«საუკეთესო გამოსავალი იქნება, საქართველო 6 კვირის განმავლობაში ჩაკეტილი იყოს – მაშინ შესაძლოა, ისევ „გავმწვანდეთ“

22-12-2020 20:01:39 საზოგადოება ,ინტერვიუ

კორონავირუსმა უკვე რამდენჯერმე განიცადა მუტაცია. ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის გამოჩენამ მსოფლიო კვლავ შეაშფოთა. რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ გარკვეული ზომების მიღება გადაწყვიტეს. ჩვენს ქვეყანაში ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირები სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარებიან. უქმნის თუ არა რისკებს „ბრიტანული შტამი“ COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინებს, რომელთაც საქართველოში გაზაფხულისთვის ელიან? მაინც რატომაა ის უფრო საშიში, ვიდრე წინამორბედები? – ამ და სხვა საკითხებზე „აქცენტი“ გაერო–ს გენერალური მდივნის მრჩეველს ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორ გიორგი ფხაკაძეს ესაუბრა.

გიორგი ფხაკაძე: ჩინეთში მსგავსი მუტაცია ჯერ კიდევ ივნისში დაფიქსირდა, მაგრამ ხელისუფლებამ ქალაქი ჩაკეტა, განხორციელდა მასობრივი ტესტირება, მოხდა კონკრეტული შტამის იზოლაცია და პრაქტიკულად გადავურჩით ამ მძიმე შტამის გავრცელებას.

ზოგადად, როდესაც დღემდე ცნობილი ვირუსების 90% მუტაციას განიცდის, ისინი ნაკლებ აგრესიულები ხდებიან. მაგალითად „სარსი“ მუტაციის შედეგად პრაქტიკულად გაქრა. იგივე მოლოდინი რიგ ექსპერტებს COVID-19–თან მიმართებაშიც ჰქონდათ, მაგრამ სამწუხაროდ, ის არ გამართლდა. ეს ვირუსი თვეში ორჯერ განიცდის მუტაციას და მხოლოდ ივნისში COVID-19–ის 100–ზე მეტი შტამი ფიქსირდებოდა. სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ტიპის მუტაცია ვლინდება და შემთხვევების 95%-ში ის ნაკლები აგრესიულობისკენ მიდის, მაგრამ რიგ შემთხვევაში ვიღებთ „დაჭკვიანებულ» და «გაბრაზებულ“ ვირუსს. ასე მოხდა ჩინეთში, ახლა კი – ბრიტანეთში. ამ ორ შემთხვევაში განსხვავება მიდგომაშია: ჩინეთმა 6–კვირიანი ჩაკეტვითა და აგრესიული ტესტირებით ყველა კონტაქტი გამოავლინა და წყარო პრაქტიკულად გაანადგურა. მართალია, ევროპაში კარანტინი მოქმედებს, მაგრამ ხალხი გადაადგილდება, შესაბამისად, ახალი შტამი ბრიტანეთიდან მეზობელ ქვეყნებში გადავიდა და ერთ კვირაში, ძალიან სწრაფად გავრცელდა. ახალი შტამი შეშფოთებას იმიტომ იწვევს, რომ ჯერ არ ვიცით, მას რა ახასიათებს. ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა დადგენილი, რომ ის უფრო აგრესიულია – 70%–ით უფრო სწრაფად ვრცელდება. რაც შეეხება გართულებებს, სიკვდილიანობას, პირველი წყაროები ოთხ კვირაში გამოჩნდება, როდესაც რეანიმაციული პაციენტები გვეყოლება, იქნება ლეტალობის შემთხვევები და მათ შეისწავლიან. მანამდე ნებისმიერი საუბარი სპეკულაციაა. გარწმუნებთ, ჯერ არავინ არაფერი იცის.

- ანუ, ამ ეტაპზე მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის სწრაფად ვრცელდება და კლინიკებიც იტვირთება?

- ჩემთვის, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტისთვის, ის სწორედ ამიტომაა საშიში: ვიცი, რომ მაგალითად, საქართველოში დღეში კორონავირუსით 1000 ადამიანი ინფიცირდება, ახალი შტამის პირობებში კი 1000–ის ნაცვლად 1700 ინფიცირებული გვეყოლება. შესაბამისად, მეტი ადამიანი მოხვდება რეანიმაციაში და სამწუხაროდ, მეტი იქნება სიკვდილიანობაც.

- როგორ არის მისი გამოვლენა შესაძლებელი?

- ამას რიგითი მოქალაქე ვერც გაიგებს, სპეციალური ლაბორატორიული გამოკვლევებია საჭირო. სახალხო, არამეცნიერული ენით რომ გითხრათ, ის კორონავირუსის „ბიძაშვილია“ – მსგავსი «კორონა» მსოფლიოს მასშტაბით 200–ზე მეტი ფიქსირდება და ყველა ერთნაირი არაა: ხომ აკვირდებით, რომ ადამიანთა ნაწილისთვის ის მსუბუქია, ნაწილისთვის – მძიმე, ნაწილისთვის – სასიკვდილო. ეს – იმიტომ, რომ სხვადასხვა შტამებია და ჩვენი ორგანიზმი სხვადასხვაგვარად რეაგირებს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ერთ–ერთ შტამთან, რომელიც უფრო აგრესიულია.

- საქართველოში ამჟამად რომელი ცირკულირებს?

- საქართველოს ბევრ რამეში გაუმართლა: აქ ძალიან აგრესიული შტამი არ არის. გარდა ამისა, არასაჭიროდ ბევრი საწოლია ქვეყანაში, გვყავს ძალიან ბევრი ექიმი, პირველი ტალღაც პრაქტიკულად არ იყო, რადგან საქართველო ჩაიკეტა... ასე რომ არ ყოფილიყო, გაცილებით მძიმე მდგომარეობაში ვიქნებოდით – მომზადებას ვერ მოვასწრებდით (ჯანდაცვის მთელ სისტემას რეფორმა სჭირდება და ამას ერთ დღეში ვერ გავაკეთებთ).

- ბრძანეთ, საქართველოში ნაკლებად აგრესიული შტამი ცირკულირებსო, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი დრამატულია. როდესაც პარალელები ივლება, „ევროპას გახედეთო“, ფიქრობთ, რომ ეს ადექვატურია?

- ჯერ ერთი, ჯანდაცვის თვალსაზრისით, საქართველოს და ევროპას საერთო არაფერი აქვთ: არ გვაქვს უწყვეტი სამედიცინო განათლება, არ გვყავს ექთნები, ხარისხის, ინფექციის კონტროლი არ არსებობს. რაც შეეხება სიკვდილობას, აი, ამაშიც გაგვიმართლა: წარმოიდგინეთ, ჩემს მიერ ჩამოთვლილი პრობლემური საკითხების მიუხედავად, სიკვდილობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. დიახ, დღეში 50 გარდაცვლილი კატასტროფაა, მაგრამ იმასთან შედარებით, თუ რამდენია ინფიცირებული, გარდაცვალების შემთხვევების მაჩვენებელი ძალიან დაბალია. რატომ? - არ ვიცი. რომ ვთქვათ, რომ უკეთესი სპეციალისტები გვყავს, ან აპარატურა – მოდით, სერიოზულად ვისაუბროთ: ხარისხიანი პირბადე ვერ შემოიტანეს ქვეყანაში!

- ახალი შტამის კონტექსტში ხშირად ისმის კითხვა, მუშაობს თუ არა მის წინააღმდეგ უკვე შექმნილი ვაქცინები? პასუხი ჯერ არ გვაქვს?

- ჯერ არავინ არაფერი იცის. ვაქცინები, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ ახლა გამოდის, ჩანს, რომ ეფექტური იქნება, მაგრამ დეტალურ ინფორმაციას 3–4 კვირაში გავიგებთ. 200–ზე მეტი კომპანია მუშაობს ვაქცინებზე, მათგან 10 უკვე კლინიკურ კვლევებზე გადავიდა. ეს კომპანიები მუშაობენ ვუხანიდან წამოსულ შტამებზე, მაგრამ როგორც წესი, მზადების პროცესში ითვალისწინებენ მუტაციის ალბათობას. მთელი მსოფლიოა პროცესში ჩართული – განგაში უმაღლეს დონეზეა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც მონაწილეობს, ევროკავშირის დაავადებათა კონტროლის ცენტრიც, აშშ–ის და დარწმუნებული ვარ, 3–4 კვირაში, ან შესაძლოა, უფრო ადრეც ძალიან საინტერესო პასუხებს მივიღებთ.

- ვაქცინის კონტექსტში ხშირად გვესმის, „ქვეყანა უნდა მოვამზადოთ“, „მზად უნდა დავხვდეთო“. ეს კონკრეტულად რას გულისხმობს?

- დავუშვათ, ფარმაკომპანიამ გამოიგონა ვაქცინა. ნორმალურ ვითარებაში მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგამიზაციაში გზავნიან დასამტკიცებლად, სადაც დამოუკიდებელი – აპოლიტიკური, ბიზნესინტერესების არმქონე ექსპერტები მას მკაცრად აფასებენ და დებენ დასკვნას. თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ვაქცინას რეკომენდაციას უწევს, უპირველესად, ის უსაფრთხოა და მეორე – ეფექტური (70–80%–ის ფარგლებში). ძლიერი ქვეყნები მას ამის შემდეგაც დამოუკიდებლად სწავლობენ, მაგრამ ისეთი სახელმწიფოები, როგორიცაა მათ შორის საქართველო, ვინაიდან სათანადო მატერიალურ–ტექნიკური, მეცნიერული ბაზა არ გააჩნიათ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას აკვირდებიან. ამის შემდეგ ვაქცინამ ქვეყნის რეგისტრაცია უნდა მიიღოს. შემდეგი ეტაპია შეკვეთა, ყიდვა, ვაქცინის კონკრეტული დოზის მომზადება, რასაც დრო სჭირდება და ქარხნიდან ქვეყანაში ტრასპორტირება. როდესაც ვაქცინა მაგალითად, ფოთის პორტში შემოვა, აქ უკვე ჩვენი გამოწვევებიც იწყება: ზოგიერთ ვაქცინას –70–80, ზოგს –20 ტემპერატურა სჭირდება – უნდა გავიაზროთ, რომ ვაქცინა მხოლოდ თბილისში კი არა, ხულოშიც უნდა ჩავიდეს და ჩავა კი იქ უსაფრთხოდ? იმედია, საქართველოში „ფფაიზერის“ ვაქცინა არ ჩამოვა, რადგან ამ შემთხვევაში ტექნიკური თვალსაზრისით, ვაქცინაცია რთული განსახორციელებელია. მაგრამ არსებობს სხვა ვაქცინებიც, მაგალითად, ოქსფორდის. ამ ტექნიკურ ეტაპს მოსდევს ჩვენი სამედიცინო პერსონალის მომზადება: ქვეყანაში ექთანი არ არის და ნემსი ვინ უნდა გააკეთოს? იცით, რომ საქართველოში ერთ ექთანზე ხუთი ექიმი მოდის? ექთნის შრომის ანაზღაურება 200 ლარია, არადა, სწორედ მათზეა დამოკიდებული, ვაქცინაცია იმუშავებს თუ არა. ტრენინგები, უსაფრთხოების ზომები, სად იქნება ვაქცინაციის ადგილები, სად იქნება მაცივრები, დენის უზრუნველყოფა – ამ ურთულესი პროცესისთვის მზადება უკვე დაწყებული უნდა იყოს, რადგან ეს მარტივი არაა. ამის შემდეგ ყველა ადამიანი, ვინც აიცრება, უნდა დავარეგისტრიროთ: ამ ვაქცინებს ერთი მინუსი აქვთ – ადამიანმა ორჯერ უნდა გაიკეთოს და მხოლოდ 28 დღის შემდეგაა ისინი იმუნური. დავუშვათ, ლოჯისტიკური ხაზი დალაგებულია, დგება შემდეგი საკითხი: გამოკითხული მოსახლეობის 46% ვაქცინაციის წინააღმდეგია და ამ მიმართულებით ჩემს გარდა ვინმე მუშაობს? ვაქცინაციამ შედეგი რომ გამოიღოს, მოსახლეობის 80% უნდა აიცრას.

- და სამწუხაროდ, ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანიებში ზოგიერთი მედიკოსიც არის ჩართული...

- ეს გაუნათლებლობაზე მეტყველებს. 20 წლის წინ უნივერსიტეტები დაამთარეს და მას შემდეგ წიგნი არ გადაუშლიათ.

პირადად მე ვთვლი, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს. მეორეს მხრივ, იმისთვის, რომ ვაქცინაციამ იმუშავოს, მთავრობამ, ექსპერტებმა – ყველამ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მიმართოს მოსახლეობის ინფორმირებისკენ, ნებისმიერ კითხვას მკაფიო პასუხი უნდა გაეცეს. „ვაქცინა კარგია“ – ეს ადექვატური პასუხი და გამოსავალი არ არის. თუ ადამიანებს შიში აქვთ, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია უნდა მიაწოდო და თუ პრობლემებია, ამაზეც ღიად უნდა ვისაუბროთ – 100%–იანი ვაქცინა არ არსებობს: ადამიანს შესაძლოა, რეაქცია ჰქონდეს, ჰქონდეს ალერგია... მაგალითად, „ფფაიზერის“ ვაქცინას ბავშვებს არ უკეთებენ, აღმოჩნდა ასევე, რომ ის ალერგიული ადამიანებისთვის არ იყო დასაშვები...

- ახალი შტამის კონტექსტში საქართველომ მიიღო გარკვეული ზომები – ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე მოქალაქეები სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარებიან. ეს ადექვატური ზომებია?

- ეს სწორი გადაწყვეტილებაა. სამედიცინო მიმართულებით მე უფრო კონსერვატიული მიდგომები მაქვს. მაგალითად, ვიცით, რომ კარანტინში ადამიანმა 7 დღე უნდა დაჰყოს, რადგან ამ პერიოდის შემდეგ ვირუსის გადაცემის ალბათობა ძალიან დაბალია. მაგრამ მე 14-დღიანი კარანტინისკენ მოვუწოდებ: არსებობს მცირე რაოდენობის შემთხვევები, როცა ადამიანი 24 დღის განმავლობაშიც არის ვირუსის გამავრცელებელი და მგონია, რომ ოპტიმალური მაინც 14 დღეა.

ვფიქრობ, საუკეთესო გამოსავალი იქნება, 6 კვირის განმავლობაში ქვეყანა ჩაკეტილი იყოს და შესაძლოა, ისევ „გავმწვანდეთ“. საქართველო სექტემბერში 6 კვირით რომ ჩაკეტილიყო, ახალ წელს ბაკურიანში, გუდაურში გავატარებდით და მეც ჩამოვიდოდი საქართველოში. მსოფლიოს მასშტაბით ვინც არასათანადო სერიოზულობით მიუდგა საკითხს, ახლა იხდის მძიმე ფასს ეკონომიკის, ჯანდაცვის და სიკვდილიანობის მაჩვენებლის თვალსაზრისით.

ჩემი რეკომენდაციაა, მით უფრო - ახალი შტამის პირობებში, შეძენილ იქნას მაღალი ხარისხის, ევროკავშირის სტანდარტის – EN 683 სამედიცინო პირბადე. ის უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა სავაჭრო ობიექტში და ფასი 15 თეთრს არ უნდა აღემატებოდეს (მისი თვითღირებულება 13 თეთრია). ეს არის ჩვენი #1 წამალი და გამოსავალი. პირბადე უნდა შევცვალოთ ყოველ სამ საათში. შემდეგი რეკომენდაციაა 2–მეტრიანი დისტანცია ასევე პირბადით; გვჭირდება პოზიტივი, სუფთა ჰაერზე ყოველდღიურად 50 წუთით სეირნობა, რათა იმუნური სისტემა გავაძლიეროთ. ბუნებრივია, გვჭირდება სწორი კვება – ხილი და ბოსტნეული; თამბაქოს შევეშვათ და თუ მაინცდამაინც ალკოჰოლის მიღება გვსურს, ერთი ჭიქა ღვინო საკმარისია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები