Accentnews.ge
მომწამლველი “მეგობრობა”

მომწამლველი “მეგობრობა”

07/01/2021 17:24:11 კონფლიქტები

ოპოზიციონერ ნავალნის შეკვეთილი მოწამლვა უკვე აღარაა რუსეთისთვის სამარცხვინო კრიმინალურ-პოლიტიკური ისტორია მხოლოდ მის შესახებ. საქმეში სულ უფრო მეტი დეტალი იკვეთება, მათთან ერთად კი – პარალელები სხვა არაერთ “იდუმალებით მოცულ” ისტორიასთან, რომლებშიც, როგორც ჩანს, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომელთა ერთი და იგივე ჯგუფი ფიგურირებს. მოსკოვი, ტრადიციულად, ყველაფერს უარყოფს, ბრალდებებს “სიყალბედ”, “ფაბრიკაციად”, “პროვოკაციად” აფასებს. მაგრამ მსგავსი საქმე, ისევე, როგორც მტკიცებულება (რომლებიც მსხვერპლთა ინიციატივით ჩატარებული სხვადასხვა მოკვლევებისა და გამოძიებების ფარგლებში შეგროვდა) უკვე საკმარისზე მეტია, რათა კრემლის ვინმეს კიდევ სჯეროდეს, მით უფრო – უკვე რამდენიმე ქვეყნის ექსპერტებისა და ქიმიური იარაღის ამკრძალავი საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალისტების მიერ საპირისპიროს დამტკიცების ფონზე.

თუმცა მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრულად. ალექსეი ნავალნი გასული წლის 20 აგვისტოს ტომსკში მოწამლეს. იგი გადარჩა და ამჟამად გერმანიაში გადის რეაბილიტაციას. დეკემბერში ნავალნიმ, კვლევითმა ჯგუფმა Bellingcat-მა და რიგმა მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს გამოძიების შედეგები, რომელთა მიხედვით, ოპოზიციონერს რუსეთის მასშტაბით გადაადგილებისას ქვეყნის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომელთა ჯგუფი აკონტროლებდა. მკვლევარებმა ჯგუფის წევრთა იდენტიფიცირება მოახერხეს და ისიც დაადგინეს, რომ ბევრ მათგანს წარსულში ჰქონდა, ზოგიერთს კი ახლაც აქვს კავშირი საბრძოლო მომწამლველი ნივთიერებების წარმოების პროგრამასთან.

მოგვიანებით ნავალნიმ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც ჯგუფის ერთ-ერთ სავარაუდო წევრთან მის საუბარს ასახავს და ეს უკანასკნელი ოპოზიციონერის მკვლელობის მცდელობას ფაქტობრივად ადასტურებს.

Bellingcat ირწმუნება, რომ სპეცაგენტების გადაადგილების შესახებ მონაცემები ღია წყაროებიდან მოიპოვა, ან შესაბამისი ბაზები “შავ ბაზარზე” შეიძინა. მონაცემთა ბაზის ნამდვილობა ამ ეტაპზე სხვა წყაროების მიერ დადასტურებული არაა, თუმცა არც არავის უარყვია. თავად უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა კი კომენტარი მხოლოდ ხსენებულ აუდიოჩანაერთან დაკავშირებით გააკეთა და მას “ყალბი” უწოდა.

ორიოდ დღის წინ აღმოჩენილ იქნა დროში დამთხვევები უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხსენებული ჯგუფის წევრთა გადაადგილებებსა და ორი კავკასიელი აქტივისტის გარდაცვალებებს შორის. ეს აღმოჩენა სოციალური ქსელის მომხმარებლებმა Bellingcat-ის მკვლევარ ხრისტო გროზევის მიერ გამოქვეყნებული იმ მონაცემების შესწავლის შემდეგ გააკეთეს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის მასშტაბით ხსენებული სპეცაგენტების გადაადგილებებს ეხებოდა. თავად Bellingcat-ს ეს მონაცემები ჯერ-ჯერობით არ გაუანალიზებია, თუმცა განაცხადა, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში გამოაქვეყნებს მათ საფუძველზე ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომელიც მოწამლვების სხვა შესაძლო მსხვერპლთ შეეხება.

