რუსეთთან ერთიანი სივრცე: აფხაზეთის “სახელმწიფოებრიობის” განმტკიცება, თუ დასასრულის დასაწყისი?

01-12-2020 00:46:08 კონფლიქტები

მოსკოვიდან ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გამოგზავნილი, თუმცა თითქმის ერთი წლის განმავლობაში სადღაც აფხაზური “პარლამენტის” ჯურღმულებში “ჩაკარგული” (და იქაც “დეპუტატთა” უმრავლესობისგან გასაიდუმლოებული) სკანდალური დოკუმენტის სრული ტექსტი, როგორც იქნა, ხელმისაწვდომი გახდა საზოგადოებისათვის. ახლა უკვე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, გაეცნოს იმას, თუ რა მომავალს უმზადებს აფხაზ ხალხს “სანდო მეგობარი” და “სტრატეგიული პარტნიორი”.

“რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის” შინაარსის გამოქვეყნების შემდეგ უკვე დანამდვილებითაა ცნობილი, რომ საუბარია აფხაზური კანონმდებლობების რუსულთან (ნაწილობრივ კი – ევრაზიის ეკონომიკური კავშირის კანონმდებლობასთან) “ჰარმონიზაციაზე” პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. მითითებულია კონკრეტული ვადებიც, რომელიც კრემლმა სოხუმს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებისთვის განუსაზღვრა – 2-3 წელი. ამ დროის განმავლობაში დაგეგმილია აფხაზური კანონმდებლობის რუსულთან ჰარმონიზაცია კერძოდ, ეკონომიკისა და ფინანსების (საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკა, საგარეო ეკონომიკური და საბანკო საქმიანობა, ინვესტიციების დაცვა) სფეროებში, საბაჟო სამართლის, ენერგეტიკის, სოციალური სფეროს (მედიცინა, განათლება, სოციალური დაცვა) მიმართულებით. საბოლოო მიზნად კი ღიად, ცალსახად და დაუფარავად არის მითითებული “აფხაზეთის რესპუბლიკის სრულფასოვანი მონაწილეობა საინტეგრაციო პროცესებში, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ინიციატივით ან მხარდაჭერით ხორციელდება” – ანუ ის, რაც აშკარად არ შედიოდა არც ერთი იმ აფხაზის გეგმებში, რომელმაც თავის დროზე “დამოუკიდებლობისთვის” იბრძოლა. ამდენად, ეს ყველაფერი დაღუპულთა ხსოვნის შეურაცხყოფად აღიქმება.

დოკუმენტს, როგორც გაირკვა, ჯერ კიდევ 12 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აფხაზეთის “პრეზიდენტ” ასლან ბჟანიას სოჭის შეხვედრაზე მოეწერა ხელი. აი, მისი გაფორმების შესახებ ინფორმაცია კი სრულ ტექსტთან ერთად მხოლოდ 11 დღეში - 23 ნოემბერს გამოქვეყნდა, რამაც საზოგადოებაში თავისთავად გამოიწვია ეჭვები. ხოლო სრული ტექსტის გაცნობის შემდეგ სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში ნამდვილი ქარიშხალი ამოვარდა. ბევრმა კომენტატორმა “პროგრამის” მიღება” აფხაზეთის ჩაბარებად” შერაცხა და ხელმომწერებს “აფხაზი ხალხის მოღალატეები” უწოდა.

“აი, ასე აბარებენ სამშობლოს! კარგად დაიმახსოვრეთ: როცა მშივრები უკანასკნელ კაპიკებს ყველაფერში უცხოურ კომპანიებს გადავუხდით, ამის ხელმომწერი ჩინოსნები უკვე მოსკოვში ისხდებიან თავის თბილ ბინებსა და სახლებში!” - წერს აღშფოთებული აფხაზი ინტერნეტ-კომენტატორი.

თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ “პრეზიდენტ” ბჟანიას, რომელიც მაღალი ალბათობით, მშვენივრად აცნობიერებს აფხაზეთისთვის ამ დოკუმენტის დამღუპველობას და რისკავს, ისტორიაში “მოღალატედ” შევიდეს, მისი ხელმოწერა კრემლის ღია და უძლიერესი ზეწოლის შედეგად მოუწია. შევახსენებ ჩვენს მკითხველს ტურისტული სეზონის წინ ფსოუზე “საზღვრის” ჩაკეტვას, აფხაზეთში კოვიდ-ინფიციცებულთა რაოდენობის ზრდის ფონზე რუსეთის მიერ “სტრატეგიული მეგობრისთვის” მოწყობილ ფაქტობრივ სამედიცინო ბლოკადას, მოსკოვის გადაწყვეტილების გამო წარმოქმნილ გრძელ რიგებში რისკ-ჯგუფში შემავალი პენსიონერების ჩაყენებას და ბევრ სხვა “სიკეთეს”, რომელიც რუსეთმა სოხუმს დაფინანსების სრულად შეწყვეტის ფონზე მოუწყო. შეგახსენებთ იმასაც, რომ რუსეთის მხრიდან დამოკიდებულების მკვეთრი შეცვლის ფონზე ბჟანიას გუნდი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების დივერსიფიცირებისკენ ნაბიჯების გადადგმას შეეცადა, დაიწყო რა საუბარი თბილისთან თანამშრომლობასა და დიალოგზე. თუმცა მყისიერად წამოვიდა რეაქცია მოსკოვიდან – და “სტრატეგიულმა პარტნიორმა” ჭანჭიკებს კიდევ უფრო მეტად მოუჭირა.

ახლა, თანამოქალაქეთა მხრიდან ხისტი რეაქციის მოლოდინში ასლან ბჟანია აპელირებს 2014 წლის 24 ნოემბრის ე.წ. დიდ ჩარჩო-ხელშეკრულებაზე, აცხადებს რა, რომ ყველაფერი, რაც მის მიერ 12 ნოემბერს პუტინთან ხელმოწერილ “პროგრამაში” ჩაიდო, იმ დიდი ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს და მის “ლოგიკურ გაგრძელებას” წარმოადგენს. “პრეზიდენტის” პრეს-სამსახური კი არწმუნებს მოსახლეობას, რომ ამ “პროგრამის” რეალიზების შედეგად “აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობა განმტკიცდება”, ხოლო “კეთილდღეობა და მოსახლეობის ცხოვრების დონე ამაღლდება”. თუმცა აფხაზეთში დიდად არც პირველის სწამთ, არც მეორესი. მით უფრო, რომ “პროგრამის” რიგი პუნქტები, რომლებიც ვითომდა 2014 წლის დოკუმენტის “ლოგიკური გაგრძელებაა”, არასასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა ბევრისთვის, ვინც თავის დროზე “დიდი ხელშეკრულების” განხილვებში უშუალოდ მონაწილეობდა. გარდა ამისა, გაირკვა ისიც, რომ “პროგრამა” მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი პროექტისგან, რომელიც აფხაზმა ექსპერტებმა დოკუმენტის ხელმოწერამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე განიხილეს.

მაგალითად, “სამთავრობოთაშორისი” კომისიის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ არ ესმის, საიდან წარმოეშვა აფხაზეთს რუსეთის წინაშე “ვალდებულება”, შეასრულოს მოსკოვიდან გამოგზავნილი პუნქტები, რომელთაგან სულ მცირე, 5, მისი შეფასებით, “აფხაზეთის ეროვნულ ინტერესებს ეხება”:

აფხაზი ეკონომისტი ახრა არისთავა კი, რომელიც 2014 წლის დიდი ჩარჩო-ხელშეკრულების მომზადება-ხელმოწერის პერიოდში აფხაზეთის ეკონომიკის “მინისტრის” მოადგილედ მუშაობდა, იმაზე მიუთითებს, რომ იმ დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი მუხლი “ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობა” იყო და ყველა დანარჩენი საკითხი აქედან გამომდინარე უნდა გადაჭრილიყო, თუმცა რეალურად, ყველაფერი სხვაგვარად მოხდა: “მაშინ, 2014-ში ჩვენ დავიცავით, მაგალითად, აფხაზეთის რესპუბლიკის განსაკუთრებული მდგომარეობა საგადასახადო და საბაჟო საკითხებში. ხოლო თუ ახალ დოკუმენტს [“პროგრამას" – რედ.] გადაშლით, მასში ეს თავები საერთოდ აღარ ფიგურირებს”.

საგადასახადო კანონმდებლობის ჰარმონიზაციის რისკებზე საუბრისას აფხაზი ეკონომისტები კერძოდ, აღნიშნავენ, რომ მათი რუსი კოლეგები “აფხაზურ რეალობას ყოველთვის კარგად როდი იცნობენ” და თუ რუსეთის მოქალაქეები მაგალითად, 20%-იან დღგ-ს იხდიან, ნაკლებ სავარაუდია, აფხაზებმა ასეთ საგადასახადო დატვირთვას გაუძლონ. ამ კონტექსტში ისინი მიუთითებენ რუსეთში ცოტა ხნის წინ ამოქმედებულ წესზეც, რომლის თანახმად, ქვეყანაში დაშვებულია პირადი სარგებლობისთვის 500 ევროს ღირებულების საქონლის დაუბეგრავად შეტანა, მაშინ, როცა აფხაზეთში ეს მაჩვენებელი 150 ათასი რუბლითაა განსაზღვრული, ახლა კი, უნიფიკაციის ვალდებულების გათვალსწინებით, აფხაზურ მხარეს თამასის დაწევა მოუწევს, რაც ნაკლებ სავარაუდოა, ადგილობრივებს მოეწონოთ. ზოგიერთები კი ამ საკითხს აფხაზებისთვის ესოდენ სენსიტიური თემის – რუსეთში ციტრუსების გატანის საკითხის პრიზმაში განიხილავენ და “რუსეთის მიერ ეკონომიკური ბლოკადის დაწესების” შესახებაც კი საუბრობენ. "რა ჯანდაბად გვინდა ეს “პროგრამა”, როცა რუსეთი აფხაზეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ბლოკადის რეჟიმს იყენებს?! ჩვენი ხალხი თავს დიდწილად რუსეთში სუბტროპიკული ნაყოფის გატანით ირჩენდა. ახლა რუსეთმა აღნიშნული პროდუქციის მხოლოდ 25 კგ-ის ფარგლებში შეტანის წესი აამოქმედა – თუ ამაზე მეტის გატანა გსურთ, 1 კგ-ში 4 ევროს გადახდა მოგიწევთ!" - წერს ერთ-ერთი აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებელი.

და სხვათა შორის, აფხაზეთის მიმართ რუსეთის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური დამოკიდებულების შესახებ მოსაზრებას ზოგიერთი რუსი კომენტატორებიც იზიარებენ. ცოტა ხნით “პროგრამის” საკითხს რომ გადავუხვიოთ, მოვიყვან ამონარიდებს აფხაზურ ციტრუსებთან დაკავშირებული სიტუაციით აღშფოთებული რუსი ავტორის სტატიიდან. მასში საკმაოდ ნათლად კეთდება მინიშნება იმაზე, რომ რუსეთი “სტრატეგიული პარტნიორის” - აფხაზეთის განვითარებას მიზანმიმართულად აფერხებს: “გარკვეული დროიდან აფხაზეთიდან რუსეთში ციტრუსების შეტანის ნორმა ერთ ადამიანზე 5 კგ-ითაა განსაზღვრული. [...] ეს რა არის? - კვლავ ბრძნული პოლიტიკა “ჩვენ თავად მოგცემთ ფულს იმისათვის, რომ თქვენი ფული არ გქონდეთ – ვაი და აფხაზეთის განვითარების საქმეში წარმატებას მიაღწიოთო”?! [...] თუ ციტრუსებით ვიმსჯელებთ, რუსეთი აფხაზეთის კი არა, მაროკოს მეგობარია. [...] და რა იქნება ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობების შემდეგი ეტაპი? რუსეთში აფხაზური მანდარინისა და ხურმის დაწვას დაიწყებენ, როგორც წლებია, წვავენ ევროკავშირიდან შემოტანილ ყველსა და სხვა პროდუქტს? კიდევ რა ფაროსანას აღმოაჩენენ აფხაზურ პროდუქტში რუსი სპეციალისტები, რომლებიც დაჟინებით არ იმჩნევენ ფაროსანას არსებობას თავად რუსეთში? [3 წლის წინ როსსელხოზნადზორმა აფხაზეთიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რუსეთში შეტანა ერთხელ უკვე შეაჩერა - ფაროსანას აღმოჩენის მოტივით, რომელიც, სხვათა შორის, რუსეთშიც მშვენივრად ბინადრობს და არცაა ქვეყანაში აკრძალული – რედ.]. რუსი ჩინოსნების კიდევ რა ახალი განკარგულებები შეუწყობს ხელს აფხაზეთის ეკონომიურ წარუმატებლობას, ჩვენს მიმართ რუსეთის მეგობრული დამოკიდებულების შესახებ ყველა განცხადების მიუხედავად?”.

ავადსახსენებელ “პროგრამას” რომ დავუბრუნდეთ, აფხაზებს არც ელექტროქსელებისა და მთლიანობაში აფხაზური ენერგეტიკის ტარიფიკაციის შესახებ პუნქტი მოუვიდათ თვალში. “თუკი ასე სვამენ საკითხს, ჩვენც ხომ შეიძლება, გვაინტერესებდეს პერსპექტივაში რუსული გაზის, რუსული ნავთობპროდუქტებისა და ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსების ტარიფიკაცია? ტარიფებისა და გადასახადების ზრდასთან დაკავშირებული ყოველი ნაბიჯი ხომ მოსახლეობის სოციალურ დაცულობაზე, ცხოვრების დონეზე აისახება, ამ ვითარების საექსპერტო შეფასების გარეშე კი საქმე ყოველთვის პოლიტიკურ კრიზისამდე მიდის” – ამბობს ეკონომისტი ახრა არისტავა.

“პროგრამაში” აფხაზური საზოგადოებისთვის მიუღებელი კიდევ ერთი პუნქტი ეხება აფხაზეთში მანკიერი რუსული პრაქტიკის დანერგვას არაკომერციული ორგანიზაციების უცხოეთის აგენტებად გამოცხადების თაობაზე (რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ შესაბამისი რუსული კანონი უკვე რამდენჯერმე გაამკაცრა და ხელისუფლებისთვის არახელსაყრელი ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია თუ მედიასაშუალება კანონის საფუძველზე რეპრესიებს ექვემდებარება). “რუსი ჩინოსნები – ეს უკვე მსოფლიო ლიტერატურის ნაწილია. ის, თუ როგორ ესმით და როგორ იცავენ ისინი კანონებს, საყოველთაოდაა ცნობილი. აფხაზეთისთვის კი “პროგრამის” ეს პუნქტი პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ცხოვრების წესის, ჩვენი მენტალობის დაცვას: ჩვენთან ხალხი სიმართლის პირში თქმასაა მიჩვეული და მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაც ვიღაცას უცხოეთიდან აფინანსებს, აფხაზეთის მოქალაქეს ხმას ვერ ჩააგდებინებ!” – აღნიშნავს ამასთან დაკავშირებით ახრა არისთავა.

მოსკოვის მიერ დოკუმენტში ჩადებულ ერთ-ერთ მთავარ “წყალქვეშა რიფად” კი მიიჩნევა პუნქტი აფხაზეთში რუსი ინვესტორების ინტერესების დაცვის თაობაზე. ეს ეხება როგორც სტრატეგიულ ობიექტებს, ისე მიწასა და სხვა უძრავ ქონებას, რომელთა უცხოელებისთვის (ცხადია, აქ უმთავრესად რუსეთის მოქალაქეები იგულისხმებიან) გასხვისებას აფხაზები ბოლო წლების განმავლობაში მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდნენ.

ადგილობრივი სპეციალისტები, რომლებმაც 2020 წლის 12 ნოემბრის “პროგრამა” გულდასმით შეისწავლეს, მას “ცალმხრივად” თვლიან და მიუთითებენ, რომ რუსული მხარის ინტერესები ამ დოკუმენტში “კარგადაა დაცული”, აი აფხაზურის კი - “არადამაჯერებლად”. მათი აზრით, აფხაზეთისთვის აუციელებლია, გააჩნდეს განვითარების საკუთარი გეგმა – მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი, - მაშინ “სტრატეგიულ მეგობართან” საუბარი გაცილებით მარტივი იქნება. მაგრამ მსგავსი გეგმის არარსებობის პირობებში აფხაზეთი სხვისი გეგმის ნაწილად იქცევა - რუსულისო.

ეს ბანალური ჭეშმარიტებაა და რა მოიმოქმედოს მასთან დაკავშირებით – აფხაზეთის მოსახლეობის გადასაწყვეტია.

“ხელისუფლებას რისთვის ირჩევენ? - იმისთვის, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ინტერესი დაიცვას. რა უნდა გააკეთოს ამ სიტუაციაში ჩვენმა ხელისუფებამ? - უნდა შეეცადოს, დაარწმუნოს რუსეთის ხელმძღვანელობა, შეცვალოს წესები აფხაზეთის მიმართ, რომელიც მხარს უჭერს რუსეთს და დაკავშირებულია მასთან სტრატეგიული პარტნიორობით. მაგრამ ვატყობ, თქვენ, ბატონო პოლიტიკოსებო, საკუთარ ხალხს იმ დონემდე მიიყვანთ, რომ მორიგ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე აღარც მივა, ეს კი ჩვენი სახელმწიფოს დეფოლტი იქნება" – ასკვნის ერთ-ერთი აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებელი.

ეკატერინე ცანავა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ღია საინფორმაციო პარტნიორობის (OIP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები