ნატო - სოხუმისა და ცხინვალისთვის: რეალური საფრთხე, თუ კრემლის "ბუა"?

29-11-2020 02:18:16 კონფლიქტები

ყოველ ჯერზე, როცა საქმე ნატო-საქართველოს თანამშრომლობას ეხება, – იქნება ეს ერთობლივი წვრთნები, ქართულ პორტში გემების შემოსვლა თუ სხვა რამ, - მოწმენი ვხდებით საპროტესტო განცხადებებისა რუსეთიდან, ცხინვალიდან და სოხუმიდან. ამჯერადაც, ორიოდ დღის წინ, აფხაზურ საგარეო საქმეთა “სამინისტროში” ჟენევის თანათავმჯდომარეებთან გამართულ შეხვედრაზე აფხაზურმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა “საქართველოს მილიტარიზაციის პროცესის, კერძოდ, საქართველო-ნატო-ს ფორმატში გამართული წვრთნების, შავი ზღვის აკვატორიაში ამერიკული ხომალდის ამასწინანდელი შემოსვლისა და რიგი სხვა გარემოებების” გამო, რომლებიც, სოხუმის აზრით, “შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს რეგიონში არსებულ ვითარებაზე». მაგრამ აი, რა იგულისხმება ამ “ნეგატურ ასახვაში” – მსგავსი განცხადებების ავტორები, როგორც წესი, არ აზუსტებენ. ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლები კი ამ ფონზე ნატო-სა და ალიანსთან საქართველოს დაახლოებას საფრთხედ მიიჩნევენ, თუმცა რა კონკრეტული მიზეზით – თავადაც არ იციან.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი შიშები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის (მადლობა ღმერთს, მცირე) ნაწილსაც აქვს. და ეს შიში მხოლოდ ერთ რამეს ემყარება – რუსეთის სადეზინფორმაციო პროპაგანდას, რომელსაც აქტიურად ახორციელებენ როგორც თავად მოსკოვი, ისე მის მიერ ამა თუ იმ გზით მართული გარკვეული პოლიტიკური ძალები, მედიასაშუალებები, ცალკეული საზოგადო თუ სხვა მოღვაწეები საქართველოში. მათი ძირითადი ნარატივები ასეთია: “ნატო-სთან თანამშრომლობამ შესაძლოა, რუსეთის მხრიდან მორიგი სამხედრო აგრესია გამოიწვიოს იმ ფონზე, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს უსაფრთხოების გარანტი არ არის”, “საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ ოკუპირებულ რეგიონებზე უარის თქმა მოუწევს" და ა.შ. კიდევ ერთი “ფავორიტი” ნარატივი, რომელსაც ანტიდასავლელები კრემლის საამებლად საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეფერხებისთვის იყენებენ, ასე ჟღერს: “ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში საქართველოს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებისა და მისი მეშვეობით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღგენის შანსი გაუჩნდება”.

და გამოდის საინტერესო სურათი: თუ ქართველებს პრორუსი ანტიდასავლელები ნატო-ში ინტგრაციის კურსს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ლამის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად წარუდგენენ, აფხაზებს პირიქით, არწმუნებენ, რომ სწორედ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია შეუქმნით მათ “დამოუკიდებლობის” დაკარგვის საფრთხეს... ვფიქრობ, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ორივე ეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ცრუ ნარატივი და ორივე ერთ მიზანს ემსახურება: კრემლს არ სურს სხვისი გავლენა ტერიტორიებზე, რომლებსაც საკუთარი გავლენის სფეროებად განიხილავს.

ამ მიზანს რუსეთი დიდი ხანია, აღარ მალავს. კრემლმა, რომელიც ოდესღაც თავს თბილისის წინაშეც ისეთივე “მეგობრად” ასაღებდა, როგორადაც 1990-იანი წლებიდან - სოხუმისა და ცხინვალის წინაშე, მყისიერად ჩამოიხსნა “მეგობრული” ნიღაბი, როგორც კი საქართველომ მოსკოვის დესტრუქციული და სულაც არა მეგობრული ქმედებების ფონზე საკუთარი პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო და სხვა სახის კავშირების დივერსიფიცირება გადაწყვიტა და მზერა დასავლეთსკენ მიაპყრო. სხვათა შორის, 2008 წლის ცნობილ ტრაგიკულ მოვლენებშიც მოსკოვის მთავარ მიზნებს შორის სულ მცირე, ერთი იგივეში მდგომარეობდა. მტკიცებულებები იმისა, რომ იმ ომის მიზეზებს შორის, რომლის შედეგადაც სოხუმმა და ცხინვალმა კრემლის ყაიდის “დამოუკიდებლობა” მიიღეს, წამყვანი სწორედ კრემლის ინტერესი იყო, სადღეისოდ უკვე მრავლად მოიპოვება. დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ეს ყველაფერი დიდი ხანია, შეისწავლეს, დაამტკიცეს და გამოაქვეყნეს კიდეც. ხოლო ჩვენი მკითხველების იმ ნაწილს, რომელსაც ვრცელი ანალიტიკური სტატიების კითხვა ეზარება, ვთავაზობთ, გაეცნონ განცხადებას, რომელიც, სიმოკლის მიუხედავად, სრულიად ნათლად ასახავს მოსკოვის მთავარ მიზნებს 2008 წლის ცნობილი მოვლენებისას. “მაშინ – 2008-ში რომ სიმტკიცე არ გამოგვეჩინა, უკვე სულ სხვა გეოპოლიტიკური სურათი გვექნებოდა და მთელი რიგი ქვეყნები, რომლებსაც ფაქტობრივად ძალით ექაჩებოდნენ ნატო-ში, მაღალი ალბათობით, უკვე მასში იქნებოდნენ” – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა – ანუ სწორედ მან, ვინც მართალია, ფორმალურად, მაგრამ მაინც აწერდა ხელს 2008-ში რუსული მხარის მიერ მიღებულ ყველა შესაბამის გადაწყვეტილებას.

მას შემდეგ 12 წელი გავიდა. საქართველო ნატო-ს წევრი ჯერ ვერ გახდა, თუმცა აგრძელებს წინსვლას ალიანსთან დაახლოების გზაზე. მოსკოვი კი კვლავინდებურად ყოველმხრივ ცდილობს ამაში თბილისის შეფერხებას და არ მალავს თავის ინტერესს, ერთადერთი “ბატონი” იყოს სამხრეთ კავკასიის და რეგიონი არავის “გაუყოს”. რუსეთის წარმომადგენლები კვლავინდებურად ცდილობენ საქართველოზე ზეწოლას, ამავდროულად არწმუნებენ საქართველოს მოსახლეობას, “NATO თბილისის ინტერესებისთვის არავისთან იომებსო” და თან სოხუმსა და ცხინვალს აშინებენ ცრუ ნარატივებით, “ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე მორიგი თავდასხმისთვის სჭირდებაო”.

რაღა თქმა უნდა, რეალურად, საქმე სულ სხვაგვარადაა. ნატო-ს გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი კრემლის ცრუ ნარატივების გაბათილებისას ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ საქართველოს, რომელიც აქტიურადაა ჩართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, ცალმხრივად აქვს აღებული ვალდებულება, ტერიტორიული კონფლიქტების მოსაგვარებლად ძალა არ გამოიყენოს, მაშინ, როცა რუსეთი ამ დრომდე არ იღებს ვალდებულებას საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენების თაობაზე.

“ნატო პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღირებულ საზღვრებში. ამასთანავე, ალიანსის წარმომადგენლებს არაერთგზის უთქვამთ, რომ საქართველო პატივისცემასა და შექებას იმსახურებს მოთმინებისთვის და ჟენევაში აღებული ვალდებულებების ერთგულებისთვის” – ამბობს აპატურაი. მისივე თქმით, საქართველოს ნატო-სთან დაახლოების კურსი ნიშნავს, რომ ქვეყანა აძლიერებს თავის დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და კანონის უზენაესობას უსაფრთხოების სექტორის მოდერნიზებასთან ერთად. ამ ყველაფრის მიზანი კი იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფო ერთის მხრივ, კიდევ მეტად განვითარებული გახდეს და მეორეს მხრივ, კიდევ უფრო მაღალი პასუხისმგებლობის მქონეც. “ამდენად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლები საქართველოს თანამედროვე ევროპულ დემოკრატიად ქცევას არა საფრთხედ, არამედ პირიქით, პოზიტიურ მოვლენად უნდა აღიქვამდნენ, რომელიც უკეთესი მომავლის იმედს ქმნის” – განმარტავს აპატურაი.

იმის შესახებ, რეალურად რაში მდგომარეობს საქართველოს ინტერესი ნატო-სთან დაახლოების მიმართულებით და ვის რით შეიძლება, ეს “ემუქრებოდეს”, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერ სერგი კაპანაძესაც გავესაუბრეთ.

ს.კ.: NATO–ში გაწევრიანება საქართველოსთვის პირველ რიგში, ღირებულებითი საკითხია: დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრირებული დემოკრატიული სახელმწიფო – ეს საქართველოსთვის მომავლის პროექტია. ეს არის ის, რისიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სჯერა, - ასეთი იდენტობა გვაქვს და ამიტომ გვინდა, რომ ამ ერთობის წევრები ვიყოთ.

ასევე ვიცით, რომ ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებაში, რომელიც NATO–ში გაწევრიანდა, რუსეთის დამოკიდებულება შემდეგ გაცილებით მოკრძალებული იყო: ნაკლებად გასჩენია კრემლს ამ ქვეყნებში შეჭრის, მათი დაპყრობის, მათ საშინაო საქმეებში ჩარევის სურვილი.

ამგვარად, NATO–ში გაწევრიანებისკენ სწრაფვა არაა კავშირში ძალის გამოყენებასთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა თუ რაიმე სხვა მილიტარისტულ გეგმებთან.

- რა იგულისხმება, როცა ვამბობთ, რომ ეს არავის წინააღმდეგ არაა მიმართული?

- NATO–ში გაწევრიანებით არც ჩვენ და არც NATO ვაპირებთ, მაგალითად, თავს დავესხათ რუსეთის ფედერაციას, ან ძალის გამოყენებით აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ანუ, NATO–ს ომისთვის გამოყენება ჩვენი ამოცანა არ არის და გარდა ამისა, ეს თავისთავადაც შეუძლებელია.

- და მაინც, ყოველ ჯერზე, როცა საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ეგიდით მიმდინარე წვრთნებში მონაწილეობს, სოხუმი და ცხინვალი საპროტესტო განცხადებებს ავრცელებენ, ირწმუნებიან, რომ ეს წვრთნები მთელს რეგიონს უქმნის საფრთხეს. რატომ არის ეს მოსაზრება მცდარი?

- იმიტომ, რომ ჯერ ერთი, არც ერთი მსგავსი წვრთნა არაა თავდასხმითი ხასიათის; მეორე – ესაა თანამშრომლობის გამოვლინება და არა „კუნთების თამაში“. გარდა ამისა, ყველას ესმის, რომ NATO რუსეთთან კონფლიქტში შესვლას არ აპირებს. პირიქით, ეს წვრთნები ტარდება იმისთვის, რომ ჩვენი არმია იყოს მზადყოფნაში, ანუ ჩვენი მთავარი ამოცანა თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაა.

რაც შეეხება ხსენებულ განცხადებებს, ეს რუსული პროპაგანდის ნაწილია, მცდელობა, შეაშინონ საკუთარი მოსახლეობა და კიდევ ერთხელ გაამართლონ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული დოქტრინა, რომ «NATO მათთვის სახიფათოა», რომ «დასავლეთისგან მუდმივად მომდინარე საფრთხის გამო» არ აქვთ დემოკრატია, განვითარება, რომ ამის გამო უჭირთ და ა.შ... ხან NATO «ემუქრებათ», ხან აშშ, ხან სხვა... სამწუხაროდ, ამ პროპაგანდის ქვეშ აცხოვრებენ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მოსახლეობას სისტემატიურად.

- თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველო მიიღეს ნატო-ში გერმანულის მსგავსი მოდელით (წესდების მე-5 მუხლის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუვრცელებლად). რას შეცვლის ეს აფხაზეთისთვის, რომელიც, როგორც ცნობილია, მისი “დამოუკიდებლობის” შენარჩუნებისა და ფართო საერთაშორისო აღიარებისკენ ისწრაფვის? დადგება თუ არა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში მისი “დამოუკიდებლობა” ავტომატურად საფრთხის ქვეშ?

- მე–5 მუხლის დროებით არგავრცელება ნიშნავს იმას, რომ საქართველო გახდება NATO–ს წევრი, მისი ტერიტორიული მთლიანობა კვლავინდებურად იქნება აღიარებული, ოღონდ NATO გააკეთებს დათქმას, რომ არ აპირებს, საქართველოზე თავდასხმად განიხილოს ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაცია, იქ რუსეთის ყოფნა და შესაბამისად, არ გამოიყენებს ძალას, გააგრძელებს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის პატივისცემას და ამ პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების მცდელობას. დროებით მე–5 მუხლი მხოლოდ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შეეხება.

- როგორ, რა პირობებით მოხდება შემდგომში ალიანსის წესდების მე-5 მუხლის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე გავრცელება?

- მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონფლიქტი მშვიდობიანი გზებით მოგვარდება, უნდა მოხდეს NATO–ს მიერ საქართველოს მთელი ტერიტორიის დაცვა. მაგრამ აქაც ბევრნაირი დათქმა და შუალედური გადაწყვეტილება შეიძლება, არსებობდეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, NATO არ არის საფრთხე არც აფხაზეთის და არც ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის. დღეს მათთვის საფრთხე მხოლოდ რუსეთია.

დიანა მუსელიანი, ეკა ცანავა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები