ტიკარაძე: "ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად"
18/12/2020 09:38:42 საზოგადოება
ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მიმართულებით მიღწეული სტაბილიზაცია დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა:
„აქედან გამომდინარე, იცით, რომ პირველ რიგში გვექნება ჯერ კომუნიკაცია კერძო სექტორთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლებენ ისინი ყველა იმ მითითების აღსრულებას, რომელიც ექნებათ ეპიდემიოლოგებს და შრომით უსაფრთხოების სამსახურს“.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი, 2 244 პირი გამოჯანმრთელდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 204 003 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 171 526 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2002 გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში 16 870 ტესტი ჩატარდა.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ახალი შეზღუდვები ძალაში 28 ნოემბრიდან შევიდა. შეზღუდვების გეგმა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქებას და დახურული სავაჭრო ობიექტების გახსნას ითვალისწინებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.


