
"ეს ყველაფერი მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს ჟენევის დისკუსიაზე"
02/07/2019 16:28:35 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ჟენევის დისკუსიებზე არ არის რთული ვითარება, ვითარება რთულია საქართველოში, – ამის შესახებ ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებით რუსეთი სანქციებს არ ახორციელებს და ეს მათი მხრიდან ადეკვატური პასუხია.
„სამწუხაროა, რომ ამ პოლიტიკურმა ბრძოლამ ასე ამოხეთქა ანტირუსულ განწყობებში, მაგრამ ეს ყველაფერი მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს ჟენევის დისკუსიაზე, რომელიც ძირითადად, ტრადიციულ თემებს ეძღვნება – ეს არის სიტუაცია სასაზღვრო ზონებში, ინციდენტების რაოდენობა, იმ ფაქტორების ლიკვიდაცია, რამაც შესაძლოა, სიტუაცია გაართულოს, ჰუმანიტარული საკითხები.
განსაკუთრებულს არაფერს ველოდები. რაც შეეხება შეზღუდვებს, ამას სანქციებს ვერ დავარქმევდი, ეს არის ადეკვატური პასუხი იმ პოლიტიკურ უხეშობაზე, რომელიც ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ გამოვლინდა“, – განუცხადა გრიგორი კარასინმა საქართველოს პირველ არხს.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი დღეს იმართება.
„საქართველოს დელეგაცია აპირებს ყველა იმ საკითხის მწვავედ და მკაფიოდ დასმას, რომელიც აქამდეც იცით, რომ ჟენევის მოლაპარაკებების წინა რაუნდების დღის წესრიგის მთავარ ნაწილს შეადგენდა. ეს გახლავთ გამალებული დემილიტარიზაცია, უკანონო ბორდერიზაცია და იქ არსებული მძიმე პოლიტიკური და ჰუმანიტარული ფონი და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება 27 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის შედეგადაც, დაკეტილია ენგურის ხიდი, რაც კიდევ უფრო ართულებს იქ არსებულ ვითარებას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების ფარგლებში ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებულია საკითხები დევნილების უსაფრთხო, უპირობო დაბრუნებასა და ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებზე.
„ჟენევის მოლაპარაკებებს აქვს თავისი კონკრეტული დღის წესრიგი. რა თქმა უნდა, ამ დღის წესრიგში ძალიან ბევრი საკითხია, მათ შორის უფრო ზოგადი საკითხებიც. და მათ შორისაა ჩვენი დევნილების უსაფრთხო და უპირობო დაბრუნება და რუსეთის მიერ საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება 2018 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებზე საუბარი. ამიტომ, კომისია აგრძელებს მუშაობას. ეს არის 48-ე რაუნდი, სადაც კიდევ ერთხელ აქტიურად დაისმება ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქეების საკითხი“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას თქმით, საერთო ფონის გამო, რომელიც სადღეისოდაა შექმნილი, კიდევ უფრო გართულებულია მოლაპარაკებები.
„მოგეხსენებათ, მოლაპარაკებების მთავარი თემა არის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების საკითხი, ასევე ის ჰუმანიტარული ვითარება, რომელიც გვაქვს ადგილზე. შესაბამისად, იქნება ძირითადი საკითხები, რასაც საქართველოს დელეგაცია დააყენებს, არის ის ჰუმანიტარული ვითარება და იმ საკითხების შესრულება, რომელიც გათვალისწინებულია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით. მთავრი თემა ამ ეტაპზე, როგორც მოგეხსენებათ, არის გადასასვლელების დაკეტვის საკითხი, რომელმაც კიდევ უფრო დაამძიმა ჰუმანიტარული ვითარება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ჩვენ მოვითხოვთ ამ გადასასვლელების გახსნას“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.
ცნობისთვის: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის შეიქმნა.
აღნიშნული დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად. მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება.
საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ აშშ-ის წარმომადგენლები და ასევე თანათავმჯდომარეები ეუთო–ს, ევროკავშირის და გაერო–ს მხრიდან. ამასთან, დისკუსიებში ჩართულნი არიან ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველში განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორეში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა.
რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.
აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშვნას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, 2 პირი კი ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა, 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ, ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება.
სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.