Accentnews.ge
აფხაზეთი: დამოკიდებული დამოუკიდებლობა

აფხაზეთი: დამოკიდებული დამოუკიდებლობა

21/12/2020 16:09:51 კონფლიქტები

დასანანია და სამწუხარო. მაგრამ ცხოვრების მიწურულს დავრწმუნდი, რომ ადამიანები ცხვრებისგან წარმოიშვნენ. ჩვენ ჯერ კიდევ გვჯერა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, აღარაფერია საიმედო. იქნებ ამ ახალმა პრეზიდენტმა მაინც გააკეთოს რაიმე სასიკეთო ხალხისა და ქვეყნისათვის... თუმცა პრეზიდენტები იცვლებიან, აფხაზეთში კი ყველაფერი უცვლელადაა. 1993 წელს ჩამოყალიბებული სისტემა, რომელიც კონსტიტუციასთან ერთად ლუბიანკიდან ჩამოგვიტანეს, ქვეყანას განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს. თითქმის 30 წლის განმავლობაში ე.წ. აფხაზურმა ხელისუფლებამ განსაკუთრებული არაფერი გააკეთა არც ქვეყნისთვის, არც ხალხისთვის. ეს სისტემა მხოლოდ ცალკეულ პირთა კასტებს ამდიდრებს. როგორი ღატაკიც იყო პენსიები და ხელფასები, ისეთი დარჩა დღესაც. პერსპექტივები როგორც არ იყო, ისე არ არის. როგორც ადრე ხდებოდნენ ხელისუფლების წევრები ყოფილი პარტიული და კომკავშირის მუშაკები, მილიციელები, უშიშროების თანამშრომლები, ისე ხდებიან დღესაც – არაფერი იცვლება სასიკეთოდ. არც ეკონომისტები არიან, არც მეურნეები – მხოლოდ 30 წლის წინანდელი სისტემის ერთნაირი წარმომადგენლები, რომლებიც პერიოდულად ერთმანეთს ცვლიან და ერთნაირად მიჰყავთ აფხაზეთი მომავლისკენ, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ გვაქვს ნანახი. იცვლება გვარები, სიღატაკე, ნგრევა და უპერსპექტივობა კი რჩება. როგორც ჩანს, ჩვენი “სახელმწიფოებრიობა” მხოლოდ თავად სახელმწიფოსთვის და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის არსებობს და არა რესპუბლიკისა და მისი ხალხისათვის.

სახელმწიფო აპარატი, მილიცია, საბაჟო სამსახური, სასამართლოები თავისთვის მუშაობენ და სულაც არ ზრუნავენ არც კრიმინალთან ბრძოლაზე, არც სამართალზე, არც საბაჟო კანონმდებლობის დაცვაზე, არც ეკონომიკურ განვითარებაზე. ასეთია თითქმის 30-წლიანი სისტემა. ამ წლების განმავლობაში ქვეყანაში არც ერთი გახმაურებული დანაშაული არ იქნა გამოძიებული, კორუფციული დანაშაულისთვის პასუხი არც ერთ პირს არ უგია. მეზობელ ქვეყანასთან საზღვარზე სიტუაცია მხოლოდ გაუარესდა, ცხოვრების დონე კი მხოლოდ იმ სხვადასხვა პოლიტიკურ მოღვაწეებს აუმაღლდათ, რომლებიც ამდენი ხანია, რეგულარულად გვპირდებიან ნათელ მომავალს – იმ მომავალს, რომელსაც, რაღა თქმა უნდა, ააშენებენ, მაგრამ მხოლოდ თავისთვის და სხვა არავისთვის.

ქვეყანაში მოქმედი ყველა პოლიტიკური პარტია პირდაპირ თუ ირიბად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ფინანსდება, ჩვენი “დამოუკიდებელი” ქვეყნის ხელისუფლება და ყველა პოლიტიკური ძალა, ერთად აღებული, წარმატებით ართმევენ თავს ამოცანას, აფხაზეთი სწორედ ამ სახით – სტრატეგიულ პარტნიორზე სრულად დამოკიდებულად, დამოუკიდებლად ყოველგვარი გავითარების გარეშე შენარჩუნდეს. სისტემაში საამისოდ ყველაფერია: გადასახადები, რომელსაც ხალხი ამ ხელისუფლების რჩენისთვის იხდის, რუსული ფული, რომელიც ხელისუფლების შენარჩუნებას ეხმარება, მაგრამ ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს აფხაზეთის ეკონომიკურ განვითარებაზე, პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც სახელმწიფო სალაფავთან ერთმანეთს ენაცვლებიან და არანაირად არ ცვლიან ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. სისტემა აწყობს ყველას, ხალხისა და მათ გარდა, ვისაც ნამდვილად სურს აფხაზეთის განვითარება და არა ერთი სახელმწიფო აფერისტების მეორეთი ჩანაცვლება.

რა შეიცვალა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რაც ხელისუფლებაში მოვიდა ახალი პრეზიდენტი, რომელიც სამართლიანად აკრიტიკებდა წინას? - არც არაფერი, გარდა იმისა, რომ ახლა იგივესთვის შეგვიძლია, ვაკრიტიკოთ ახალი პრეზიდენტიც. მარტივი მაგალითი: საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობები არ გვაქვს, მაგრამ ქართული მხარე იძლევა ინფორმაციას, რომ აფხაზეთიდან საქართველოში უკვე 64 მლნ დოლარის ღირებულების თხილია გატანილი... და არავითარი ინფორმაცია არ არსებობს იმაზე, რა თანხა შევიდა ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში. რატომ? იმიტომ, რომ “ამცახარაც”, “არუააც”, შსს-ც, უშიშროებაც, მთლიანად ხელისუფლებაც “აზიან” ამ ნაკადს და შოულობენ ფულს, - ყველანი, ნამდვილი მშრომელების გარდა. ამ უკანასკნელთაგან ხელისუფლება მხოლოდ გადასახადებს კრებს სახელმწიფო საზღვრის უკვე მეორე მხარეს. არადა, პრეზიდენტობის გამარჯვებული კანდიდატი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ საუბრობდა საქართველოსთან ოფიციალური სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბების აუცილებლობაზე. როგორც ჩანს, არაოფიციალური უფრო სარფიანი აღმოჩნდა – მათთვის და არა აფხაზი მშრომელებისთვის.

აქ მცხოვრები ყველა ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ ჩვენ აქ რაღაც სოციალურად ორიენტირებული ქვეყანა გვაქვს, დამნაშავეა იმაში, რომ ასეთი ხელისუფლება გვყავს. ჩვენ თავად შევქმენით ეს სისტემა - მართალია, სხვისი დახმარებით, მაგრამ მაინც და თავად ვაძლევთ ამ ხელისუფლებას ხმას, ამ დრომდე გვჯერა რა წინასაარჩევნო დაპირებების და ვტყუვდებით რა ყოველ ჯერზე. აფხაზურმა მილიციამ, მაგალითად, – საბჭოური ყაიდის მილიციამ 30 წლის განმავლობაში ხელშესახები არაფერი გააკეთა: ქვეყნის ტერიტორიაზე უამრავი დანაშაული ხდება (ქურდობა, ყაჩაღობა, ადამიანთა გატაცება, ძალადობა, ნარკოდანაშაულები, მკვლელობები), თითქმის არაფერია გახსნილი, პასუხი არავის უგია. მაშ რაში გვჭირდება ასეთი მილიცია? და მიუხედავად ამისა, ის არსებობს. მისი თანამშრომლები კი გაცილებით უკეთ არიან უზრუნველყოფილები, ვიდრე ისინი, ვინც მართლაც ქვეყნის სასარგებლოდ შრომობს: გლეხები, ექიმები, პედაგოგები. სისტემა თავისიანებზე ზრუნავს, საქართველოს სსრ-ის სისხლის სამართლის კოდექსი კი, რომელიც აფხაზეთისთვის გადაიწერა, შესაძლებლობას აძლევს მილიციას, პროკურატურას, სასამართლოებს, უშიშროებას, მშრომელთა ხარჯზე მდიდრდებოდნენ.

საზღვარზე არსებობს შეზღუდვები, რომლებიც ხელს უშლის სახელმწიფოს განვითარებას და მათ, ვისაც ყველაფრის მიუხედავად, ამ ქვეყნისთვის რაიმე სასიკეთოს გაკეთება სურს. შემოაქვთ სამშენებლო მასალები, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოში არ არსებობს, ან სათადარიგო ნაწილები... და ეს სახელისუფლებო სისტემა, რომელსაც აფხაზური ეწოდება, ჩვენ – აფხაზ ხალხს 13,5 %-იან გადასახადს გვაკისრებს საიმისოდ, რომ აქ რაღაც ავაშენოთ. ჩვენ კი ამ ფონზე ეს სისტემა უნდა ვკვებოთ კიდეც.

აღარფერს ვამბობ ქრთამებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დიდი ხანია, ნორმადაა ქცეული. საკუთარი თავისთვის და არა მოქალაქეებისთვის მცხოვრები სახელმწიფო – აი, ასეთი დამოუკიდებელი რესპუბლიკა აგვიშენეს თითქმის 30 წლის განმავლობაში. ამ სისტემის შიგნით არის ხელისუფლება, მილიცია, უშიშროება, ერთი მექართამე მეორეს მართავს, ორივე ერთად კი ხალხს კისერზე აზის.

ერთი ჯაშუში მაინც თუ დაიჭირა ამ მეტისმეტად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჩვენმა უშიშროებამ? - არავინ დაუჭერიათ და არც არასდროს დაიჭერენ. რეალურად რომ დაკავდნენ სახელმწიფოს უსაფრთხოებით, მაშინ ერთმანეთი უნდა დაიჭირონ. მაგრამ ასეთი ამოცანა არ აქვთ. დასანანია.

ჩადენილია დანაშაული? დამნაშავეს აქვს სახელი, გვარი, მისამართი, მაგრამ მისამართზე მას არავინ ეძებს. მილიცია ქუჩაში მართლწესრიგის დაცვის იმიტაციითაა დაკავებული. წადით და დააკავეთ დამნაშავე სახლში! მაგრამ არა – მათ ურჩევნიათ, სხვა “დამნაშავეები” დააკავონ – მაგალითად, გალის რაიონის მკვიდრნი. მათ ხომ პასპორტებიც კი არ გააჩნიათ. გალელი გლეხი მანდარინის გასაყიდად მიდის და თავს ატყდება სხვა შემთხვევებში სრულიად უმოქმედო ჩვენი სამართალდამცველი სისტემის მთელი სიმძიმე: «საიდან გაქვს ეს მანდარინი? წარგვიდგინე ცნობა, რომ პროდუქტი შენიაო!»... ცნობა საიდან ექნება, როცა პასპორტიც კი არ აქვს?! - აი, ასე იზრუნა მასზე მშობლიურმა სახელმწიფომ, ახლა კი მეორედ იზრუნებს – ჯარიმის გამოწერით.

ასე გამოიყურება კრიმინალთან ბრძოლა ჩვენს ქვეყანაში. რიგითი მოქალაქეების დამოკიდებულება საღი აზრისა და კანონებისგან დამოუკიდებელ ხელისუფლებაზე ჩვენთან ყოველ ნაბიჯზე შეიმჩნევა: აფერისტების ხროვა, რომელიც თავს ხელისუფლებას უწოდებს, უკვე მერამდენე ათწლეულია, ძარცვავს მოსახლეობასა და სახელმწიფოს. ასლან ბჟანიამაც კი, რომელიც ოპოზიციაში ყოფნისას რაულ ხაჯიმბას აკრიტიკებდა, ხელისუფლებაში მოსულმა მხოლოდ გააძლიერა სისტემა, რომელიც ხაჯიმბას დროს არსებობდა. ახლა კი იგი გეგმავს, “დახვეწოს” ჩვენი კანონები რუსულთან გათანაბრებით. ეს – იმ ფონზე, რომ რუსეთის ფედერაციაში ბოლო წლებში უამრავი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური კანონია მიღებული, რომელიც როგორც დემოკრატიის პრინციპებს, ისე საღ აზრს ეწინააღმდეგება!

რუსეთთან ჩვენი კანონმდებლობების გათანაბრებაზე კი არა, ნამდვილ ურთიერთთანამშრომლობაზე – საზღვარზე არსებული საბაჟო ბარიერების მოხსნაზე, ეკონომიკაში ინვესტირებაზე უნდა ვისაუბროთ. აფხაზეთს, როგორც სრულიად დამოუკიდებელ ქვეყანას, შეეძლო, რუსეთის ფედერაციისთვის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გამხდარიყო და არა ღარიბი ფორპოსტი ნატო-სთან საზღვარზე, თანაც სხვისი კანონმდებლობით. თუ აქ რუსეთის კანონები გვექნება და არა საკუთარი, მაშინ ჩამოვიდნენ პუტინი და მედვედევი საზღვარზე ნატო-ს ჯარებთან საბრძოლველად, ბჟანიაც თან წაიყოლონ – მან ხომ ერთხელ უკვე ჩაირბინა რუსეთში ომის დროს. ჰოდა, დაე, იომონ, როცა აფხაზურ კანონმდებლობას რუსეთისასთან შესაბამისობაში მოიყვანენ.

ხალხის ხარჯზე ვერ ააშენებ ღირსეულ სახელმწიფოს. ვერ ჩამოაყალიბებ ეკონომიკას ბაზრის გარეშე. ჩვენთან ერთ მშრომელზე 33 ხელმძღვანელი მოდის და ყველა მათგანს ეს მშრომელი სძულს, მიუხედავად იმისა, რომ მის ხარჯზე ცხოვრობს. გვჭირდება კი ამ რაოდენობის ათასგვარი, თანაც კორუმპირებული ბიუროკრატია? არა. ჩვენ გვჭირდება ძლიერი, პროფსიონალური არმია, ნორმალური, ქმედითუნარიანი მილიცია, ნორმალური, თანაც აღსრულებადი კანონები და არა “ეს შეიძლება, ის - არა” – ეს კანონი არ არის! ხელისუფლებაში გვჭირდება ეკონომისტები, მეურნეები და არა ყოფილი მილიციელები და უშიშროების თანამშრომლები: ამ ადამიანებს არც კი ესმით, როგორ მუშაობს ეკონომიკური მექანიზმები, იციან მხოლოდ, როგორ ჩასვან, როგორ ანგრიონ, ანადგურონ და სწორედ ამით არიან დაკავებულები თითქმის 30 წლის გამავლობაში.

ჩვენს პატარა ქვეყანას ესაჭიროება ინვესტიციები, სერიოზული დაბანდებები. აფხაზეთს გააჩნია პოტენციალი, რომელსაც ბუნება ჰქვია, გააჩნია მიწები – საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო სავარგულები სუბტროპიკებში, სადაც საუკეთესო ხილისა და ბოსტნეულის მოყვანა შეიძლება. მაგრამ სად წავიღოთ, თუკი არ გვექნება პროდუქციის რეალიზების შესაძლებლობა? სადღეისოდ შეუძლებელია ლეგალური ვაჭრობა როგორც რუსულ მხარესთან, ისე ქართულთან – და ეს მოქმედ ხელისუფლებას აწყობს, რადგან სწორედ ასეთ ვითარებაში “შოულობს” ფულს. ქვეყნის განვითარებასთან ამას არაფერი აქვს საერთო. აფხაზეთის წარმოუდგენელი დამოკიდებულება საკუთარ ხელისუფლებასა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ჭირვეულობებზე არასოდეს მოგვცემს შესაძლებლობას, ვიქცეთ ჭეშმარიტად დამოუკიდებელ და აყვავებულ სახელმწიფოდ.

ინალ არძინბა

_______________________________________________________________________________________________________________________

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

_______________________________________________________________________________________________________________________

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას

_______________________________________________________________________________________________________________________

მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ღია საინფორმაციო პარტნიორობის (OIP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S