
მეტი ეკონომიკური სანქცია, “რბილი ძალა” და სამხედრო რისკი – რას ელიან კრემლისგან ქართველი ექსპერტები
02/07/2019 15:53:59 პოლიტიკა, თვალსაზრისი, საგარეო პოლიტიკა, კომენტარი, ეკონომიკა
საზოგადოებრივი პროტესტი, რომელიც კრემლმა სასწრაფოდ „რუსოფობიად“ მონათლა, მე-13 დღეა, გრძელდება. მართალია, რუთაველის გამზირზე მდგომ მოქალაქეთა თავდაპირველ სიას შემდგომში შიდა პოლიტიკური მოთხოვნებიც დაემატა, რაც 20 ივნისის „გავრილოვის ღამეს“ განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა განაპირობა, თუმცა მთავარი ხაზი - „რუსეთი ოკუპანტია!“ არსად დაკარგულა. რუსეთის მმართველმა ელიტამ არ დააყოვნა და საქართველოს რიგი სანქციები დაუწესა: ფრენების აკრძალვა, ქვეყნიდან რუსეთის მოქალაქეების ევაკუაცია, რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის კონტროლის გამკაცრება... მაგრამ ქართველი ანალიტიკოსები კიდევ მეტის მოლოდინში არიან და მათ შორის სამხედრო რისკებზეც ამახვილებენ ყურადღებას.
„ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებული მოვლენები ნათლად აჩვენებს, რომ რუს დეპუტატ გავრილოვის პროვოკაცია რუსეთის მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი. საქართველოს ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი რისკები სათანადოდ ვერ შეაფასა, ჩვენი მთავრობის მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ გავრილოვის საქართველოში ვიზიტამდე სოციალურ ქსელებში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა საქართველოს მთავრობის მიმართ გაფრთხილებითა და მოწოდებით, არ შემოეშვა ქვეყანაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომუნისტი დეპუტატი, რომელსაც მანამდე არაერთგზის ჰქონდა ნათქვამი, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა “უკვე შემდგარი ფაქტია, საქართველო ამას უნდა შეეგუოს და რუსეთთან ურთიერთობები ამ ფაქტის გათვალისწინებით ააგოს". საბოლოო ჯამში, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ გავრილოვი თავხედურად მოთავსდა საქართველოს სახელმწიფოს ერთ–ერთი პირველი პირის სავარძელში. ამ ფაქტმა მოსახლეობის სამართლიანი პროტესტი გამოიწვია, რომელიც, სამწუხაროდ, ძალადობრივი დარბევით დასრულდა და ამ დროს ახალგაზრდები დასახიჩრდნენ. მოვლენებს, სამწუხაროდ, უკან ვეღარ დააბრუნებ, თუმცა საპროტესტო გამოსვლების ფონზე არავინ აქცევს ყურადღებას იმ საფრთხეებს, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ გეგმავს” - ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი გოჩა გვარამია.
ზემოთ ხსენებული სანქციების გარდა, იგი მოსკოვის მხრიდან შემდეგ ბოლოდროინდელ ნაბიჯებსა და გზავნილებზე ამახვილებს ყურადღებას:
- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართული მხარისგან საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილი რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა მოითხოვა;
- რუსეთის პროკურატურამ გავრილოვის მიმართ საქართველოს მოქალაქეების სრულიად სამართლიან ნეგატიურ დამოკიდებულებას "ექსტრემისტული მოქმედება" უწოდა და ბრძანებითი ტონით მოსთხოვა ქართულ მხარეს, მომხდარი გამოიძიოს, თანაც ამ პროცესში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა;
- საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საერთოდაც აბსურდული განცხადება გააკეთა, თითქოს საქართველოში ბოლოდროინდელ პროცესებს ამერიკელები მართავენ და ეს ყველაფერი მათი ბრძანებით მოხდა, რათა "რუსეთ–საქართველოს ერთობლივი ისტორია გადაიწეროს";
- ჟურნალისტმა მაქსიმ შევჩენკომ, რომელიც ბოლო პერიოდში ცხვრის ტყავში გადაცმული გვევლინებოდა, განაცხადა, რომ “მოსკოვს თამაშის ერთადერთი ვარიანტი დარჩა – ომი და შეჭრა”;
- რუსული მედია კვლავინდებურად აჭრელებულია ინფორმაციით, რომ საქართველოში “თავს ესხმიან ეთნიკურ რუსებს, განსაკუთრებით - რუსეთის მოქალაქეებს”;
კრემლის რუპორ ჟირინოვსკის განცხადებით კი, რუსეთის მკაცრი ნაბიჯების შემდეგ "საქართველოსგან აღარაფერი დარჩება".
“ეს ყველაფერი რუსეთის ძირითადი გზავნილებია. იქმნება ერთგვარი დეჟავიუ 2006 წლისა, რომელსაც 2008 წელს საქართველოს ტერიტორიის 20%–ის ოკუპაცია მოჰყვა. თუმცა საქართველოს წინააღმდეგ რაიმე ძალისმიერი სცენარის გამოყენებისთვის კრემლს 2008 წლისგან განსხვავებით, სხვა, უფრო წონადი მიზეზი ესაჭიროება” - თვლის გვარამია.
მისივე აზრით, მიზნის მისაღწევად კრემლმა შეიძლება, რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლეც კი არაფრად ჩააგდოს და უკვე შერჩეულიც ჰყავდეს "შესაწირი კრავი" “ურჩი” მოქალაქეების სახით, რომლებმაც პუტინის ბრძანების მიუხედავად, საქართველოში დასვენება არ შეწყვიტეს.
ასევე გასათვალისწინებელია, გვარამიას თქმით, ისიც, რომ ბოლო წლებში საქართველოში მასობრივად გადმოდიოდნენ საცხოვრებლად რუსეთის მოქალაქეები, რომელთა შორის, დიდი ალბათობით, რუსეთის სპეცსამსახურებისა და დივერსიული ჯგუფების წარმომადგენლებიც შეიძლება, იყვნენ.
“საჭიროების შემთხვევაში ისინი მზად იქნებიან, შეასრულონ მოსკოვის ნებისმიერი ბრძანება აქ მყოფ რუსეთის მოქალაქეებზე თავდასხმის ჩათვლით, კრემლი კი ამ ფაქტებს აუცილებლად გამოიყენებს საქართველოს წინააღმდეგ მორიგი სამხედრო აგრესიისთვის და გამორიცხული არ არის, თბილისში ავადსახსენებელი ე.წ. "მწვანე კაცუნები" ვიხილოთ“,– ამბობს ანალიტიკოსი.
საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რისკებს რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებში ხედავს.
ცნობისთვის: „მიგრაციის პროფილის“ მონაცემებით, იმ უცხოელთა 53%, რომლებმაც 2012-2016 წლებში საქართველოში ქონება დაირეგისტრირეს, რუსეთის მოქალაქე იყო; 5%-5% - უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის; 4% - ისრაელის; 3-3% - აშშ-ისა და საბერძნეთის, ხოლო 2%-2% - გერმანიის, ირანის, ერაყისა და თურქეთის. ორი თვის წინ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ (აფბა) გამოაქვეყნა კვლევა საქართველოს ბაზარზე რუსული ინტერესების შესახებ და უნდა ითქვას, რომ ეს ინტერესები საკმაოდ სოლიდურად არის წარმოდგენილი.
როგორც გობრონიძე ამბობს, როგორც ყოფილი, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების მმართველი პოლიტიკური ელიტები “ვერ იაზრებდნენ, რომ სადღეისოდ საქართველოს რუსეთთან საომარი მდგომარეობა აქვს”:
“2008 წელს დადებული “ცეცხლის შეწყვეტის შესახებ” შეთანხმება არ არის სამშვიდობო ხელშეკრულება, ის არ შესრულებულა რუსეთის მხრიდან. ამ მოცემულობაში საქართველოს მაქსიმუმი უნდა გაეკეთებინა, რათა დროებით დამყარებული მშვიდობისგან ყველაზე მეტი ეფექტი მიეღო. ეს გულისხმობდა ქვეყნის რუსეთზე დამოკიდებულების 0%–მდე შემცირებას, თუმცა სადღეისოდ საპირისპირო მოცემულობა გვაქვს: ჩვენ ვიღებთ პოლიტიკას, რომელიც თითქოსდა რუსეთთან ურთიერთობის დათბობისკენაა მიმართული. თავის დროზე ამას რაღაც ახსნა ჰქონდა, თუმცა მას არც მაშინ ვეთანხმებოდი. მაგალითად, ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან ცალმხრივად გვაქვს უვიზო რეჟიმი... საქართველოსა და რუსეთს შორის განგრძობადმა მშვიდობამ ტურისტული ნაკადების ზრდა მოიტანა და ქვეყანა რუსეთის ფედერაციაზე მნიშვნელოვნად დამოკიდებულად გადაიქცა, რადგან ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელვანი დარგია. ამას ისიც მოჰყვა, რომ ჩვენი ბაზრები, ჩვენი სივრცე, ჩვენი ეკონომიკა ძალიან გაიხსნა რუსეთისთვის. ამას მოწმობს საქართველოში მოქმედი რუსული ბიზნეს-ოპერატორების, ან რუსეთის მოქალაქეების ხელში არსებული ბიზნესების რაოდენობა. ნუ გვექნება ილუზია, რომ თითოეული მათგანი ნატურალიზებული ქართველია რუსეთში, ან ისინი არიან ქართველები, რომლებსაც ორივე ქვეყანაში ბიზნესი აქვთ. ძალიან ბევრი ჩამოდის რუსეთიდან, ძალიან ბევრი საოჯახო ტიპის სასტუმრო თუ კაფეა რუსეთის მოქალაქეების ხელში, აღარაფერს ვამბობ მსხვილ ბიზნესებზე: სისტემატიურად ხდებოდა და ახლაც ხდება სტრატეგიული ობიექტების გადაცემა. შესაბამისად, დღეს ჩვენ ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვართ – ძალიან მაღალია რუსული სპეცსამსახურების ოპერატიული შეღწევადობის რისკი. დავიჯერო, ჩვენ ვიცით, ვინ ჩამოდის და რა ბიზნესს აკეთებს საქართველოში, ყველაფერი შესწავლილი აქვს უშიშროების სამსახურს?!“.
მისივე თქმით, „იმ პირობებში, როდესაც სახეზეა განგრძობადი, მცოცავი ოკუპაცია, ოკუპირებულ რეგიონებში შეუქცევადი სამხედრო აღმშენებლობის პროცესი მიმდინარეობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთისგან სამხედრო რისკის ქვეშ ვართ და თბილისში ყველა შენობა ცხინვალიდან რუსული არტილერიის დაფარვის ზონაშია, ხელისუფლებამ მოახერხა და თითქმის პირველ ეკონომიკურ პარტნიორად აქცია რუსეთი“.
„თუ გამონაკლის ინსტიტუტებს არ ჩავთვლით, როგორიცაა, მაგალითად, თავდაცვის სამინისტრო, ქვეყანას პრაქტიკულად არ გააჩნია ის, რაც უნდა გვქონოდა: 2008 წლიდან მოყოლებული, უნდა შეგვემუშავებინა რუსეთის შეკავებისა და წინააღმდეგობის პოლიტიკა. თავის დროზე, როდესაც რუსეთს სანქციებს უწესებდნენ, ჩვენ ამ მიმართულებით არ გვიაქტიურია, არ შევუერთდით და ამას ჩვენი ეკონომიკური ინტერესით ვხსნიდით. საბოლოოდ მივიღეთ ის, რაც რუსეთისგან უნდა მიგვეღო – დარტყმა ჩვენს ეკონომიკაზე და ეს კიდევ დასაწყისია“, - თვლის ანალიტიკოსი.
საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი დავით ბატაშვილი კი საფრთხეებს რუსულ “რბილ ძალაში” ხედავს:
„ბევრად უფრო დიდი პრობლემაა ის მასობრივი დეზინფორმაცია, რომელიც თითქმის ყოველსაათობრივად ვრცელდება რუსეთის სასარგებლოდ ქსენოფობიური, ანტიდასავლური და სხვა გზავნილებით. ამას ქართულ ენაზე უმეტესად საქართველოს მოქალაქეები აკეთებენ. სამხედრო სფეროს და დიპლომატიას თავი რომ დავანებოთ, “რბილი ძალის” კუთხით პროპაგანდის ზემოქმედება საქართველოს მოსახლეობაზე უპირველესი საფრთხეა. უპირველესად, სწორედ ამაზეა საჭირო კონცენტრირება“.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021