Accentnews.ge
როცა “უსაფრთხოებისთვის” თავისუფლებას თმობ: რას უნდა ელოდოს აფხაზეთი კონსტიტუციური დიქტატურის რუსულ სისტემაში ინტეგრირებისგან

როცა “უსაფრთხოებისთვის” თავისუფლებას თმობ: რას უნდა ელოდოს აფხაზეთი კონსტიტუციური დიქტატურის რუსულ სისტემაში ინტეგრირებისგან

30/12/2020 15:49:01 კონფლიქტები

ყველაფერი, რასაც ეხლა თანამედროვე რუსეთზე ვწერ, არა ჩემი აზრი, ხედვა და შეფასება, არამედ უამრავი ანალიტიკოსის, დამკვირვებლის, ექსპერტის, პოლიტიკოსისა და რიგითი მოქალაქის ხედვაა, თანაც არა მხოლოდ უცხოეთში, არამედ თავად რუსეთშიც. ან რა აუცილებელია ანალიტიკოსების პოზიციის მოკითხვა, როცა ყველაფერი ისედაც ჩანს შეუიარაღებელი თვალით, ხოლო 2020 წლის 1 ივლისიდან უკვე კონსტიტუციაშიცაა ასახული?

თვალსაჩინოებისთვის დავიწყოთ წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენით – კორონავირუსული პანდემიით. მან ნათლად წარმოაჩინა, რომ რუსეთში არსებული პოლიტიკური სისტემა ნაკლებად ინტერესდება მოქალაქეებით და მხოლოდ წარმოაჩენს მათზე ზრუნვას. ასე, მაგალითად, თუ მსოფლიოს მეტ-ნაკლებად განვითარებული ქვეყნები მოსახლეობის, ბიზნესის, მეწარმეების დასახმარებლად წლის განმავლობაში საშუალოდ მშპ-ის 20%-ს ხარჯავდნენ, რუსეთში ეს ციფრი რამდენჯერმე ნაკლებია. ამერიკაში, მაგალითად, დახმარების სამი პაკეტი გამოიყო, მათგან ბოლო – სულ რამდენიმე დღის წინ და მისმა მოცულობამ 900 მლნ დოლარი შეადგინა. რუსეთში კი მხოლოდ ერთხელ – გაზაფხულზე გამოიყო 5-5 ათასი რუბლის ოდენობის დახმარება 8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. და ეს – იმ ფონზე, რომ იმ დროისთვის ეროვნული კეთილდღეობის ფონდში 10 ტრილიონამდე რუბლი ირიცხებოდა, ხოლო ქვეყნის ოქროს რეზერვები 38 ტრილიონს უტოლდებოდა!

რა არის ეს – სიხარბე თუ სიბრიყვე? არა – ეს სხვაგვარი პოლიტიკაა, რომლის არსი დასავლეთთან კონფრონტაციაში, მისთვის სახსრების ეკონომიაში მდგომარეობს: ის, რომ ეკონომიკა ეცემა, ცხოვრების დონის მსგავსად, უმნიშვნელოა, მნიშვნელოვანია, არსებობდეს სახსრები სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის, შეიარაღებისთვის. ჯანდაცვის სისტემა კი ამ დროს რუსეთის მსხვილ ქალააქებშიც კი (რომ აღარაფერი ვთქვათ რეგიონებზე) სულს ღაფავს, მოქალაქეთა ჰოსპიტალიზების საშუალებები სრულადაა ამოწურული. შედეგი სიღარიბეა და მაღალი სიკვდილიანობა: მთავრობის ოფიციალური მონაცემებით (რომელიც, როგორც უკვე არაერთგზის დადასტურდა, ხშირად მნიშვნელოვნადაა შემცირებული), წელს რუსეთის მოსახლეობის რიცხოვნობა 352,5 ათასით შემცირდება, რაც წინა წლის მაჩვენებელს 10-ჯერ აღემატება...

მაგრამ ეს ყვალაფერი როდია პანდემიის ნაწილში, ამ კუთხით არსებობს ახალი გარემოებებიც: ეპიდემიამდეც ცნობილი იყო, რომ ამჟამინდელ რუსეთში ხელისუფლება დახურულია და უკონტროლო, ეპიდემიამ კი აჩვენა, რომ ახლა კრემლი პანდემიის საფარქვეშ იყენებს ახალ – ციფრულ ტექნოლოგიებს მოსახლეობის ტოტალური კონტროლისთვის. ეს ერთგვარი ციფრული დამონებაა ელექტრონული პასპორტების, საშვების, სახის ამომცნობი სისტემების, პირადი მონაცემების არადეკლარირებული მიზნით გამოყენების მეშვეობით.

ამასთან, მთელი ბოლო თვეების განმავლობაში, ყოველგვარი პანდემიისგან დამოუკიდებლად, ქვეყანაში აქტიურად აგრძელებდნენ იმ სრულიად რეპრესიული კანონების მიღებას, რომლებიც 1 ივლისს (საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი მძღვნილი პლებისციტის შედეგად) ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ სისტემას შეესაბამება. უახლოეს ხანებში კი – უკვე 2021 წლის დასაწყისში ძალაში შევა სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიმდინარე წლის ბოლო დღეებში სასწრაფო წესით მიღებული დამატებითი რეპრესოული კანონების მთელი წყება. ამ ყველაფრის შედეგი ახალი, ძალზე აგრესიული გარემოა, რომელშიც ამიერიდან ქვეყნის მთელი სამოქალაქო, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება განხორციელდება.

ანალიტიკოსები 1 ივლისს "რუსეთში “ჩავარდნილი” პოსტსაბჭოთა მოდერნიზების ეპოქის დასრულებასა და ზეავტორიტარიზმის ახალი ეპოქის დაწყებაზე" საუბრობენ, რომლის დროსაც დამყარებულია განუსაზღვრელი პირადი ძალაუფლების რეჟიმი და ხელისუფლება კრძალავს პრაქტიკულად ყველაფერს, რაც მის მიერვე დაწესებულ “ნორმებს” ოდნავ მაინც სცდება.

ვინაა ამაზე პასუხისმგებელი? უდავოდ – ვლადიმირ პუტინი, როგორც ამ სისტემის შემქმნელი და მთელი პროცესის ხელმძღვანელი, თავის ძალოვანებთან ერთად. მაგრამ პასუხისმგებელია ყველა ის მოქალაქეც, რომელმაც 1 ივლისს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მხარდაჭერით პუტინს საპრეზიდენტო ვადები გაუნულა და ხელისუფლებაში ყოფნა გაუხანგრძლივა. თუმცა სამართლიანობისთვის აუცილებელია, აღინიშნოს, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და შეთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებში ამ განულებას პენსიები, ხელფასები, სხვა სოციალური დაპირებები, რუსულ ენაზე ზრუნვა და სხვა ათასი რამ შეურია. საზოგადოებამ მორიგი სატყუარაც გადაყლაპა. ხელისუფლება კი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მოსახლეობა მიიღებს ყველაფერს, რაც ქვეყანაში მოხდება. შედეგი? - შედეგი ისაა, რომ სოციალური დაცვის ნაცვლად, მოსახლეობა ივლისიდან დღემდე პარლამენტისგან მხოლოდ “სრულიად რუსეთის რენოვაციის” საფარქვეშ მიღებულ კანონებს ხედავს, რომელიც ითვალისწინებს, მაგალითად, მოქალაქეებისგან ბინების იძულებით ჩამორთმევას; ნებისმიერი სოციალური აქტივობა ქვეყანაში ხისტად და სისტემურად იხშობა; სახეზეა სახელმწიფო პოლიტიკური ტერორი ოპოზიციისა და ზოგადად ყველას მიმართ, ვინც სისტემას არ ეთანხმება. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ეს რეჟიმი უკვე კანონმდებლობაში, კონსტიტუციაშია დაკანონებული, რთულია, არ დაეთანხმო ანალიტიკოსების პროგნოზს, რომ ეს ბოროტი სისტემა სამომავლოდ მხოლოდ გაძლიერდება. მართლაც: თუ დღეს ერთიან პაკეტად, ყოველგვარი განხილვების გარეშე დღეში 10 რეპრესიული კანონი მიიღება, თუ დღეს შესაძლებელია, ღილაკის ერთი დაჭერით ერთბაშად 227 ცვლილება-შესწორებას დაუჭირო მხარი, რა შეუშლის ხელს ხელისუფლებას, ხვალ იგივე მეთოდით მისთვის სასურველი დრაკონული კანონების განუსაზღვრელი რაოდენობა გაიტანოს, მაგალითად, ისეთების, როგორიცაა უკვე მიღებული კანონები პოლიციის, “უცხოეთის აგენტების", ძალოვანთა მონაცემების გასაიდუმლოების შესახებ და სხვა?!

ასე, რომ დრო, როცა ზოგიერთი რუსეთში ჯერ კიდევ ჩიოდა, “ჩვენ ხომ დემოკრატიას ვაშენებთ, მაგრამ სახეზე გვაქვს მისგან გარკვეული გადახრებიო”, დასრულებულია. ახლა უკვე ყველასთვის ნათელია, რომ არავითარ დემოკრატიას არავინ აშენებს, მის ნაცვლად ყალიბდება სრულიად ტოტალიტარული რეჟიმი (ან, როგორც მეცნიერები ამბობენ, კონსტიტუციური დიქტატურის რეჟიმი პუტინის ბონაპარტიზმის საფუძველზე) და ყველაფერი “ყველაზე სასიამოვნო” მოსახლეობას ჯერ კიდევ წინ აქვს.

ამ ყველაფერს კრემლის პროპაგანდა ასეთი იდეოლოგიური “სოუსით” ასაღებს: “ერი ერთიანი უნდა იყოს, მას უნდა ჰყავდეს ბელადი, ირგვლივ კი ყველა მტერია”. ამას ემატება ერთგვარი შეპყრობილობა გამარჯვებით, გამარჯვების კულტი. სწორედ ამ საფუძველზე ყალიბდება რუსეთის ურთიერთობები მეზობლებთან. სწორედ ამიტომ არსებობს, ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის ირგვლივ დაძაბულობის სარტყელი. მოსკოვი ცდილობს, აკონტროლოს უზარმაზარი სივრცე და ამას უკიდურესად აგრესიულად აკეთებს, მათ შორის - საკუთარი სისტემის თავს მოხვევით. ასე, მაგალითად, ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო, გასცემდა რა ქუჩაში დიქტატურისა და გაყალბების გასაპროტესტებლად გასული მოქალაქეებისთვის სროლის ბრძანებას, ამას იმიტომ აკეთებდა, რომ ზურგს პუტინის რუსეთი უმაგრებდა, - დარწმუნებულები არიან ანალიტიკოსები. მათი აზრით, მოსკოვს ეს იმისთვის სჭირდება, რომ (ისევე, როგორც სომხეთის შემთხვევაში – მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია) მისთვის არასასურველი ხელისუფლებები დააჩოქოს, მათი, როგორც პოლიტიკური სუბიექტების ლიკვიდაცია მოახდინოს. რა ელის იქ, ადგილებზე ხალხს – მოსკოვში არავის აინტერესებს, მას აინტერესებს შეზღუდული სუვერენიტეტის პოლიტიკა. არსი იმაში მდგომარეობს, რომ საქმე უკიდურესობამდე მიიყვანოს, შემდეგ კი გამოუცხადოს იქაურ მოსახლეობას: “ახლა ჩვენს ეროვნულ გვარდიას გამოგიგზავნით, ის ყველას გადაგივლით და თუ ეს გინდათ, გააგრძელეთ პროტესტიო”. ხოლო თუ ესა თუ ის ხელისუფლება დაემორჩილება, მოსკოვი მას მხარს დაუჭერს – “თუ სროლაა საჭირო, ესროლე, რაც გინდა, ის აკეთეო”. და ისიც აკეთებს.

ჯერი სხვა მეზობელ ტერიტორიებზეც მიდგა. კრემლმა გადაწყვიტა, თავისი სისტემის აფხაზეთში ექსპორტირება მოახდინოს და ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში სოხუმს “კანონმდებლობების ჰარმონიზების საფუძველზე ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა” გაუგზავნა დასამტკიცებლად. ზემოთ აღწერილი იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელშიც რუსეთის მოსახლეობა აღმოჩნდა, დაუჭირა რა მხარი ფაქტობრივ კონსტიტუციურ დიქტატურას, ჩვენი აფხაზი მკითხველი ადვილად წარმოიდგენს, რა ელის მას და მის თანამემამულეებს ასეთ რუსულ კანონებთან აფხაზური კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შემთხვევაში.

მაგრამ ეს ყველაფერი როდია, რასაც აფხაზეთს “მეგობრულად” სთავაზობს რუსეთი. როგორც ამასწინათ – პუტინთან სოჭში გამართული შეხვედრის შემდეგ აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ აღიარა , რუსეთის პრეზიდენტმა გააჟღერა “წინადადება” იმ ახალ საკავშირო სახელმწიფოში ინტეგრირების თაობაზე, რომელსაც მოსკოვი პოსტსაბჭოთა სივრცეში “ქვეყნების ჯგუფის” მონაწილეობით ქმნის. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორი მომავალი წევრი სახელმწიფოა ცნობილი – რუსეთი და ბელარუსი. მოსკოვი ამ კავშირში ასევე მოიაზრებს მის და მისი რამდენიმე სატელიტი სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს, დნესტრისპირეთს, “სამხრეთ ოსეთს”, აფხაზეთს და შესაძლოა, სომხეთსაც. თუმცა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ მოსკოვში სომხეთთან მიმართებაში უფრო თამამი სცენარებიც ჟღერს, კერძოდ, ქვეყნის რუსეთის შემადგენლობაში პირდაპირი შესვლის. «დიახ, მოვლენათა ასეთ განვითარებას ბევრი დადებითად შეაფასებდა, მაგრამ ეს უნდა იყოს სომხეთის მოქალაქეების მიერ ქვეყნის შიგნით გამოხატული ნება” – განაცხადა 24 დეკემბერს, რუსეთის სომეხთა კავშირის მიერ ორგანიზებულ განხილვაზე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა . და თუ მოსკოვს ჰყოფნის თავხედობა, მსგავს იდეებს მთელი მსოფლიოს მიერ აღიარებული სომხეთის მიმართ აჟღერებდეს, ადვილი მისახვედრია, რას უნდო ელოდონ აფხაზეთის მკვიდრნი. ხოლო გზა, რომლითაც რუსეთი ამ მიზანს მიაღწევს, მის მიერ უკვე არაერთგან ნაცადი მარტივი და “უსისხლო” მეთოდი – “სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე” რეფერენდუმია.

იმის გათვალისწინებით, რომ სიტყვა “რეფერენდუმმა” სოხუმში რამდენჯერმე უკვე გაიჟღერა (ნების გამოხატვის ეს მექანიზმი ხალხს ამასწინათ ჯერ ასლან ბჟანიამ შეახსენა, რომელიც მანამდე სოჭში რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა, ხოლო შემდეგ – მის მიერ ჩამოყალიბებული “საკონსტიტუციო რეფორმის კომისიის” ხელმძღვანელმა ნათელა აკაბამ, განაცხადა რა, რომ “[…] თუ კონსტიტუციაში რაიმე მსგავსი ცვლილებები იქნება შემოთავაზებული, საჭირო იქნება რეფერენდუმის ჩატარება”), ცვლილებების დრო, როგორც ჩანს, არც ისე შორსაა, მიუხედავად ყველა იმ ადამიანის პროტესტისა, რომელიც უკვე აცნობიერებს, რას მოუტანს აფხაზეთს კონსტიტუციური დიქტატურისა და პუტინის ბონაპარტიზმის სისტემაში ინტეგრირება.

"საინტერესოა, როგორ იქნება ფორმულირებული რეფერენდუმისთვის კითხვები? - "გსურთ თუ არა, რომ ხელისუფლებამ ისევ მოიპაროს რუსეთიდან შემოსული ფული, ჩვენ კი სანაცვლოდ რუსეთის მოქალაქეებს მთელი ჩვენი ენერგოობიექტები და უძრავი ქონების შესყიდვის უფლება მივცეთ"? ან "გსურთ თუ არა, ჩვენი კანონმდებლობა რუსულთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ და მივიღოთ ისეთივე იდიოტური ანტისახალხო კანონები, როგორიც ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში მიიღება"? ან "თანახმა ხართ თუ არა, აფხაზეთს არ ჰქონდეს დამოუკიდებლად განვითარების საშუალება და ამას სტრატეგიული პარტნიორის დაჟინებული კონტროლით აკეთებდეს"? ან იქნებ "დადებითად აფასებთ თუ არა რუსეთის მიერ სომხეთის არდახმარებას ყარაბაღის ბოლო მოვლენებისას და თვლით თუ არა ეფექტურად ჩვენს ქვეყანაში რუსი სამხედროების ყოფნის ფაქტს"? ან იქნებ ასე? - "გსურთ თუ არა ისეთივე “სამართლიანი” არჩევნები, როგორიც რუსეთში ტარდება"? ან "მოგწონთ თუ არა თაღლითი ჩინოსნების დაუსჯელობა რუსეთში და გსურთ თუ არა იგივე აფხაზეთში"? ან "დარწმუნებული ხართ, რომ უუფლებობა, სიღატაკე და უპერსპექტივობა, რომელშიც დღევანდელი რუსეთის მოსახლეობის 90 % ცხოვრობს, მისაღებია აფხაზი ხალხისთვისაც"? ან ასე: "მზად ხართ თუ არა ხელისუფლების ისეთივე უცვლელობისთვის, როგორიც რუსეთშია"? ან "ამართლებთ თუ არა რუსეთის მსგავს ბარბაროსულ მიდგომას ბუნებისადმი და გსურთ თუ არა იგივე აფხაზეთში"? ყველა კითხვა გულახდილად უნდა იყოს ფორმულირებული, ბ-ნო ასლან!” - მიმართავს ერთ-ერთი აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებელი ასლან ბჟანიას, რომელმაც შესაძლო რეფერენდუმზე, ახალ საკავშირო სახელმწიფოში ინტეგრირებაზე და იმაზე დაიწყო საუბარი, რომ რუსეთს იქით აფხაზეთს გზა აღარ აქვს.

მე კი ბ-ნ ბჟანიასთან ასეთი კითხვა მაქვს: დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ურუსეთოდ აფხაზეთი დაიღუპება? იქნებ პირიქით, დაიღუპება რუსეთთან ან რუსეთში? მოსკოვთან სხვადასხვა ქვეყნების და ხელმძღვანელობების ურთიერთობის ისტორიამ ხომ უკვე არაერთგზის დაადასტურა ტომას ჯეფერსონის სიტყვების მართებულობა: “ის, ვინც უსაფრთხოებას თავისუფლებას სწირავს, საბოლოოდ ვერც ერთს იღებს, ვერც მეორეს!”.

ეკატერინე ცანავა

__________________________________________________________________________________________________________________________________________

მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ღია საინფორმაციო პარტნიორობის (OIP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S