ყარაბაღის შედეგები: აფხაზური რკინიგზა და სხვა გამოწვევები

20-11-2020 19:54:30 ანალიზი

საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის ამოქმედების საკითხი გასული რვა წლის განმავლობაში რამდენჯერმე იქცა დაინტერესებული საზოგადოების შეშფოთებისა და აქტიური მსჯელობის საგნად. ეს თემა, მათ შორის, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ახლადმოსულმა ბიძინა ივანიშვილმა წამოჭრა საექსპერტო საზოგადოებასთან დახურულ შეხვედრაზე და როგორც მოგვიანებით დამსწრე პერსონებისგან გახდა ცნობილი, მაშინვე მკვეთრად უარყოფითი პასუხი მიიღო. ერთ-ერთ არგუმენტად, აღნიშნული მონაკვეთის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევის პრობლემურობის გარდა, მაშინ სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანის ნეგატიური დამოკიდებულება დასახელდა. გავიდა წლები – და ყარაბაღის მეორე ომმა ე.წ. აფხაზური რკინიგზის საკითხი კვლავ დააბრუნა დღის წესრიგში.

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების მიერ 44-დღიანი ომის დასრულების შესახებ ხელმოწერილ სამმხრივ განცხადებაში, მათ შორის, ნათქვამია, რომ «რეგიონში ყველა სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირი განიბლოკება” და რომ “სატრანსპორტო კავშირზე კონტროლს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ორგანოები განახორციელებენ».

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კი ამასწინათ პუტინთან სოჭში გამართული შეხვედრის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყარაბაღის მეორე ომმა «ძალიან ბევრი რამ შეცვალა და კიდევ შეცვლის», რომ მან პუტინთან რკინიგზის თემაზეც ისაუბრა, რომ “შესაბამისი პირობების შემთხვევაში ეს [რკინიგზის ამოქმედება – რედ.] შესაძლებელია” და რომ “უახლოეს ხანებში მხარეები ამ საკითხს დაუბრუნდებიან”. ამასთან, ბჟანიამ მიანიშნა იმაზეც, რომ მოსკოვს თბილისისგან თახმობა უკვე მიღებული აქვს.

რთულია, ჯერ კიდევ ბუნდოვან გეოპოლიტიკურ ვითარებაში და მით უფრო წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსების განცხადებებს უპირობოდ ენდო, მით უფრო, რომ უფრო მშვიდ პერიოდებშიც მათი პოზიციების კარდინალური ცვლილების მაგალითები უხვად მოგვეპოვება. მაგრამ საქართველოს სახელისუფლებო გუნდის ორმა წარმომადგენელმა აფხაზურ რკინიგზაზე მოსკოვთან რაიმე შეთანხმების მიღწევა კატეგორიულად უარყო.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეცწარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე „აქცენტთან“ ირწმუნება, რომ საკითხი „არავისთან და არც ერთ ფორმატში განხილულა“:

„ჩვენ საწყის ეტაპზევე გვქონდა ის პოზიცია, რომ რკინიგზის აღდგენის საკითხი შეიძლება, განხილული იყოს მხოლოდ აფხაზეთის პრობლემის მოგვარების კონტაქსტში. ასეთივე პოზიცია გვაქვს დღესაც“.

იგივეს ირწმუნება საქართველოს მე–9 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

„არავის არავისთვის არავითარი თანხმობა არ აქვს მიცემული. აფხაზეთის მონაკვეთზე არსებული რკინიგზა არის საქართველოს საკუთრება. ყველა დანარჩენი მოქმედება არის უკანონო. არაერთხელ ყოფილა დეზინფორმაცია გავრცელებული – ეს, როგორც ყოველთვის, რუსული პროპაგანდის ნაწილია. ჩვენი პოზიცია ოკუპაციასთან მიმართებაში ერთმნიშვნელოვანია: უნდა მოხდეს დეოკუპაცია და მხოლოდ და მხოლოდ დეოკუპაციის შემდეგ შეგვიძლია, ვილაპარაკოთ მსგავსი ტიპის საკითხებზე“,– განუცხადა „აქცენტს“ სესიაშვილმა.

ქართველ მკვლევარ გიორგი გობრონიძისთვის კი ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ფონზე მოსკოვიდან თბილისზე წნეხის გაძლიერება პროგნოზირებადი იყო:

„ვხედავთ, რომ კრემლი სამხრეთ კავკასიაში რუსეთისთვის ყველა საკომუნიკაციო არხის გახსნას ცდილობს: როდესაც მთიან ყარაბაღში ნახჭევანის დერეფანი გაიხსნა, რომელსაც რუსული სასაზღვრო ძალები გააკონტროლებენ, საქართველოში გადაწყვიტეს, რომ ის ქართულ სატრანზიტო ფუნქციას ჩაანაცვლებდა. თუმცა რეალურად, ეს რუსული სამხედრო პოლიტიკური პროექტის ნაწილია – ამ სატრანსპორტო კომუნიკაციით რუსეთი აზერბაიჯანის გავლით, სახმელეთო გზით ახლო აღმოსავლეთის რეგიონს დაუკავშირდება. ანალოგიურად, აფხაზეთის რკინიგზაც არა მხოლოდ რუსულ–სომხურ–ქართული სატრანსპორტო არტერიაა, არამედ, რუსეთ–ირანისაც“.

გობრონიძე რკინიგზის ამოქმედების თაობაზე ქართული მხარის რამდენიმე წლის წინანდელ ინიციატივასაც იხსენებს, რომლის თანახმად, რკინიგზა დანარჩენ საქართველოსა და აფხაზეთს შორის ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლების წინაპირობა უნდა ყოფილიყო, თუმცა მაშინ აფხაზებმა ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს. სადღეისოდ კი, როგორც გობრონიძე ამბობს, რუსეთი აფხაზეთის ფაქტობრივ ანექსიას ახორციელებს, აფხაზებს შიდა გამოწვევების ფონზე წინააღმდეგობის რესურსი არ აქვთ და რუსეთისგან დახმარების სანაცვლოდ იძულებულნი არიან, კონკრეტული ფასი გადაიხადონ – მოსკოვს საგარეო და რეგიონული დღის წესრიგის განხორციელებაში შეუწყონ ხელი.

«მაგრამ თუ ყარაბაღის მეორე ომის შედეგებამდე ინიციატივა შესაძლოა, რელევანტურიც ყოფილიყო, სადღეისდო სამხრეთ კავკასიაში შექმნილი მოცემულობის პირობებში, რკინიგზის გახსნა საქართველოსთვის შესაძლოა, უფრო სარისკო იყოს, ვიდრე სასარგებლო. მაგრამ ცალსახად ამის მტკიცება რთულია. ამდენად, სანამ გადაწყვეტილება მიიღება, რამდენიმე გარემოება უნდა შეჯერდეს“ - ამბობს გობრონიძე და ამ კონტექსტში რამდენიმე საკითხზე ამახილბეს ყურადღებას: რას მივიღებთ თანხმობის სანაცვლოდ? რამდენად დაემუქრება ეს ჩვენს ეკონომიკურ–პოლიტიკურ პოტენციალს? ჩვენს სუვერენიტეტს?

ამასთან, მისი თქმით, „თუ სანდრო პარტნიორები ვართ, გადაწყვეტილება პარტნიორებთან კონსულტაციების გარეშე არ უნდა მივიღოთ“: „მაგალითად, ჩვენ ვიცით აშშ–ირანისა და აშშ–რუსეთის ურიერთობების თავისებურებები. რუსეთი საქართველოსა და ამერიკისთვის საერთო პრობლემაა, თუცა სხვადასხვა კონტექსტში. ირანი ასევე გამოწვევაა აშშ–სთვის და კავკასიაში მისი შესაძლო აქტივობა გარკველ სიფრთხილეს ჩვენშიც უნდა იწვევდეს“.

საბოლოო ჯამში, გობრონიძის აზრით, უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა გვინდა და ვიცოდეთ, რომ ამ რაღაცისთვის ფასის გადახდა მოგვიწევს.

„თუ არ გავხსნით რკინიგზას, გაზრდილ რუსულ ზეწოლასთან მოგვიწევს გამკლავება და ამისთვის პარტნიორების მობილიზება გვჭირდება, იგივე უსაფრთხოების გარემოს გაუარესების, ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში პროვოკაციების, პირდაპირი მუქარის შემთხვევაში. თუ ჩვენი წინააღმდეგობა მოკავშირის ინტერესებსაც ემსახურება, იმისთვის, რომ რეგიონში მოკავშირისთვის მიუღებელი რამ არ მოხდეს, მან დაცვაც უნდა შემოგვთავაზოს და ჩვენ ამას არ უნდა შევეწიროთ. ამრიგად, რისკებთან გასამკლავებლად სერიოზული დიპლომატიური ძალისხმევა გვჭირდება“ – დასძენს "აქცენტთან" მკვლევარი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები