03-12-2020 12:18:22 პოლიტიკა ,საგარეო პოლიტიკა ,კომენტარი
აშშ–ში საქართველოს ყოფილი ელჩის თემურ იაკობაშვილის განცხადებით, აშშ–ში ითვლება, რომ მათ საქართველოში პარტნიორი არ ჰყავთ და ესაა მნიშვნელოვანი პრობლემა.
„ამერიკაში ითვლება, რომ საქართველოში არ ჰყავთ პარტნიორი: არ იციან, ვის ელაპარაკონ. აქ ოფიციოზზე არ არის საუბარი. გასაგებია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაელაპარაკებიან და ა.შ. მაგრამ ეს არ არის პარტნიორობა. პარტნიორი არის ადამიანთა ჯგუფი, პოლიტიკური ძალა, რომელსაც ენდობი, რომელთანაც შეგიძლია, გარკვეულ გადაწყვეტილებებს მიაღწიო და ეს გადაწყვეტილებები შესრულდება. ამერიკაში მიაჩნიათ, რომ საქართველოში მათ ასეთი პარტნიორი არ ჰყავთ და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა“,– განაცხადა იაკობაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.
მისი თქმით, სადღეისოდ „ქართულ ოცნებაში“ არ არის ფიგურა, რომელსაც ამერიკელებთან სერიოზული ურთიერთობა აქვს:
„სხვათა შორის, ეს ყოველთვის ასე არ იყო: მათ კვირიკაშვილთან დალაგებული ჰქონდათ ურთიერთობები – მეტ–ნაკლებად რაღაცეები სრულდებოდა და მათაც ესმოდათ, რომ კვირიკაშვილს რაღაცეები არ შეუძლია. დღეს კვირიკაშვილისნაირი ფიგურაც არ არის. ადრე იქ [„ქართულ ოცნებაში“ – რედ.] იყო ირაკლი ალასანია [თავდაცვის ყოფილი მინისტრი – რედ.], დავით უსუფაშვილი [პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე – რედ.], თინა ხიდაშელი [თავდაცვის ყოფილი მინისტრი – რედ.] – არც ერთი მათგანი „ქართულ ოცნებაში“ აღარაა. ასევე არ არის არც ერთი ფიგურა, რომელსაც ამერიკელები იცნობენ. ამდენად, გუნდიდან რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, ამერიკასთან სერიოზული ურთიერთობა არც ერთს არ აქვს“.
იაკობაშვილმა ამერიკლეებზე დაყრდნობით ისაუბრა, თუ როგორ ცდილობდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამერიკლეებთან ურთიერთობის „დალაგებას“:
„ყველა შეხვედრამ ამერიკელებში ძალიან ცუდი განცდა დატოვა (არ მინდა ცუდი სიტყვის ხმარება), მაგრამ ფაქტია, რომ რაც მათ შეჰპირდა, ძალიან ბევრი რამ არ შესრულდა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებები (ამერიკელების მონაყოლიდან ვამბობ), „ხომ იცით, რა გიჟებთან მაქვს საქმეო“ (გულისხმობდა თავის გუნდს და არა ოპოზიციას); ამერიკელებთან ჩიოდა, „სააკაშვილმა წაიყვანა კარგი ხალხი და მე დამრჩა ის, რაც დამრჩა და მაცალეთ, დავალაგო და ა.შ.“... აცალეს, მაგრამ ვინც კი პროდასავლური იყო, გაყარა ან გაექცა – რეალობა ისაა, რომ საქართველოში ამერიკას არ ჰყავს პარტნიორი. ისინი ძალიან კარგად იცნობენ ოპოზიციას, მათთან უმუშავიათ კიდეც. არ ვგულიხმობ მხოლოდ ენმ–ს და „ევროპულ საქართველოს“. იგივე პრობლემაა ევროპასთან და სხვებთან მიმართებაშიც. თითო ოროლა ადამიანი – კარგი ელჩი და კარგი მინისტრი ვითარებას არ ცვლის“.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, ამასობაში აშშ–ში ახალი ადმინისტრაცია დაკომპლექტდება, სადაც მრავლად იქნებიან წარმოდგენილი ისეთი ადამიანები, რომლებიც საქართველოს კარგად იცნობენ, მათ შორის არსებობს პირადი კონტაქტებიც, საქართველოდან წარმოგენილმა გუნდმა კი ვითარება უნდა გამოიყენოს:
„საქართველოს უჩნდება კიდევ ერთი საშუალება, შესაძლებლობების ფანჯარა, როცა შეგვიძლია, გამოვიყენოთ ახალი ადმინისტრაციის განწყობები, მაგრამ ამის გამოსაყენებლად საქართველოს სჭირდება ინსტრუმენტი, რაც არის მთავრობა. მან უნდა დაიმსახუროს ჩვენი ევროპელი, თურქი, აზერბაიჯანელი, სომეხი, თუ ვინც არ უნდა იყოს, პარტნიორების ნდობა. დღეს ასეთი პარტნიორობები არ არსებობს, ამიტომ არ მგონია, სანამ ადმინისტრაცია დალაგდება და თითს დაუქნევს, ივანიშვილი ამიტომ მიიღებს გადაწყვეტილებას. მე ვფიქრობ, გადაწყვეტილება მიღებული იქნება არა საგარეო წნეხის გზით, არამედ, შიდა წნეხის გზით და ეს იქნება ყველაზე ჯანსაღი წნეხი. ყველა საგარეო წნეხი მაინც და მაინც კარგი არაა. სჯობს, საქართველოში გაირკვეს ეს საკითხები და არა მის გარეთ“.