სოცქსელების მომხმარებლებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც შემდგომში ნავალნის უთვალთვალებდა, ქალაქ ნალჩიკში იმყოფებოდა იმ დროს, როცა იქ ჟურნალისტი და უფლებადამცველი, ოპოზიციური მოძრაობა “იაბლოკოს” წევრი, 27 წლის თემურ კუაშევი დაიღუპა. ახალგაზრდა 2014 წლის 1 აგვისტოს გარდაცვლილი იპოვეს. მას მარცხენა თვალის ქვეშ სისხლჩაქცევა აღენიშნებოდა, მარცხენა იღლიის მიდამოში კი - ნაჩხვლეტი, რამაც ძალადობრივი სიკვდილის ვერსია წარმოშვა. შიდა დაზიანებები ცხედარს ვერ აღმოუჩინეს, ამდენად, ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ გარდაცვალება უცნობი ნივთიერებით მოწამლვამ გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ოფიციალურ მიზეზად ჩაიწერა “მწვავე კორონარული უკმარისობა, გამოწვეული უცნობი ვირუსული ინფექციით”. გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები ამ დასკვნას არ ენდობიან და დარწმუნებულები არიან, რომ კუაშევი მოკლეს. ამასთან დაკავშირებით მათ 2018 წელს ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოსაც მიმართეს.

რამდენიმე თვეში, 2015 წლის მარტში ერთ-ერთი სპეცაგენტი, რომელიც ახლა ნავალნის საქმეში ფიგურირებს, დაღესტანში იყო ჩასული. იმავე დროს იქ გარდაცვლილი იპოვეს საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთობის” აქტივისტი რუსლან მაგომედრაგიმოვი. გარდაცვლილის ახლობლები ირწმნებოდნენ, რომ მას კისრის არეში ორი ნანემსარი აღენიშნებოდა და ეჭვობდნენ, რომ აქტივისტი სუნთქვის მაპარალიზებელი ნივთიერებით იყო მოწამლული (გარდაცვალების უშუალო მიზეზად ასფიქსიაა დაფიქსირებული).

გარდა ამისა, ხრისტო გროზევის კვლევაში ნახსენები თანამშრომლები ჩასულები იყვნენ ნალჩიკში 2013 წლის დაახლოებით იმ პერიოდში, როცა იქ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა რუსეთში აკრძალული ორგანიზაცია “კავკასიის იმარატის” იმჟამინდელი ლიდერი დოკუ უმაროვი.

ჯერ კიდევ დეკემბერში გროზევი იუწყებოდა, რომ იგივე სპეცაგენტები ერთად იყვნენ ჩასულები გროზნოსა და ვლადიკავკაზში. "შეუძლებელია, მსგავსი შტატი მსგავსი სპეციალისტებით მხოლოდ ნავალნისთვის არსებობდეს. ამ ჯგუფს სხვა “სამიზნეებიც” ჰყავდა" – წერდა ჟურნალისტი.

ამ ფონზე სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში ბევრს გაახსენდა იმხანად ჯერ კიდევ “პრეზიდენტობის” კანდიდატ ასლან ბჟანიას მოულოდნელი და დღემდე ბუნდოვანი ავადობის საშინელი ისტორია. 2019 წლის 19 აპრილს იგი ჰოსპიტალიზებულ იქნა მოსკოვში, სადაც სოჭიდან უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს. ბჟანიას სუნთქვა უჭირდა, ვერ ლაპარაკობდა. გაერთიანებული ოპოზიციის იმჟამინდელი ლიდერის სისხლში დიდი დოზით აღმოაჩინეს მეტალები, კერძოდ ვერცხლისწყალი და ალუმინი, რომლებიც მასში მხოლოდ გარე ზემოქმედების გზით შეიძლებოდა, მომხვდარიყო. ორ დღეში კი იმავე საავადმყოფოში ანალოგიური სიმპტომებით ბჟანიას დაცვის ორი წევრი მოათავსეს.

მოგვიანებით ბჟანია ინტენსიური მკურნალობის კურსს გადიოდა გერმანიაში და არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლო. თუმცა 2020 წლის იანვრის რევოლუციამ და შემდგომმა არჩევნებმა იგი ხელისუფლებაში მაინც მოიყვანა.

იმხანად აფხაზეთში ბჟანიას სავარაუდო მოწამლვის დამკვეთთა შესახებ უამრავი ვერსია არსებობდა. ერთ-ერთი ძირითადი ეყრდნობოდა იმას, თუ ვისთვის იყო ხელსაყრელი 2019 წლის წინასაარჩევნო კამპანიიდან მისი გათიშვა. ამ კონტექსტში დაინტერესებულ მხარედ იმჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა სახელდებოდა, რომელსაც მოსკოვი და პირადად პრეზიდენტი პუტინი უჭერდნენ მხარს. თუმცა მაშინ აფხაზი პოლიტიკოსის მოწამლვის კრემლთან ღიად დაკავშირებას თავი მოარიდეს.

ახლა კი, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის აგენტების გადაადგილების შესახებ მასალების გამოქვეყნების შემდეგ ასლან ბჟანიას მოწამლვის როგორც აფხაზეთში, ისე რუსეთში მიჩუმათებულმა ისტორიამ მოულოდნელი გაგრძელება ჰპოვა. ირკვევა, რომ 2019 წლის აპრილის სწორედ იმ დღეებში სავარაუდოდ, სწორედ ის სპეცაგენტები გაურკვეველი მიზნით ჩასულები იყვნენ სოჭში. როგორც ცნობილი რუსი პროპაგანდისტი დიმიტრი კისელიოვი იტყოდა, «დამთხვევაა? - არა მგონია!»...

როგორც ჩანს, თანამედროვე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში დიდი ხანია, არსებობს “პირთა ჯგუფი”, რომელიც მსგავს ოპერაციებს ატარებს. და როგორც ჩანს, იგი არა საკუთარი ინიციატივით, არამედ ზემდგომთა ბრძანებით მოქმედებს.

“2019 წელს ასლან ბჟანიას მოწამლვა (რაც ახლა ირიბად დასტურდება) კრემლის დაკვეთით განხორციელდა. თხოვა თუ არა ეს მეგობარსა და პარტნიორს აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, თუ ეს თავად “პარტნიორისა და მეგობრის” ინიციატივა იყო, ხაჯიმბას საარჩევნოდ “დაჰხმარებოდა” – ახლა მნიშვნელოვანი აღარაა. მნიშვნელოვანი ისაა, რომ რუსეთი დაუშვებელი, დანაშაულებრივი მეთოდებით ერევა მეზობელი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი რამ საერთოდ შესაძლებელია XXI საუკუნეში. მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთში სავარაუდოდ, ბევრი ხვდება ასლან ბჟანიას მოწამლვის გარემოებებს, თუმცა დუმს, რადგან სიმართლეს რუსულ ფინანსურ დახმარებას, “მეგობრობისა” და “პარტნიორობის” შესახებ მის დაპირებებს ამჯობინებს. ამავდროულად, მათ არ ავიწყდებათ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოიხსენიონ…” - წერენ სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში.

გასული წლის 12 ნოემბერს სოჭში ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, «რუსეთი აფხაზეთისთვის ნომერ პირველი პარტნიორიაო». მეტისმეტად აქტიური ხომ არ არის ეს პარტნიორი, ბატონებო?!

ეკატერინე ცანავა

_____________________________________________________________________________________________________________

მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ღია საინფორმაციო პარტნიორობის (OIP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S