Accentnews.ge
“სამოკავშირეო სახელმწიფო”: რა ფასი მოსთხოვა რუსეთმა აფხაზეთს “მშვიდობისთვის”

“სამოკავშირეო სახელმწიფო”: რა ფასი მოსთხოვა რუსეთმა აფხაზეთს “მშვიდობისთვის”

07/12/2020 21:03:57 კონფლიქტები

კორონავირუსული პანდემიის, უშუქობისა და უწყლობის, საპენსიო დავალიანებების, ფსოუს “საზღვარზე” სატვირთოების რიგებისა და უამრავი სხვა პრობლემის მიუხედავად, აფხაზური საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩება მოსკოვიდან გამოგზავნილი დოკუმენტი თითქოსდა პოზიტიური სახელწოდებით, მაგრამ საშიში შინაარსით – ერთგვარი საწამლავი წამლის ბოთლში. «რუსეთისა და აფხაზეთის კანონმდებლობების ჰარმონიზების საფუძველზე ერთიანი ეკონომიკური და სოციალური სივრცის ფორმირების პროგრამა», რომელსაც 12 ნოემბერს სოჭში აფხაზეთის “პრეზიდენტმა” ასლან ბჟანიამ და რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა მოაწერეს ხელი, მოიცავს 45 პუნქტს, რომელთა რეალიზებისთვის მოსკოვმა აფხაზეთს 3 წელი განუსაზღვრა. ფორმალურად, დოკუმენტში საუბარია კანონებსა და ნორმატიულ აქტებზე სხვადასხვა სფეროებში (ენერგეტიკა, განათლება, ჯანდაცვა, სოცუზრუნველყოფა და ა.შ.). თუმცა კანონმდებლობის სიღრმეებში გაუთვითცნობიერებელი ადამიანებისთვისაც კი თვალშისაცემია, რომ დოკუმენტი შეიცავს სერიოზულ რისკებს, თანაც არაერთს და რომ ეს ყველაფერი აფხაზეთს შესაძლოა, ძალზე მძიმედ შემოუბრუნდეს. საზოგადოება, რომლისთვისაც “პროგრამის” ტექსტი მისი მოსკოვიდან გამოგზავნიდან (2019 წლის დეკემბერი) თითქმის ერთ წელიწადში და ხელმოწერიდან თითქმის ორ კვირაში გახდა ცნობილი, დუღს, შეშფოთებულია და განრისხებული. კითხვა უამრავია, მეტ-ნაკლებად არგუმენტირებული პასუხი - ნული.

ყველაზე მეტ კითხვას კომენტატორთა უმრავლესობაში “პროგრამის” ორმაგ მოქალაქეობასთან, ენერგოკანონმდებლობის შეცვლასთან და სხვა რიგ საკითხებთან დაკავშირებული პუნქტები იწვევს. “არ მტოვებს შეგრძნება, რომ ოროსანი მოსწავლის სიბეცით გადაღლილმა პედაგოგმა გადაწყვიტა, საკონტროლო თავად დაეწერა. და ეს დათვური სამსახურია, მით უფრო, რომ პედაგოგი მისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და არა მოსწავლის” – წერს აფხაზი ბლოგერი იზიდა ჭანია, რომლისთვისაც მოსკოვის წინადადებები – ეს არის “ჰარონიზაცია” რუსული ბიზნესის სასარგებლოდ”. ამ აზრისკენ მას, კერძოდ, ენერგოკანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები უბიძგებს: “ვინაიდან აფხაზური კანონმდებლობა 5 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ენერგოობიექტების პრივატიზებას კრძალავს, რუსი ჩინოსნები მოითხოვენ კანონის შეცვლას, რათა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა და პრივატიზების შესაძლებლობა მიიღონ”. ან, მაგალითად, აფხაზური “მოქალაქეობის” საკითხი რუსეთის მაცხოვრებლებისთვის: “რაში სჭირდებათ მათ აფხაზეთის მოქალაქეობა, რომლითაც რუსეთს იქით ვერსად გახვალ? - მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ აფხაზეთში უძრავი ქონება შეიძინონ!”. და რატომ ეწინაარმდეგებოდნენ ამას აფხაზეთში? - იმიტომ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში აფხაზეთის პრეზიდენტს რუსეთის მოქალაქეები აირჩევენ, ხოლო უძრავი ქონების ფასი იმდენად აიწევს, რომ აფხაზეთის ამჟამინდელი მოქალაქეები საცხოვრებლების პრობლემას ვეღარ გადაჭრიან”, - დარწმუნებულია ჭანია.

რუსული მხარის რეალურ მიზნებთან დაკავშირებით მის ეჭვებს იზიარებს აფხაზური “პარლამენტის” ექს-დეპუტატი ახრა ბჟანიაც. “[…] ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ნებისმიერი დებულების მიღება მხოლოდ უმძიმებს ტვირთს ჩვენს ისედაც არასახარბიელო დემოგრაფიულ მდგომარეობას. […] გარდა ამისა, არც ახლა არსებობს არანაირი წინაღობა ჩვენს მიმართ მეგობრული ქვეყნების, მით უფრო რუსეთის წარმომადგენლების ეკონომიკური, კომერციული თუ ნებისმიერი სხვა სახის საქმიანობისთვის და არ მესმის, რის საფუძველზე ხდება ამ თემის სისტემატიური პედალირება, მით უფრო – ასეთ დონეზე” – ამბობს ბჟანია. მას ევროპული ქვეყნების მაგალითიც მოჰყავს მათი ლიბერალური ეკონომიკით და მიუთითებს იმაზე, რომ მსგავსი შეზღუდვები იქაც არსებობს: “გადამცემი ხაზები – ეს სტრატეგიული რესურსია და ისინი მხოლოდ სახელმწიფოს უნდა ეკუთვნოდეს, რათა X მომენტში მათზე სრული კონტროლი გააჩნდეს”.

გარდა ამისა, მისი აზრით, დოკუმენტში არსებობს “მთლად გაუგებარი” პუნქტებიც, რომელიც აფხაზეთის აბსოლუტურად შიდა რეგულირებებს ეხება (მაინინგ-აღჭურვილობის შეტანის, ენერგომომმარაგებელი კომპანიისა და მომხმარებლების ურთიერთობების, დასაბუთებული ტარიფის დაწესების თაობაზე და სხვ.). “მაშ რა რჩება აფხაზურ მხარეს გადასაწყვეტად?! […] როგორ შეიძლება, საერთაშორისო დოკუმენტი ასეთ ინსტრუქციებამდე დადიოდეს? ეს არ შეესაბამება დიალოგის სახელმწიფოთაშორის დონეს” – ასკვნის ბჟანია.

ერთ-ერთი უძველესი აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციის – ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრ ლიანა ქვარჩელიას მთელი რიგი კითხვები აქვს საზოგადოებრივი ორგანიზციებისა და მედიის საქმიანობის რუსული – დისკრიმინაციული ყაიდით რეგულირების შესახებ პუნქტთან მიმართებაში. იგი მოსკოვის მოთხოვნებს "შიდა საქმეებში ჩარევად” აფასებს, თანაც საკმაოდ საშიშად: «ეს არა მხოლოდ თავისუფლებების სივრცის შეზღუდვაა, არამედ გზავნილიც საერთაშორისო საზოგადოებისადმი (რომელიც ჯერ არ გვაღიარებს, მაგრამ ხედავს სხვაობას აფხაზეთსა და ზოგიერთ სახელმწიფოს შორის, სადაც არასამთავრობო სექტორი არასახარბიელო პირობებშია), რომ აფხაზეთი იხურება”. გარდა ამისა, ქვარჩელიას აზრით, რუსული წინადადებების მიღება უცილობლად აისახება აფხაზეთის სამომავლო აღიარებაზეც: “ამით სიგნალს მივცემთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ პრინციპში, არ ვართ დაინტერესებულები გარე სამყაროსთან კონტაქტით, ხოლო როცა მსგავს არდაინტერესებას იჩენ, მას რა სტიმული უნდა ჰქონდეს, ანგარიში გაგიწიოს, როგორც სუბიექტს?!».

სერიოზულად აშფოთებთ “ჰარმონიზაცია” აფხაზური ბიზნესის წარმომადგენლებსაც, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ 10%-იან დღგ-ს აპროტესტებდნენ. ადგილობრივი ბიზნესმენები შიშობენ, რომ საგადასახადო კანონმდებლობის ჰარმონიზაცია აფხაზურ ბიზნესს საბოლოოდ დაახრჩობს: ის უბრალოდ ვერ გაუძლებს რუსულთან კონკურენციას გადასახადების ზრდის, მათ შორის დღგ-ის 20%-მდე მატების გამო.

პუნქტში «ღონისძიებები» “მაჰარმონიზებელი” ნაბიჯები “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” 2014 წლის ჩარჩო-ხელშეკრულებას ებმის. თუმცა ამის მიზეზები ცოტას თუ ესმის. ვერ იგებს მათ ახრა ბჟანიაც: “[…] იმ ხელშეკრულების არც ერთ თავში არ არის ნახსენები არც ორმაგი მოქალაქეობის საკითხი, არც მიგრაციული პოლიტიკა, არც ენერგეტიკა, არც კრიპტოვალუტის მოპოვება ან არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირება. […] ხელშეკრულებაში საუბარი იყო პოზიციების, კანონმდებლობების დაახლოებაზე რიგ საკითხებში საიმისოდ, რომ უფრო გამჭვირვალედ, მარტივად და ეფექტურად წარმართულიყო საბაჟოს საქმიანობა, ისევე, როგორც საქმიანობა საინვესტიციო და საგადასახადო სფეროებში. ამ ახალი დოკუმენტის კითხვისას კი ვხედავ უბრალოდ ინსტრუქციების კრებულს, რომლის აღსრულება სავალდებულოა ყოველგვარი დაახლოებისა და ჰარმონიზაციის გარეშე”.

უამრავი კითხვა აქვთ დოკუმენტის მიმართ აფხაზ ინტერნეტ-მომხმარებლებსაც. ბევრ მათგანს არ ესმის, რატომ უნდა შეიცვალოს აფხაზური კანონმდებლობა “რომელიმე სხვა სახელმწიფოს კარნახით, მით უფრო – რუსეთის მოთხოვნით, თუკი ის მართლაც მეგობარია, დამცველი და პარტნიორი“. “არავინაა იმის წინააღმდეგი, რომ ჩვენი კანონმდებლობა მწყობრში მოვიყვანოთ. პირიქით – ეს დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო! მაგრამ რუსეთი რა შუაშია? ის რატომ უნდა მონაწილეობდეს ამ პროცესში, თანაც გვკარნახობდეს, რა, როდის და როგორ მივიღოთ?! რატომაა აუცილებელი ჩვენთვის საჭირო კანონების მისაღებად რუსეთთან რაღაც დოკუმენტის გაფორმება?!” - აღშფოთებულია ერთ-ერთი მათგანი.

ამგვარად, მოსკოვიდან გამოგზავნილი დოკუმენტის აფხაზეთის ინტერესებთან შეუსაბამობა ბევრისთვისაა ნათელი. მაგრამ “პრეზიდენტმა” ბჟანიამ, როგორც ჩანს, მოსკოვის ზეწოლას ვერ გაუძლო და პოზიციები უკვე დათმო. თუ ორიოდე კვირის წინ “პროგრამაზე” საუბროსას იგი 2014 წლის ე.წ. დიდ ჩარჩო-ხელშეკრულებაზე აპელირებდა და ირწმუნებოდა, რომ ეს ახალი დოკუმენტი იმ ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, ახლა ბჟანია უკვე პირდაპირ აცხადებს, რომ მოსკოვის მოთხოვნების მიღება – ეს “მშვიდობის საფასურია”. მეტი დამაჯერებლიბისთვის კი იგი მოსახლეობას “სამხედრო საფრთხეებით” აშინებს, რომელიც, როგორც “პრეზიდენტი” ირწმუნება, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა. «იმის გათვალისწინებით, რომ სამშვიდობო შეთანხმება არ გვაქვს, საქართველო კი დღემდე თვლის აფხაზეთს თავის ტერიტორიად და ამაში მას ქვეყნების მნიშვნელოვანი რაოდენობა ეთანხმება, სამხედრო უსაფრთხოების საკითხი წინა რიგში გადმოდის” – განაცხადა “პრეზიდენტმა” 3 დეკემბერს საზოგადოებრივი პალატის წევრებთან შეხვედრაზე. ამასთან, მან აფხაზური შეიარაღებული ძალების სავალალო მდგომარეობაზე მიუთითა და შეეცადა, დაერწმუნებინა დამსწრე საზოგადოება, რომ რუსეთის გარეშე აფხაზეთი გამოწვევებს ვერ გაუმკლავდება: “გუშინ შემოვიარე სამხედრო ნაწილები და არც კი ვიცი, რა სიტყვებით გადმოვცე ის, რაც ვნახე. ჩვენი კავშირის გაძლიერება, უპირველესად – სამხედრო კუთხით, თავდაცვითი უსაფრთხოების ერთიანი ტერიტორიის ჩამოყალიბება პირველხარისხოვანი ამოცანა ხდება. მოგვიწევს, სათანადო ფასი გადავიხადოთ მშვიდობაში, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება, შეიარაღებული ადამიანის შენახვა კი იაფი არ ჯდება».

ამასთან, ასლან ბჟანიამ დაადასტურა განზრახვა ენერგეტიკის სფეროში რუსული ინვესტიციების მიზიდვის” თაობაზე, აღნიშნა რა, რომ რუსეთის გარეშე საკითხი უბრალოდ ვერ გადაწყდება და გამოიყენა რა ფრაზა “ცხოვრება გვაიძულებს”: “სისტემა იმდენად გაცვდა, რომ მისი რეანიმირებისთვის დაახლოებით 10 მლრდ რუბლია საჭირო და ვის უნდა მივმართოთ დახმარებისთვის, თუ არა რუსეთს? რუსი ინვესტორის გარეშე ვერც ეკონომიკას განვავითარებთ, ვერც დენი გვექნება სახლებში. როცა არჩევანის წინაშე დავდგებით, გვქონდეს შუქი თუ არა, არჩევანის გაკეთება გაგვიადვილდება – ცხოვრება გვაიძულებს! მოვა დრო, როცა მოგვიწევს, სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ».

3 დეკემბრის შეხვედრაზე გაირკვა ასევე, რომ მართალია, უძრავი ქონების უცხოელებისთვის (რუსეთის მოქალაქეებისთვის) მიყიდვის დაშვების საკითხი “პროგრამიდან” გაქრა, თუმცა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. როგორც “პრეზიდენტმა” განაცხადა, ამ სფეროში რუსული ინვესტიციების გარეშე სამშობლო ასევე დაიღუპება: “საცხოვრისის მისაღებად ამ დროისთვის რიგში დაახლოებით 2500 ადამიანი დგას და მათ უზრუნველსაყოფად აუცილებელია 6 მლრდ რუბლი. მსგავსი თანხა მთავრობას არ აქვს, ამდენად, უძრავი ქონების გასხვისების საკითხს პრაგმატულად უნდა მივუდგეთო”.

და ბოლოს: იმის დაუზუსტებლად, როგორ მივიდა აფხაზეთი ამ მდგომარეობამდე და იმ ალტერნატივების სრული მივიწყებით, რომლებზეც “პრეზიდენტი” სულ ცოტა ხნის წინ საუბრობდა, ახსენებდა რა საქართველოსთან დიალოგსა და თანამშრომლობას, ასლან ბჟანიამ “რუსეთთან დაახლოებისა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე საინტეგრაციო პროცესებში ჩაბმის აუცილებლობის” დეკლარირება მოახდინა, ოდნავ მოგვიანებით კი ისიც დააკონკრეტა, რომ საუბარია რაღაც სამოკავშირეო სახელმწიფოს შემადგენლობაში შესვლაზე: “ვლადიმირ ვლადიმირის ძემ ჩვენს შეხვედრაზე განაცხადა, რომ “ვითარება ევრაზიის კონტინენტზე და მთლიანად მსოფლიოში იმგვარად ლაგდება, რომ რუსეთს სჭირდება განსაკუთრებული ურთიერთობები ბელარუსთან, აფხაზებთან, მათთან, ვინც რუსეთს ახლობლად თვლის”. განვითარდება გლობალური პროცესები და როგორც ჩანს, სახელმწიფოთა ჯგუფი პოსტსაბჭოთა სივრცეში, თუ ეს მათი ხალხების ინტერესებთან იქნება თანხვედრაში, გარკვეული კავშირის ორგანიზებას მოახდენს. და ჩვენ, თუ ჩვენი მოსახლეობა არ იქნება წინააღმდეგი, ამაზე დავფიქრდებით”.

ამ დროისთვის “სტრატეგიული მეგობრის” მიერ ნაკარნახებ დოკუმენტს 10 ოქტომბერს “პრეზიდენტის” ბრძანების საფუძველზე ჩამოყალიბებული “საკონსტიტუციო რეფორმების კომისია” განიხილავს.

“მინდა, მჯეროდეს, რომ ამ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში მოიძებნებიან სახელმწიფო ინტერესების დამცველი ადამიანები. წინააღმდეგ შემთხვევაში არ ღირს სახელმწიფოს იმიტირება, გამოაცხადონ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა!” – ასკვნის ამასთან დაკავშირებით აფხაზი ბლოგერი იზიდა ჭანია.

თუმცა რომ დავაკვირდეთ, ის, რაც უკვე გამოცხადდა, არსობრივად, სხვა არაფერია, თუ არა შესვლა, უფრო ზუსტად, შეთრევა რუსეთის შემადგენლობაში, ან, თუ გნებავთ, ანექსია.

“რაღაც ახალი კავშირის შემადგენლობაში შესასვლელად აუცილებელია, სულ მცირე, მისმა წევრმა ქვეყნებმა, ამ შემთხვევაში მაგალითად, ბელარუსმა ფორმალურად მაინც აღიარონ აფხაზეთი და მიიწვიონ იგი თავის რიგებში. რუსეთი, როგორც ცნობილია, ამას წლების განმავლობაში ცდილობდა ბელარუსსა და სხვა ქვეყნებზე ზეწოლის გზით, თუმცა ვერაფერს მიაღწია და ნაკლებ სავარაუდოა, ამ მხრივ რამე სადღეისოდ შეიცვალოს” – თვლის საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი. მისივე აზრით, სცენარი, რომელიც სოხუმის ხელისუფლებამ გააჟღერა, უფრო თვალში ნაცრის შეყრასა და მოსახლეობის ყურადღების სერიოზული პრობლემებიდან გადატანის მცდელობას ჰგავს.

სინამდვილეში კი, დარწმუნებულია გაფრინდაშვილი, საუბარია აფხაზეთის რუსეთში ასიმილაციაზე, ხოლო 2014 წლის შეთანხმება და მით უფრო 2020-ის 12 ნოემბერს ხელმოწერილი “პროგრამა” ის საშუალებებია, რომელსაც მოსკოვი ამის მისაღწევად იყენებს.

ეკატერინე ცანავა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S