
აფხაზეთი – გზაგასაყარზე
24/12/2020 15:34:00 კონფლიქტები
აფხაზეთში კვლავ დაძაბულობაა, “პარლამენტში” კვლავ ხმაურია. შფოთვა მოსკოვური დირექტივების – “რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის კანონმდებლობების ჰარმონიზების საფუძველზე ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის” ირგვლივ ჯერ არ ჩამცხრალა და უკვე მეორე არანაკლებ რეზონანსული დოკუმენტი – “პრეზიდენტ” ბჟანიას მიერ დამტკიცებული “აფხაზეთის საგარეო პოლიტიკური კონცეფცია” გამოჩნდა. მაგრამ თუ პირველ შემთხვევაში საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვანი ნაწილი, ხედავს რა “პროგრამაში” რუსეთის მიერ აფხაზეთის შთანთქმის პირდაპირ საფრთხეს, მოსკოვიდან გამოგზავნილი ამ დოკუმენტის მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, მეორეში - პირიქით, კონცეფციის მიღებას მხარს უჭერს. დოკუმენტს მხოლოდ პრორუსული ოპოზიცია აპროტესტებს, უმთავრესად – ყოფილი ჩინოსნები და მათი მხარდამჭერები, ჩამოშორებულები იმ “სახელმწიფო” სალაფავს, რომელიც ბოლო დრომდე რუსეთიდან გამოგზავნილი ფინანსებით ივსებოდა. მათი პროტესტი მარტივად ახსნადია: პირველად მსგავს დოკუმენტში ჩაიდო გრაფა (პუნქტი 2.3) თბილისთან ურთიერთობების ნორნალიზების შესახებ, მოსკოვს კი, რომელიც აქტიურად ითრევს აფხაზეთს მის მიერ პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩამოსაყალიბებელ მორიგ “სამოკავშირეო სახელმწიფოში”, სოხუმისა და თბილისის თანამშრომლობა არაფერში აწყობს.
“სახელმწიფო ღალატის” შესახებ ოპოზიციის ხმამაღალი განცხადებების ფონზე გარკვევა იმაში, რა უფრო სარისკოა – რუსეთის მიერ საბოლოოდ შთანთქმულად იქცე, თუ აწარმოო დიალოგი და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა თბილისთან, მარტივი არ არის. მით უფრო – იმ ფონზე, რომ თბილისის მიერ არაერთგზის გაჟღერებული ინიციატივების არსი აფხაზეთის მოსახლეობისთვის დიდად ამ დრომდე არავის განუმარტავს. გასაკუთრებით ჩქმალავენ აფხაზეთში იმ ფაქტს, რომ თბილისის ყველა სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც, კერძოდ, უფასო სამედიცინო მომსახურებას, უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასო სწავლას, აფხაზური პროდუქციის დასავლეთის ბაზრებზე საშეღავათო პირობებით გატანასა და სხვა შესაძლებლობებს უკავშირდება, აფხაზური მხარისთვის სრულიად მისაღებ მიდგომას ითვალისწინებს: ამ შესაძლებლობებით სარგებლობის მსურველ აფხაზეთის მკვიდრთ არავინ სთხოვთ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას, ქართული საბუთებისა და სხვა რაიმე პოლიტიკური ვალდებულებების აღებას.
ძალიან არ უყვართ რუსული შემოსავლის გარეშე დარჩენილ ყოფილ აფხაზ ჩინოსნებს იმაზე საუბარიც, სად გაქრა მოსკოვიდან აფხაზეთის “განვითარებისთვის” გამოგზავნილი მილიონები, არც იმაზე, რატომ არ სურდა “სტრატეგიულ პარტნიორსა” და “მეგობარს”, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში თვალს ხუჭავდა მის მიერ გამოგზავნილი ფინანსების მითვისება-მიტაცებაზე, აფხაზეთს დამოუკიდებლად დაეწყო განვითარება, მომძლავრება და მიახლოება დამოუკიდებლობის ჯერ მხოლოდ დეკლარირებულ მდგომარეობასთან. მათ ეს მშვენივრად უწყოდნენ და ნათლად აცნობიერებდნენ, რით შეიძლებოდა, დასრულებულიყო აფხაზეთისთვის ამგვარი “სტრატეგიული პარტნიორობა”, თუმცა სინდისის ყოველგვარი ქენჯნის გარეშე აგრძელებდნენ მოსკოვიდან გამოგზავნილი ფინანსების დასაწყობებას საკუთარ ფართო ჯიბეებში – როგორც ჩანს, მაშინ ჯერ არ იცოდნენ, რა იყო “სახელმწიფო ღალატი”, “ეროვნული ინტერესების გაყიდვა” და ა.შ.. გონს ისინი ამ მხრივ მხოლოდ ახლა მოეგნენ, როცა “სტრატეგიულმა პარტნიორმა” აფხაზეთს თავისი რეალური სახე, რეალური ზრახვები უჩვენა, როცა მათ გამომკვებ მოსკოვს აფხაზეთთან მიმართებაში პროგრამა-მაქსიმუმის განხორციელებამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება და ამაში მის დასახმარებლად საჭიროა, ერთის მხრივ, კრიზისის დაძლევის ალტერნატიული გზების ძიებაში მყოფი “ხელისუფლების” ჩიხში შეყვანა, ხოლო მეორეს მხრივ, მოსახლეობის დეზორიენტირება და დაშინება, რათა ვინმეს თავში მოსკოვის გეგმებისთვის შეწინააღმდეგება არ მოუვიდეს. რა თქმა უნდა, მოსკოვს საკმარისზე მეტი ძალა აქვს აფხაზეთში, სადაც ყოველ ნაბიჯზე ოფიციალური და არაოფიციალური სამხედრო ბაზები გააჩნია, რათა ნებისმიერი შესაძლო პროტესტი მყისიერად ჩაახშოს, თუმცა ცხადია, უმჯობესი იქნება, ეს სისხლის, ხმაურისა და მტვრის გარეშე მოახერხოს - და აფხაზური ოპოზიცია, როგორც ჩანს, მზადაა, მოსკოვს ამაში ყოველმხრივ დაეხმაროს. მით უფრო, რომ მის არაერთ წევრს რუსი პარტნიორების მიმართ როგორც ფინანსური, ისე ქონებრივი და სხვა სახის ვალები დაუგროვდა.
ასლან ბჟანიას გუნდის მიერ ინიცირებული კონცეფციის, განსაკუთრებით კი პუნქტ 2.3-ის წინააღმდეგ საკუთარი არგუმენტები ოპოზიციის წარმომადგენლებმა 21 დეკემბერს “პარლამნტის” რიგგარეშე სხდომაზეც დააფიქსირეს. კერძოდ, საზოგადო მოღვაწე ლეილა ტანიამ განაცხადა, რომ “ხელისუფლების მსგავსად, მასაც სურს აფხაზეთის განბლოკვა, მაგრამ არსებობს ამ მიზნის მიღწევის სხვა გზებიც”. “ეს შესაძლებელია, მიიღწეს არა საქართველოს მეშვეობით, რაც პირადად მე ძალზე საეჭვო და სადავო ვარიანტად მიმაჩნია, არამედ სხვა გზით – საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, ოღონდ რუსეთის გადამწყვეტ ხმაზე დაყრდნობით” – აღნიშნა მან. თუმცა რატომ ვერ მოახერხა აფხაზეთმა ამ დრომდე, წლების განმავლობაში “განბლოკილიყო რუსეთის გადამწყვეტ ხმაზე დაყრდნობით”, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს სოხუმთან 2014 წელს გაფორმებული ე.წ. დიდი ჩარჩო-ხელშეკრულებით აფხაზეთის ფართო საერთაშორისო აღიარებასა და ეკონომიკურ განვითარებაში ყოველმხრივი დახმარების ვალდებულებები ჰქონდა აღებული, ტანიას არ დაუკონკრეტებია.
ვეტერანთა ოპოზიციური გაერთიანება “არუაას” წარმომადგენელმა, გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ექს-ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ კი, რომელიც ახალმა “ხელისუფლებამ” თანამდებობიდან, მათ შორის, კორუფციული სქემების გამოაშკარავების გამო გადააყენა, განხილვის დროს კიდევ ერთხელ მოითხოვა “პრეზიდენტ” ბჟანიასგან, გაეწვია კონცეფციის დატკიცების გადაწყვეტილება და დოკუმენტი დამატებითი განხილვისთვის “პარლამენტში” დაებრუნებინა. ამასთან, მან “არუაას” სახელით გააჟღერა ინიციატივა, დოკუმენტში შეტანილ იქნას პუნქტი “მთელს მსოფლიოში საქართველოს მიერ აფხაზი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდის აღიარების” შესახებ და შემოღებულ იქნას “სისტემური გენოციდის” ცნება, რომელიც, წინა დე ფაქტო ხელისუფლების მომხრეთა აზრით, “მთელი XX საუკუნის განმავლობაში საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობებს ახასიათებს”. როგორც ნადარაიამ აღნიშნა, ის და მისი თანამოაზრეები თვლიან, რომ “გენოციდი უნდა აღიაროს ყველა ქვეყანამ, რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა”, უპირველესად კი ამ მიზნით უნდა მიემართოს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს, როგორც ეს სამხრეთ ოსეთმა გააკეთა”. მაგრამ რა მოუტანა ამან ცხინვალს და როგორ შეიძლება, დაეხმაროს აფხაზეთს განვითარებაში “გენოციდის” აღიარება, მაგალითად, ვენესუელის, ნიკარაგუას ან ნაურუს მიერ – ნადარაიას, რაღა თქმა უნდა, არ დაუკონკრეტებია.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა “არუაას” არგუმენტი იმის შესახებ, რომ კონცეფციის პუნქტი 2.3 («აფხაზეთის რესპუბლიკა უშვებს პირობების შექმნას საქართველოსთან მრავალდონიანი მოლაპარაკებებისთვის დამატებითი ფორმატის ფორმირებისთვის, რომელიც გააჩენს შესაძლებლობას, ქართულ მხარესთან განხილული იყოს საერთო ინტერესის საკითხები, რომელთა გადაჭრა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში შეუძლებელია») მისი რეალიზების შემთხვევაში «არა მარტო გადაწევს ჟენევის დისკუსიებს უკანა რიგში, არამედ დააქვეითებს მოლაპარაკებათა პროცესის სტატუსს, ხოლო ამ სტატუსის ცვლილების გამო აფხაზეთი შესაძლოა, საერთაშორისო შუამავლების გარეშე დარჩეს და ფაქტობრივად დაუბრუნდეს საერთაშორისო აღიარებამდელ მდგომარეობას”.
თუმცა ყველა ეს არგუმენტი იქვე გააბათილა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ, რომლის განმარტებით, “საუბარია სწორედ დამატებითი ფორმატის შექმნაზე და არა ჟენევის დისკუსიების ჩანაცვლებაზე”. “ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, ვაცხადებთ ახლაც, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები უნდა გაგრძელდეს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია” – განაცხადა “მინისტრმა”. რაც შეეხება ოპოზიციის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შესაძლო ახალი ფორმატი – ეს იქნება “პირისპირ, შუამავლების გარეშე მოლაპარაკებები მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე”, კოვემ მიუთითა იმაზე, რომ “კონცეფციაში მსგავსი რამ არსად წერია”.
ხოლო აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ “ხელისუფლების” პოზიცია ასე განმარტა: “არავინ ამბობს, რომ დღესვე უნდა ვეხვეწოთ საქართველოს, მოლაპარაკებები დავიწყოთ. შესაძლოა, ეს მოლაპარაკებები საერთოდ არ შედგეს – ამისთვის ხომ ქართული მხარის თანხმობაცაა საჭირო! მაგრამ ამის უფლება ჩვენს საგარეო პოლიტიკას უნდა ჰქონდეს. ანუ, იმ შემთხვევისთვის, თუ წარმოიშობა გარკვეული გარეოებები და გარკვეული თემების განხილვას შემოგვთავაზებენ, ჩვენი საგარეო პოლიტიკური უწყება უნდა ფლობდეს მსგავსი მოლაპარაკებების წარმოების უფლებას. ზოგადად, ნებისმიერ ქვეყანას უნდა გააჩნდეს მწყობრი დიპლომატია. ჩვენ კი რა, იმ პირობებში, როცა ერთ-ერთ მეზობელთან კონფლიქტი გვაქვს, ვამბობთ, რომ საუბარი საჭირო არ არის?! სწორედ როცა კონფლიქტი არსებობს, მაშინაა განსაკუთრებით საჭირო საუბარი! თუმცა, რაღა თქმა უნდა, უნდა ვისაუბროთ იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი და პასუხობს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს – ანუ ვისაუბროთ ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პოზიციიდან”.
ვფიქრობ, საღად მოაზროვნე ნებისმიერ ობიექტურ მოქალაქეს, რომელმაც კონცეფციის საკითხზე მხარეთა პოზიციები მოისმინა, შეუძლია, მარტივად გამოიტანოს დასკვნა იმის შესახებ, რომელი მათგანი თვალთმაქცობს თითიდან გამოწოვილი არგუმენტების მოყვანით და რომელია მართალი თავის მცდელობებში, ალტერნატივა მოუძებნოს რუსეთთან “პარტნიორობას”, რომელმაც აშკარად ვერ გაამართლა. აფხაზეთში უკვე ბევრი მივიდა იმ აზრამდე, რომ სრულად მიანდო რა თავისი მომავალი რუსეთს, რომელთანაც 2014-ში მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ. დიდი შეთანხმება გააფორმა, ხოლო 2020 წლის 12 ნოემბერს – “ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამაც”, ახლა, თუ არაფერს შეცვლის (თუკი ასლან ბჟანიას 3 დეკემბრის განცხადებით ვიმსჯელებთ, რომელმაც ფაქტობრივად ის თქვა, “რუსეთის გარეშე აწი რომც მოვინდომოთ, არაფერი გამოვაო), აფხაზეთს მხოლოდ ერთი რამ ელის – “სტრატეგიული პარტნიორის” მიერ თავის ინტერესებში შესაქმნელი მორიგი “სამოკავშირეო სახელმწიფოს” წევრობა. მეორეს მხრივ კი, ამჟამინდელი დე ფაქტო ხელისუფლების ინიციატივას თბილისთან თანამშრომლობის შესახებ შეეძლო, აფხაზეთი არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ჩიხიდან გამოეყვანა ინვესტიციების, ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი პირობების ჩამოყალიბების, ეკონომიკური განვითარების დაწყების წყალობით...
რა უფრო სარისკოა – მიიღო მოსკოვიდან გამოგზავნილი “პროგრამა” და იქცე საბოლოოდ შთანთქმულად რუსეთის მიერ, თუ მიიღო კონცეფცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება თბილისთან დიალოგისა და თანამშრომლობის დაწყება ურთიერთმისაღები ფორმულებითა და ფორმატით? - ეს აფხაზეთის მოსახლეობის გადასაწყვეტია. ამ დროისთვის მოსახლეობის უმრავლესობა ოპოზიციის ხედვას არ იზიარებს. აფხაზეთის კონსტიტუციის თანახმად კი, მსგავს საკითხებში გადამწყვეტი სწორედ მოქალაქეთა ნებაა.
ის ფაქტი, რომ “პარლამენტმა” 23 დეკემბერს კონცეფციის ხმაურიანი განხილვის შემდეგ ხმათა უმრავლესობით “პრეზიდენტის” მიერ ინიცირებულ დოკუმენტს მხარი დაუჭირა და უკუაგდო ოპოზიციის წინადადება დამატებითი განხილვისთვის დოკუმენტის დაბრუნების თაობაზე, შეიძლება, იმედის ნაპერწკლად ჩაითვალოს. თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, “ხელისუფლებამ” არ მისცეს კორუმპირებულ პრორუსულ ოპოზიციას შესძლებლობა, ინიციატივა აიღოს ხელში და პოლიტიკურ დღის წესრიგზე მოახდინოს გავლენა, - თვლიან თბილისში.
“ახლო წარსულში ასლან ბჟანიასაც, სერგეი შამბასაც არაერთგზის აღუნიშნავთ აფხაზი ხალხის საკეთილდღეოდ, ყოველგვარი ხელოვნური ბარიერებისა და წინაპირობების გარეშე თბილისთან თანამშრომლობის აუცილებლობა ვაჭრობის, ეკონომიკის, მედიცინის, განათლებისა და სხვა სფეროებში. ეს პოზიცია არა მარტო მისასალმებელია და მხარდაჭერას იმსახურებს, არამედ წარმოადგენს კრიზისის დაძლევის რეალურ გზას. ეს გზა, ცხადია, ეკლიანი იქნება. გასაგებია, რომ რუსეთი გააგრძელებს მასზე ყოველგვარი წინაღობების შექმნას და ამ მიზნით, მათ შორის, კორუმპირებული პრორუსული ოპოზიციის გამოყენებას. ამდენად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ასლან ბჟანიას გუნდმა, თუ, რა თქმა უნდა, მას არ შეუცვლია პოზიცია (რომელიც, მათ შორის, ხსენებული კოვნეფციის სულისკვეთებაში გამოიხატა), არ დაუთმოს ინიციატივა დესტრუქციულ ძალებს, არ მისცეს მათ პოლიტიკური დღის წესრიგის კარნახის შესაძლებლობა. ეს რთული იქნება, მაგრამ კრიტიკულად აუცილებელია” – დარწმუნებულია საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი.
ეკატერინე ცანავა
________________________________________________________________________________________________________________
მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ღია საინფორმაციო პარტნიორობის (OIP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება