Accentnews.ge
თვითმკვლელი რეალობა

თვითმკვლელი რეალობა

24/12/2020 06:09:44 კონფლიქტები

კრიზისი სახელმწიფოში, კრიზისი აფხაზეთის თითოეული მოქალაქის ცხოვრებაში. იმედების კრახი. სულში - სიცარიელე. მოკლედ ასე შეიძლება, აღიწეროს ვითარება რესპუბლიკაში, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ნათელი მომავლის გეგმებს სახავდა.

ეპიდემიამ უკვე 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე წაგვართვა. მოქალაქეთა უფლებებისა დ თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობა იზრდება. უმუშევრობა, პენსიებისა და ხელფასების არგაცემა, ფასების ზრდა… ამ ყველაფერს კი საშინელი საფრთხე დაემატა, რომელიც აფხაზეთისთვის გლობალური მასშტაბის პრობლემად ყალიბდება.

მარტო გასული კვირის განმავლობაში აფხაზეთში ხუთმა ადამიანმა მოიკლა თავი, რომელთა ასაკი 26 წელს არ აღემატებოდა. ცნობები ახალგაზრდების სუიციდის შესახებ სოციალურ ქსელებში ათასობით კომენტარს აგროვებს, რომლებშიც პასუხს მთავარ კითხვაზე — მიზეზებზე ვერ იპოვით.

დარწმუნებული ვარ, სამართალდამცველ ორგანოებს გააჩნიათ მსგავსი შემთხვევების სტატისტიკა, მაგრამ თავისუფალ წვდომაში მას ვერ იპოვით. მის გარეშე კი შეგვიძლია, მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში თვითმკვლელობების რაოდენობა გაიზარდა. და თვითმკვლელთა შორის მეტია ახალგაზრდა, რომელთა ცხოვრება ტრაგიკულად შეწყდა.

«ჩვენს ქვეყანაში საშინელებები ხდება. ახალგაზრდები იღუპებიან ნარკოტიკებისგან, ავტოსაგზაო შემთხვევებში, ან თავს იკლავენ. ყველა ეს ფაქტი ფიქსირდება, თუმცა მიზეზებს არავინ იკვლევს. და ეს ძალიან გვაშფოთებს. მოქალაქეთა სულიერი პრობლემები ჩვენს საზოგადოებას თვითგანადგურებამდე მიიყვანს», - თვლის ჩვენი თანამოსაუბრე მარია. მისი აზრით, მსგავს კრიზისულ პირობებში, როცა ახალგაზრდობაც კი «წერტილამდეა» მიყვანილი, ანტიკრიზისული ფსიქოლოგიური მიმართულების გაძლიერებაა საჭირო. «მაგრამ აფხაზეთში პროფესიონალი ფსიქოლოგების კუთხით პრობლემა გვაქვს, ხოლო ისინი, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს, დატვირთვას ვერ უძლებენ. მოქალაქეთა პრობლემები დიდი სისწრაფით იზრდება და ამ ვითარებაში ორი-სამი ფსიქოლოგი არაფერს ეყოფა. უნდა არსებობდეს სახელმწიფო პროგრამა, სხვადასხვა პროექტები, რომელიც ჩვენს ახალგაზრდობას ამ მძიმე პერიოდის გადატანაში დაეხმარება», - დარწმუნებულია მარია.

ზოგიერთების აზრით, ყველა ასეთი სუსტი და პრობლემებისადმი მოწყვლადი არ არის. მაგრამ სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ «სირთულეებს თითქმის ყველა მოზარდი და 30 წლამდე ახალგაზრდა განიცდის». ამასთან, ვინმესთვის მათი გაზიარება მათ არა მხოლოდ არ შეუძლიათ, არამედ არც სურთ. «საზოგადოება გვაქვს ასეთი. სირცხვილია, ვინმეს დახმარებისთვის მიმართო, თუ ოჯახში ნარკოდამოკიდებული ან ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე წევრი გყავს. თითოეული საკუთარი ძალით ცდილობს გამკლავებას და საზოგადოებას პრობლემების არსებობის ფაქტს უმალავს», - ამბობს ფქსიქოლოგი ალექსანდრა. ჩვენი თანამოსაუბრის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ახალგაზრდებს დაღს ასვამს და სპეციალისტების დახმარებით პრობლემებთან ბრძოლის სურვილის ნაცვლად, ისინი საკუთარ თავში იკეტებიან, შედეგად კი ვიღებთ სუიციდს.

«ჩვენში სირცხვილია, გაამხილო, რომ პრობლემური შვილი გყავს. ჩვენს ქვეყანაში ეს საჯარო დამცირების ტოლფასია. ამიტომაც, ვფიქრობ, ნათესავები ყველაფერს მალავენ. თანაც ვის და როგორ მიმართონ? თუ ექიმი პაციენტის პრობლემებს მარჯვნივ და მარცხნივ ყველას უყვება, სადაა იმის გარანტია, რომ ფსიქოლოგი დაიცავს კონფიდენციალურობას? ჰოდა, ყველა თავის პრობლემებში იხარშება — როგორც ზრდასრულები, ისე მოზარდები და ახალგაზრდები», - ყვება ჩვენი თანამოსაუბრე გივი.

ადამიანის უფლებების დარღვევის, ძალადობის (მათ შორის — ოჯახურის) თემა აფხაზეთისთვის არახალია. ყოველ ჯერზე ადგილობრივი მედია ამცნობს მსოფლიოს იმ განუკითხაობის შესახებ, რომელიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე ხდება. მაგრამ ყოველ ჯერზე ვითარებაზე რეაგირების ნაცვლად, ხელისუფლება დუმს და არაფერს იმჩნევს. პრობლემა არა მხოლოდ ნარჩუნდება, არამედ იზრდება. სახელმწიფო კი კვლავინდებურად უმალავს სიმართლეს საზოგადოებას, რომელიც დახმარებას კვლავ უშედეგოდ ითხოვს.

«ჩვენ ბედის ანაბარა ვართ მიტოვებულები. ჩვენი ღატაკი ცხოვრება რეალითი-შოუდ გადაიქცა, სადაც გადარჩენა დიდი გამართლებაა. არ გვაქვს შუქი, წყალი, ხელფასი, სამსახური, ახლა კი ამ ყველაფერს საშინელი დაავადებაც დაემატა. ჩვენს ქვეყანას მხოლოდ პრობლემები და ვალები აქვს, მაგრამ არ ჩანს გადაწყვეტილებები, იდეები ჩიხიდან გამოსასვლელად. ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს ჩვენს ამოწყვეტას ცდილობენ და ეს მოზარდი თაობით დაიწყეს. ის კი არა მარტო თითოეული კონკრეტული ოჯახის, არამედ მთლიანობაში აფხაზური სახელმწიფოს მომავალია», - თვლის ჩვენი რესპონდენტი ზაური.

ყოველი 40 წამის განმავლობაში მსოფლიოში ვიღაც თავს იკლავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, წელიწადში ეს მსოფლიოს მასშტაბთ საშუალოდ 800 ათასი ადამიანია. ყოველდღიურად მსოფლიოში 3000-ზე მეტი მოზარდი იღუპება, წელიწადში კი - 1,2 მილიონი მიზეზებით, რომელთა თავიდან აცილებაც შეიძლებოდა. ორგანიზაციის მონაცემებთ, თვითმკვლელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ფიქსირდება, სადაც ახალგაზრდებს შორის სუიციდი სიკვდილიანობის მიზეზების ჩამონათვალში მეორე ადგილს იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისგან შორსაა, თვითმკვლელობები აქ ხშირი მოვლენაა. და ცივილიზაციის მიღმა მცხოვრები პატარა ხალხისთვის ეს არა უბრალოდ საშიში ციფრი, არამედ დამღუპველია.

და რას სთავაზობს სახელმწიფო თვითმკვლელობის იდეით შეპყრობილ ადამიანს, რომელიც აცნობიერებს, რომ პრობლემას მარტო ვერ გაუმკლავდება? მოკლედ თუ ვიტყვით - არაფერს. ამასთან, მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ზოგადად, თვითმკვლელობების პრევენცია სრულიად რეალურია. როგორც ჩანს, ასეა, მაგრამ ეს — სადღაც იქ, დიდ მსოფლიოში და არა აფხაზეთში, რომელმაც ვერა და ვერ ისწავლა რეალურად პირველხარისხოვან საკითხებს შორის პრიორიტეტების განსაზღვრა. და შედეგი: საზოგადოებას უწევს, მორიგი მსხვერპლი იგლოვოს და დახმარების გარეშე აგრძელოს მძიმე ყოფა. ასეთია აფხაზური რეალობა. და ვშიშობ, მდგომარეობა არ გამოსწორდება. როგორც იტყვიან, ძირი გახვრეტილია. თუმცა დასასრულია ეს თუ არა - სამწუხაროდ, არავინ იცის.

კრისტინა ავიძბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S