შიში აქვს. მაგრამ თუ ყველაფერი კარგად იქნა, ვფიქრობ, დაბრუნდებიან", - ვარაუდობს ვარდანი.

ვინ წავიდა და ვინ დარჩა

როზამ ლაჩინში 27 წელი გაატარა: მშობლებმა აქ 1 წლის ასაკში ჩამოიყვანეს. მამამ – პირველი ომის მონაწილემ, ინვალიდმა, ოჯახის ერევნიდან ლაჩინში გადაყვანა გადაწყვიტა – აქ თავის რჩენა უფრო ადვილი იქნებაო.

"შვილები სომხეთში გავამგზავრეთ, თავად კი დავრჩი. ახლა ვერ ვიგებ, რა გველის. შვილებს უკან ნამდვილად არ დავაბრუნებ, - ამბობს როზა და ტირის. - რაც აქ ვნახე, რა უბედურება ტრიალებდა, - არა, ვერ დავაბრუნებ".

"აქ, 5 კმ-ში თურქები იცხოვრებენ, ყველა სოფელი ირგვლივ მათი იქნება. რუსული ჯარი თითქოს დაგვიცავს, მაგრამ ხუთ წელიწადში იგივე გველის – შეთანხმება ხომ 5-წლიანია", - თითქმის სიტყვა-სიტყვით იმეორებს როზა სტეპანის სიტყვებს.

“თურქებად” ყარაბაღელი სომხები ყოველთვის აზერბაიჯანელებს მოიხსენიებდნენ – ისინი მათ ერთ ხალხად თვლიან.

თუმცა ლაჩინიდან ყველა მაინც არ გარბის: ზოგი დარჩენას გეგმავს.

"აქედან არასოდეს წავალ! აქ ბინა მაქვს, სულ ახლახანს გავარემონტეთ, სამსახურიც მაქვს, ხელფასიც, ასე, რომ აქაც მშვენივრად ვგრძნობ თავს!" - აცხადებს რუზანა კარაპეტიანი, რომელიც ადგილობრივ ადმინისტრაციაში დამლაგებლად მუშაობს.

თუმცა ავეჯი და სხვა ნივთები თავისი ახლადგარემონტებული ბინიდან რუზანამ ქალიშვილთან გაგზავნა სომხეთში, მეზობელ ქალაქ გორისში: აზერბაიჯანის არმია ლაჩინიდან რამდენიმე კილომეტრში იყო.

"აი, ახლა ყველაფერი დაწყნარდება, ელექტროენერგიას და ყველაფერ დანარჩენს ათადგენენ - და მეც ყველაფერს უკან მოვიტან და ვიცხოვრებ", - ირწმუნება რუზანა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები