მელაშვილსა და ილიჩოვას თავდებში 200–ზე მეტი ადამიანი უდგება

30-11-2020 11:43:22 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის სხდომა იწყება.

როგორც მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, დაცვის მხარემ სასამართლოზე მიიტანეს 214 ადამიანის ხელმოწერა, რომლებიც ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას თავდებში უდგებიან.

სხდომის პარალელურად საქალაქოს სასამართლოსთან აქცია გაიმართება.

"ჩვენ წარვადგენთ ახალი ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ადასტურებს, რომ სადავო რუკები, რომლის არგამოყენებისთვისაც მისცეს პასუხისგებაში ბრალდებულები, კარტოგრაფიულად, მასზე დატანილი მონაცემები სრულ აცდენაშია რეალობასთან. ეს კიდევ ერთხელ ამყარებს ბრალდებულების პოზიციას, რომ მათ შეამოწმეს ეს რუკები, რომ იყო გამოუსადეგარი", - განაცხადა ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა პროცესის დაწყებამდე.

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს",– განაცხადა ადვოკატმა.

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე” დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.

ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები