
აფხაზური განათლება — პანდემიის ეპოქაში
16/12/2020 15:20:55 კონფლიქტები
განათლება სწავლების, აღზრდის, ცოდნის მიღების, გონებისა და ხასიათის, მთლიანობაში პიროვნების ფორმირების მრავალპროფილური პროცესია. მისი პრიორიტეტები იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის პიროვნება ჩამოაყალიბოს და მის ზოგად კულტურულ განვითარებას შეუწყოს ხელი. ეს არის აქსიომა, რომელსაც არა მარტო სპეციალისტები, არამედ ნებისმიერი ნორმალური ადამიანი იზიარებს. მაგრამ აფხაზურ განათლების სისტემას, როგორც ჩანს, განსხვავებული ხედვა აქვს — იგი ყოველმხრივ აფერხებს რესპუბლიკაში განათლების პროცესს.
ავიღოთ თუნდაც მინისტრ ინალ გაბლიას ერთ-ერთი ბოლო განცხადებათაგანი — სწავლებისთვის ინტერნეტიდან მზა ვიდეორგოლების გამოყენების თაობაზე. «თუ პედაგოგს ონლაინ-გაკვეთილის ჩატარების შესაძლებლობა არ აქვს, შეუძლია, ჩაწეროს თავისი აუდიო- ან ვიდეო-გაკვეთილი. თუ არც ამის შესაძლებლობა აქვს, ვთავაზობთ, გამოიყენოს მზა ვიდეო-გაკვეთილები ინტერნეტიდან. მაგალითად, არსებობს იანდექს-სკოლა, არსებობს ელექტრონული სკოლა, რომელიც რუსმა კოლეგებმა გამოგვიგზავნეს», - განაცხადა გაბლიამ.
როგორც ჩანს, ახალგაზრდა მინისტრს გადაავიწყდა, რომ რესპუბლიკის სკოლების უმრავლესობაში, დაწყებით კლასებში სწავლება აფხაზურ ენაზე წარმოებს. გარდა ამისა, მოსწავლეების დიდ ნაწილს ონლაინ-სწავლებაზე წვდომა არ აქვს. ამ პირობებში რაღაც ვიდეო-გაკვეთილების შეთავაზება, თან განათლების სულ სხვა სისტემის ბაზაზე?!
განათლების კუთხით პრობლემები რესპუბლიკაში COVID-19-ის გამოჩენისთანავე დაიწყო. იმ დროს, როცა აფხაზური მედიცინა ეპიდემიასთან ბრძოლას შეუდგა, განათლების სამინისტრო ისვენებდა, ხან აუქმებდა სასწავლო პროცესს, ხან აღადგენდა მოკლე დროით. შედეგად გასული სასწავლო წელი, ისევე, როგორც ახალი, ისე ამოიწურა, რომ ხეირიანად დაწყებაც ვერ მოასწრო.
თუ მკითხვათ, ახლა როგორაა საქმე, შემიძლია, დანამდვილებით გიპასუხოთ, რომ ონლაინ-სწავლება აფხაზეთში მხოლოდ შეძლებული ოჯახების შვილებისთვისაა ხელმისაწვდომი. დეპრესიული რაიონების (ტყვარჩელი, ოჩამჩირე, გალი) სოფლების მაცხოვრებლებს კი პლანშეტების შეძენის ფუფუნება არ აქვთ. ისინი ხშირად საკვებსაც კი ვერ ყიდულობენ, არათუ საკმაოდ ძვირადღირებულ გაჯეტებს. და სახელმწიფო რას აკეთებს? არაფერს! იმიზეზებენ რა რთულ ფინანსურ მდგომარეობას, ჩინოსნები ამ პრობლემას შეძლებისდაგვარად ჩქმალავენ.
საერთაშორისო ორგანიზაციები კი, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში აფხაზეთსა და მის მოსახლეობას სამედიცინო, სასურსათო და სხვა სახის დახმარებას უწევენ, პირიქით, განათლების სისტემის პრობლემების გადაჭრის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას. გაერო-ს ბავშვთა ფონდის სოხუმის ოფისმა განათლების სამინისტროს დისტანციური სწავლებისთვის აფხაზური ონლაინ-პლატფორმის ჩამოყალიბების მიზნით ერთობლივი პროექტის განხორციელება შესთავაზა. მართალია, პირველ ეტაპზე იგი მხოლოდ სოხუმის სკოლებში იქნება აპრობირებული, მაგრამ ესეც საქმეა.
კეთილი წამოწყებაა, არა? მაგრამ აქ საქმეში ჩაერია პოლიტიკა, სახელმწიფოს მიერ უიმედო მდგომარეობაში მიტოვებული მშობლები და უსაქმოდ დარჩენილი პედაგოგები, რომლებმაც ორგანიზაცია «აგრესიულ გარე ჩარევაში» დაადანაშაულეს. დაინტერესბული მხარის მთავარი არგუმენტი ასე ჟღერს: «ამ ორგანიზაციის ოფიციალური პოლიტიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაა და არ ვართ დაზღვეულები იმისგან, რომ ჩვენი შვილების, მთელი თაობის შესახებ ინფორმაცია ენგურს იქით არ გაჟონავს».
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამ მოსაზრებას აფხაზეთში ყველა როდი იზიარებს. ერთ-ერთ ტელეგრამ-არხში მომხმარებელმა Asta Mur-მა მსგავსი მოსაზრებების გამავრცელებლები «ტვინების გამორეცხვის მცდელობაში» დაადანაშაულა.
უიმედო მდგომარეობამ მშობლებს «აფხაზეთის მშობელთა საერთო ეროვნული კომიტეტის» ჩამოყალიბებისკენ უბიძგა. როგორ გეგმავს ეს სტრუქტურა მუშაობას — ჯერ ძნელი სათქმელია, მაგრამ მის პირველ ნაბიჯად იქცა პრეზიდენტ ასლან ბჟანიასადმი მიმართვა წინადადებით, სკოლებში სწავლების ტრადიციული — დასწრებული ფორმა დააბრუნონ, რათა მოსწავლეების «კრიტიკული ჩამორჩენა» თავიდან იქნას აცილებული. ამ მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო.
აი, ამ ამ ფონზე გავრცელდა UNICEF-ის მიმართვა მოწოდებით, სკოლების მუშაობის განახლებას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ და ყველაფერი გააკეთონ საკლასო ოთახებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
კორონავირუსული პანდემიის გამო აფხაზეთში სკოლები დაიხურა, დისტანციური სწავლება კი არა და არ დაინერგა, უფრო სწორად, დინერგა, მაგრამ არა ყველგან. «ჩინოსნების განცხადებებს მიღმა მე, როგორც მოსწავლის მშობელს, დისტანციური სწავლება არსად მინახავს. ბავშვს თავად ვამეცადინებთ», - წერს ინტერნეტ-მომხმარებელი ნიკით «უბიხი».
და სანამ მთელს მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო სასწავლო დაწესებულებები ონლაინ-სწავლებაზე გადაჰყავთ, აფხაზეთში არ ცხრება დავები იმაზე, როგორი უნდა გახდეს ახალ პირობებში განათლების სისტემა. სასკოლო და სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელებს კი უკვე დააკლდათ გასული წლის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ცოდნის ნაწილი და ახლაც გაჭიანურებული არდადეგების მდგომარეობაში რჩებიან.
უდავოდ, პირველ ადგილზე სახელმწიფოსთვის ეპიდემიის კერების ლოკალიზებისა და ახალი ვირუსული დაავადებით ინფიცირებული ყველა მოქალაქის მკურნალობის საკითხი დგას. თუმცა არც ახალი თაობის მომავლის დავიწყება შეიძლება. და თუკი ამ პრობლემის მოსაგვარებლად ვინმე მაინც გვიწვდის დახმარების ხელს, გვთავაზობს გამოსავალს, უნდა ვისწავლოთ ამ დახმარების მადლიერებით მიღება. ხოლო ყველას და ყველაფრის საქართველოს მსახურში დადანაშაულებას დიდი ჭკუა არ უნდა. თავად საქართველოში ხომ არც დისტანციური სწავლების, არც სოციალურად დაუცველთა გაჯეტებით მომარაგების მხრივაა პრობლემა. და სანამ ჩვენ აქ გულში მჯიღს ვიცემთ ურა-პატრიოტიზმის დემონსტრირებით, მოზარდი თაობა ცოდნის გარეშე გვრჩება. ის კი, როგორც ცნობილია, ხასიათის, გონებისა და მთლიანობაში პიროვნების ფორმირების პლატფორმას წარმოადგენს.
კრისტინა ავიძბა
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება