Accentnews.ge
საერთო შიშები, საერთო მტერი-”შუამავალი”, ხედვის არარსებობა და სხვა მიზეზები, რომელიც ქართულ-აფხაზურ დიალოგს ხელს უშლის

საერთო შიშები, საერთო მტერი-”შუამავალი”, ხედვის არარსებობა და სხვა მიზეზები, რომელიც ქართულ-აფხაზურ დიალოგს ხელს უშლის

31/12/2020 07:28:13 კონფლიქტები

2020 მსოფლიოს მეხსიერებაში რთულ წლად დარჩება. მიზეზი ბევრია. ერთ-ერთი უმთავრესი კორონავირუსული პანდემიაა. თუმცა იყო პოზიტივიც. ერთ-ერთი მათგანი აფხაზეთის მიერ მრავალი წლის განმავლობაში პირველად გამოთქული სურვილია, თბილისს ესაუბროს და ეთანამშრომლოს. მოჰყვება თუ არა ამას რაიმე კონკრეტული და რა – ჯერ ძნელი სათქმელია. თუმცა თავად ფაქტი, რომ ურთიერთობების აუცილებლობა, როგორც იქნა, გააცნობიერეს, უდავოდ პოზიტიურია.

დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობაზე სოხუმში ღიად ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დაიწყეს საუბარი. შესაბამისი განცხადება მაშინ “პრეზიდენტობის” ჯერ კიდევ კანდიდატმა ასლან ბჟანიამ გააკეთა. შემდგომში, რუსულ-აფხაზური “მეგობრობის” თანდათანობითი გაგრილების, ხოლო კიდევ მოგვიანებით მოსკოვის მიერ სოხუმის მიმართ ღიად არამეგობრული დამოკიდებულების გამოვლენის ფონზე ბჟანიას სხვა აფხაზმა პოლიტიკოსებმაც აუბეს მხარი. “სტრატეგიული პარტნიორისთვის” ნამდვილი სახის ჩვენება მოსკოვმა ყველაზე რთულ მომენტში – პანდემიის შემოტევის ფონზე გადაწყვიტა, გადაუკეტა რა აფხაზეთს ფინანსური დახმარების ონკანი, მოუწყო რა ფაქტობრივი სამედიცინო ბლოკადა, პრაქტიკულად “ჩაუგდო” რა ტურისტული სეზონი და ა.შ. კრიზისულ ვითარებაში აღმოჩენილმა ახალმა დე ფაქტო ხელისუფლებამ ჩიხიდან გამოსავლის გზების ძიება დაიწყო. რუსეთთან “სტრატეგიულ პარტნიორობაზე” მას უარი არ უთქვამს, მაგრამ პარალელურად ალტერნატივების ძებნას მიჰყო ხელი. მოსკოვს, რომელსაც აფხაზეთი დიდხანს და სისტემურად შეჰყავდა ამ ჩიხში, ეს, ბუნებრივია, ძალიან არ მოეწონა: მან შეახსენა სოხუმს ჯერ კიდევ წინა დე ფაქტო ხელისუფლების მმართველობის პერიოდში – გასული წლის ბოლოს გამოგზავნილი დოკუმენტი სახელწოდებით “ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა კანონმდებლობების ჰარმონიზების საფუძველზე”, რომელიც, არსობრივად, რუსეთის მიერ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ დამონებას ითვალისწინებს. სოხუმის ხელისუფლება დოკუნეტის დამტკიცებას დროში წელავდა, სანამ შეეძლო. 12 ნოემბერს, “სტრატეგიული მეგობრის” ზეწოლის შედეგად მას “პროგრამის” მიღება მაინც მოუწია. თუმცა მშვენივრად აცნობიერებდა რა, რას მოუტანს აფხაზეთს მისი რეალიზება და იმას, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის საბოლოო ანექსია უკვე არც ისე შორსაა, დე ფაქტო ხელისუფლებას ალტერნატივების ძებნა არ შეუწყვეტია.

და გაჩნდა მეორე დოკუმენტი, რომელსაც აფხაზეთის ინტერესების დაცვის ამბიცია აქვს – “აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია”. პირველად მრავალი წლის განმავლობაში, მის პუნქტში 2.3 თბილისთან ურთიერთობების დაშვება გაიწერა («აფხაზეთის რესპუბლიკა უშვებს პირობების შექმნას საქართველოსთან მრავალდონიანი მოლაპარაკებების დამატებითი ფორმატების ფორმირებისთვის. მათ ფარგლებში გაჩნდება შესაძლებლობა, ქართულ მხარესთან განვიხილოთ საკითხები, რომელიც ორივე მხარის ინტერესს წარმოადგენს და რომელთა გადაჭრა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში შეუძლებელია»). პრორუსული აფხაზური ოპოზიციის აქტიური პროტესტის მიუხედავად (იგი აცხადებს, რომ ამ პუქნტის რეალიზების შემთხვევაში ჟენევის დისკუსიების ფორმატის სტატუსი დაქვეითდება, ამის გამო კი აფხაზეთი შესაძლოა, არა მარტო საერთაშორისო შუამავლების გარეშე დარჩეს, არამედ აღიარებალმდე მდგომარეობას დაუბრუნდეს”), სოხუმის ხელისუფლებამ “პრეზიდენტ” ასლან ბჟანიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი “პარლამენტს” განსახილველად არ დაუბრუნა. ანუ, სოხუმის ზრახვები, რომელიც პუნქტ 2.3-შია ასახული, ძალაში რჩება.

დიახ, რამდენიმე დღის წინ იყო მომენტი, როცა პრორუსი რევანშისტი ოპოზიციონერების ზეწოლით დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა თითქოს უკან დაიხიეს (როგორც დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ განაცხადა, ოპოზიციის აზრი იმის შესახებ, რომ საუბარია პირისპირ მოლაპარაკებებზე, უსაფუძვლოა, რადგან კონცეფციაში მსგავსი რამ არსადაა გაწერილი”). თუმცა მოგვიანებით, 25 დეკემბერს ქართული ტელეკომპანია “მთავარისთვის” მიცემულ ინტერვიუში აფხაზური “უშიშროების საბჭოს” მდივანი სერგეი შამბა კვლავ პირისპირ მოლაპარაკებებზე საუბრობდა. “ნორმალური იქნებოდა, თუ არის მეზობლობა და არის კონფლიქტი, ველაპარაკოთ და მოველაპარაკოთ ერთმანეთს” – განაცხადა შამბამ. აფხაზური “უშიშროების საბჭოს” მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სოხუმის ხელისუფლების მზადყოფნა თბილისთან პირდაპირი დიალოგისთვის, მიუხედაად იმისა, რომ საკუთარი “წითელი ხაზები” ორივე მხარეს გააჩნია. ოდესღაც შეწყვეტილი დიალოგის განახლების აუცილებლობა მან იმით ახსნა, რომ ”არსებობს ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხები, რომელიც სწორედ პირდაპირი მოლაპარაკებების გზით საჭიროებს გადაჭრას". ამასთან, შამბამ უარყოფითად უპასუხა კითხვას მსგავსი მოლაპარაკებებისთვის წინაპირობების არსებობის თაობაზე: “აფხაზურ მხარეს არ გააჩნია არანაირი წინასწარ მომზადებული წინადადებები. ჩვენ უბრალოდ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ სასაუბროდ”. რაც შეეხება აფხაზური ოპოზიციის შიშებს, რომ მოლაპარაკებების მსგავსი ახალი ფორმატი შესაძლოა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე უარყოფითად აისახოს, შამბა ამ მოსაზრებას არ იზიარებს და დარმუნწებულია, რომ “რაც მეტი იქნება არხი მხარეთა კონტაქტებისათვის, მით უკეთესია და ზოგადადაც, სჯობს ისაუბრა, ვიდრე იომო”.

ეს აფხაზური “უშიშროების საბჭოს” მდივნის პირველი მსგავსი განცხადება არაა. დიალოგისა და თანამშრომლობის დაწყების აუცილებლობაზე სერგეი შამბა უკვე თითქმის ერთი წელია, საუბრობს. იყო მსგავსი განცხადებები სხვა აფხაზი პოლიტიკოსების, ასევე მეწარმეების, სტუდენტების, რიგითი მოქალაქეების მხრიდანაც სოციალურ ქსელში.

თბილისიდან მთელი ამ დროის განმავლობაში ასევე ჟღერდა განცხადებები იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებები საჭიროა, რომ მშვიდობიან დარეგულირებას ალტერნატივა არ აქვს და რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მზადაა აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან არაფორმალური მოლაპარაკებების გაფართოებისთვის. მაგრამ ყველა ეს განცხადება მხოლოდ ფრაგმენტარული იყო, პროაქტიური პოზიცია კი თბილისს ამ დრომდე არ გამოუვლენია. წლის მიწურულს კი საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია “მთავარისთვის” მიცემულ კომენტარში საერთოდაც, განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ქართული მხარე რაიმე ახალ ფორმატებში პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას არ გეგმავს.

მთავარი მიზეზი ზუსტად იგივე შიშებია (ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების სადღეისოდ არსებული ერთადერთი ფორმატის ეროზიისა და პირისპირ საუბრის), რომელსაც პრორუსული აფხაზური ოპოზიცია ავლენს, აქტიურად აპროტესტებს რა პუნქტ 2.3-ს. ქართული მხარე ზუსტად ასევე ეპუება სოხუმთან პირდაპირ დიალოგს რუსეთის გამო (თუმცა თავად რუსეთს, რომელთანაც 2008-ში იომა, უკვე წლებია, პირისპირ ესაუბრება “აბაშიძე-კარასინის” ფორმატში). “საკმაოდ ნათლად ჩანს, საიდან მომდინარეობს ეს ტენდენციები, რომელსაც ბოლო დროს [სოხუმში – რედ.] ვხედავთ: რუსეთი ყველანაირად ცდილობს, თავი აარიდოს, დისტანცირება მოახდინოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებისგან, ძალის არგამოყენების ვალდებულებისგან და გვეუბნება, “ეს დოკუმენტი მათთან [სოხუმთან, ცხინვალთან – რედ.] გააფორმეთო. მაგრამ ასე არ გამოვა!” - განაცხადა მინისტრმა ზალკალიანმა.

აი, ქართველი ანალიტიკოსები კი, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეობის დიდი გამოცდილების მქონე ყოფილი დიპლომატები და ოპოზიცია თბილისის პასიურობას მიუღებლად მიიჩნევენ. მათი აზრით, 12 ნოემბერს მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებული დოკუმენტი რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიას დააჩქარებს და თბილისმა ყველა შესაძლო ბერკეტი უნდა გამოიყენოს, რომ თუ ვერ შეაჩერებს, გადაავადოს მაინც ეს პროცესი “უკეთეს დრომდე”.

ოპოზიციური პარტია “ლელოს” პოლიტსაბჭოს წევრის, კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილის აზრით, დიალოგი პრობლემა არ იქნებოდა, საქართველოს ამჟამინდელ ხელმძღვანელობას რომ კონკრეტული, თანმიმდევრული, მწყობრი კონცეფცია გააჩნდეს სოხუმსა და ცხინვალთან ურთიერთობების. ასეთ შემთხვევაში, მისი აზრით, ურთიერთმისაღები ფორმატიც მოიძებნებოდა და უკვე კონკრეტული ნაბიჯებიც იქნებოდა გადადგმული. “მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” უბრალოდ არ აქვს კონცეპტუალური ხედვა იმისა, საერთოდ რა მოიმოქმედოს კონფლიქტების მიმართულებით. მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ მხრივ ნებისმიერ აქტივობას სარისკოდ, საშაროდ მიიჩნევენ, თვლიან რა, რომ ოპოზიცია მათ ნებისმიერ ნაბიჯს გააკრიტიკებს, მით უფრო – განგრძობადი შიდაპოლიტიკური კრიზისის ფონზე. ისინი სტრატეგიულად არასორად იქცევიან, განზე წევენ რა სახელმწიფო ინტერესებს შიდაპოლიტიკური მოვლენების გამო. ჩემი აზრით, მსგავსი პასიურობა აბსოლუტურად არასწორია და საზიანო. თუ აქამდე ჩვენი ჩინოსნები რაღაც საპასუხო განცხადებებს, როგორც წესი, მას შემდეგ აკეთებდნენ, რაც იქითა მხრიდან გაკეთდებოდა გარკვეული განცხადებები, ბოლო დროს ჩვენ ოფიციალური თბილისის დუმილს ვადევნებთ თვალს სოხუმის პროაქტიური პოზიციის საპასუხოდ. ბოლოს მხოლოდ ისე – როგორც ჩანს, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის თქვეს რაღაც იმის მსგავსი, “ჩვენც მზად ვართ, რაღაც გავაკეთოთო”. ჯერ-ჯერობით სულ ესაა” – ამბობს კანაშვილი.

ანალოგიური აზრი აქვს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ოპოზიციური პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერ სერგი კაპანაძესაც. იგი ოფიციალური თბილისის პასიურობას, მათ შორის, “დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების არარსებობას” უკავშირებს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მმართველი ძალის მსგავსი პოზიცია ქვეყნისა და ხალხის პოზიციას სტრატეგიულად არ ცვლის. „მხოლოდ დეკლარატიული პოლიტიკის არსებობა პირდაპირ კავშირშია ჩვენს მთავარ ჭირთან – ინსტიტუტების უუნარობასთან, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები, მით უფრო - თამამი, ასევე ხედვის არარსებობასთან. ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებული სისტემა განაპირობებს მუშაობის პარალიზებას მრავალი მიმართულებით. მაგრამ ერთია, რას ფიქრობს და აკეთებს, უფრო სწორად არ აკეთებს ამჟამინდელი ხელისუფლება და მეორე – საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, იქ მცხოვრები ადამიანების მიმართ. ეს დამოკიდებულება მხოლოდ პოზიტიურია, ორიენტირებული შერიგებაზე და სამომავლოდ ნდობაზე დამყარებული, ყველაზე თბილი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე. ამიტომ იმედი მაქვს, სამომავლოდ პრობლემა რეალურად დაიწყებს გადაწყვეტას, მოხდება ძვრები თავისუფალი გადაადგილების კუთხით, დაიწყება ადამიანური ურთიერთობების განვითარება, ისევე, როგორც თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, სხვა სფეროებში პოლიტიკის მიღმა“ – ამბობს სერგი კაპანაძე.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი კი სთავაზობს მხარეებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ ინტენსიური დიალოგი ე.წ. 1.5 ფორმატში.

“დროა, გავაცნობიეროთ, რომ აფხაზეთისთვის (ისევე, როგორც ცხინვალის რეგიონისთვის) ბრძოლა მიდის არა მარტო საქართველოსა და რუსეთს, არამედ მოსკოვსა და აფხაზურ საზოგადოებას შორისაც. დიახ, მოსახლეობის გამოკითხვა იქ არ ჩაგვიტარებია (გასაგები მიზეზების გამო ეს შეუძლებელია), თუმცა მერწმუნეთ, აფხაზეთის მაცხოვრებელთა უმრავლესობას არ სურს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა” – ამბობს გაფრინდაშვილი. მისი მონაცემებით, ასლან ბჟანიასთან ამასწინანდელ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩვეული ცინიზმით “ურჩია” აფხაზ ლიდერს, “თუ მოსკოვის განაწყენება და რუსეთთან მეგობრობისთვის ზიანის მიყენება არ სურს, თბილისთან “კეკლუცს” მოეშვას”. “რეალურად რას ნიშნავს მოსკოვის გაგებით “მეგობრობა” – მშვენივრად იცის ასლან ბჟანიამაც, აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობამაც. ამასწინათ ხომ მას პრაქტიკულად ძალით მიაღებინეს მორიგი ანექსიური დოკუმენტი [“ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა კანონმდებლობების ჰარმონიზების საფუძველზე” – რედ.”, რომლის რეალიზება რუსეთშო აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ ასიმილაციას გამოიწვევს” – განმარტავს გაფრინდაშვილი.

მისივე აზრით, დიალოგი არა მარტო საჭიროა, არამედ სრულიად შესაძლებელიც შესაბამის ურთიერთმისაღებ ფორმატებში. “მაგალითად, თავის დროზე სერგეი შამბა საუბრობდა არაფორმალური დიპლომატიის, არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთობების აუცილებლობის თაობაზე. მე კი დავამატებდი, რომ აბსოლუტურად რეალურია ინტენსიური დიალოგის ფორმირება ე.წ. 1.5 ფორმატში, რომელიც თბილისისა და სოხუმის შესაბამის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, ასე ვთქვათ, უმტკივნეულოდ შეხვდნენ ერთმანეთს მაგიდასთან და განიხილონ თანამშრომლობა ვაჭრობის, განათლების, მედიცინისა და სხვა სფეროებში” – დასძენს პაატა გაფრინდაშვილი.

ეკატერინე ცანავა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S