ვის და რაში დასჭირდა ცეცხლოვანი აპოკალიფსი აფხაზეთში

10-01-2021 20:45:33 კონფლიქტები

გასული კვირა აფხაზეთს გამძლეობის გამოცდად ექცა. უკვე ყოველდღიურობად ქცეულ პრობლემებს ტყის ხანძრები შეემატა. 4 იანვარს აალდა ტყეები გალისა და გაგრის რაიონებში, მოგვიანებით — ოჩამჩირეს, სოხუმის, ტყვარჩელის რაიონებსა და ახალ ათონში. ყველა პროგნოზის მიუხედავად, იანვარი აფხაზეთში თბილი გამოდგა, მშრალი და ქარიანი, რაც დიდწილად ხელს უწყობდა ცეცხლს ასობით ჰექტარზე გავრცელებაში. აფხაზი მაშველებისთვის ეს პერიოდი იქცა შავ ზოლად, მის იქით იყო მხოლოდ გააფთრებული ცეცხლი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებლებს უახლოვდებოდა.

გალის რაიონში ხანძრის ლიკვიდაცია შედარებით სწრაფად მოხერხდა, თუმცა სამი საცხოვრებელი სახლის გადარჩენა მეხანძრეებმა მაინც ვერ შეძლეს. სოხუმისა და ოჩამჩირეს რაიონებში მაშველებმა კერების ლოკალიზება ასევე მალე მოახერხეს და ცეცხლს ზემოთ გავრცელების შესაძლებლობა არ მისცეს. გაგრის რაიონში კი ტყეები, ადგილობრივი მოსახლეობისა და მაშველების ყველა ძალისხმევის მიუხედავად, კვლავ იწვის. წვიმამ, რომელიც, პროგნოზების მიხედვით, ჯერ კიდევ 9 იანვარს მთელს რესპუბლიკაში უნდა წამოსულიყო, იმედი ვერ გაამართლა — ადგილ-ადგილ მხოლოდ ოდნავ წამოწვიმა.

ადამიანებმა გააცნობიერეს, რომ მაშველებისა და მოხალისეების ძალისხმევის გაერთიანების გარეშე ცეცხლს ვერ შეაჩერებდნენ. მაგრამ არც ეს ძალა იქნება საკმარისი გაგრის რაიონის მაღალმთიანი ნაწილის ძნელად მისადგომ ადგილებში, სადაც ხანძრებმა აფხაზეთის ეკოლოგიას უკვე გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს.

«ასე ვერ ვისხდებით და ამინდს ვერ დაველოდებით. ჩვენ გვყავს მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მზად არიან, ადგილებზე გაემართონ და საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ძალებს მხარში ამოუდგნენ. შეგვიძლია ასევე, მოვახდინოთ ფულადი სახსრების შეგროვების ორგანიზება ავიაციის საჭიროებებისა და დაზარალებულთა დახმარებისთვის. მივმართავთ ყველა მედიასაშუალებას, ორგანიზაციებს, ბლოგერებს, საზოგადოებრიობას, ყველას, ვისაც გული შესტკივა: მოდით, მხარში ამოგვიდექით, დაგვეხმარეთ! დღეს თუ გაგრა იწვის, ხვალ ეს მთელს აფხაზეთს და თითოეული ჩვენგანის სახლს შეეხება!», - დაწერა Facbook-ში ახალგაზრდა აქტივისტმა ხუაპშიხუ არსოუმ. მას ბევრმა ინტერნეტ-მომხმარებელმა დაუჭირა მხარი. ისინიც მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, დაეცვა ბუნება.

«გაგრიფში» ცეცხლის ალშია გახვეული, ყველანი ვლოცულობთ, გაწვიმდეს. გარეთ კოვიდია, დილით არც წყალი გვქონდა, არც შუქი. რაღაც ლოკალური აპოკალიფსისი გვიდგას, მგონი»; «თუ ტყე არ გვექნა, თუ არ გვეყოლება ფაუნა, ვერც ჩვენ გადავრჩებით. ქარი და მეწყერი ბოლოს მოგვიღებს», - წერდნენ აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებლები.

ეს დღეები საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თანამშრომლები მთელი რესპუბლიკის მასშტაბით მართლაც იბრძოდნენ და ძალ-ღონეს არ იშურებდნენ ცეცხლოვანი სტიქიის შესაჩერებლად. თუმცა ცხადია, რამდენიმე ტონა წყლით ალმოდებულ ტყეს ვერ უშველი.

«თვითმფრინავებია საჭირო, სახანძრო მანქანები კი არა. მეზობელ ქვეყნებს უნდა მივმართოთ დახმარებისთვის, თავად ვერაფერს გავხდებით», - წერდნენ სოცქსელებში სასოწარკვეთილი მოქალაქეები. საპასუხოდ მინისტრმა ლევ კვიცინიამ მისი უწყების სავალალო მდგომარეობა აღწერა - მას თურმე, არა მარტო საკუთარი ავიაცია არ გააჩნია, არამედ მისთვის საჭირო საწვავიც. «რომ გესმოდეთ, განვმარტავ: ავიაციის მუშაობის ერთი დღე — ეს დაახლოებით 50 ტონა ნავთია, საწვავის ასეთი რაოდენობა არ გაგვაჩნია, ეს შეუძლებელია. ყველაფერი, რაც ეხება თვითმფრინავს, ვერტმფრენს, ჩვენი ქვეყნისთვის ფინანსურად შეუძლებელია», - განმარტა თავის კომენტარში კვიცინიამ და დასძინა, რომ ჯერ-ჯერობით რუსი კოლეგებისთვის დახმარებისთვის არ მიუმართავს.

თუმცა აქ მინისტრმა იცრუა. არ ვიცი, რამდენად მართალია, რომ აფხაზეთს დიზელის საწვავის 50-ტონიანი მარაგიც კი არ გააჩნიათ, მაგრამ ის, რომ კვიცინიას სამინისტრომ რუსეთს დახმარებისთვის რამდენჯერმე მიმართა, უდავო ფაქტია. «ჩვენმა მინისტრმა რამდენჯერმე დარეკა რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მთავარ სამმართველოში, შემდეგ — კრასნოდარის სამხარეო სამმართველოში, მაგრამ თვითმფრინავების გამოგზავნაზე კატეგორიული უარით უპასუხეს და ისიც კი უთხრეს, «თავი დაგვანებეთ, თქვენს ხანძრებს თავად მიხედეთო», - გვიამბო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომელმა სერგეიმ. მისი აზრით, მინისტრი ამას საჯაროდ ვერ მოყვებოდა, ამიტომაც მოუწია, შეეთხზა ისტორია საწვავის არქონის თაობაზე. «იმას ხომ ვერ იტყოდა მთელი მსოფლიოს გასაგონად, რომ რუსეთმა, რომელთანაც ჩვენს სამინისტროს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება აქვს გაფორმებული, ყველაზე რთულ დროს დახმარებაზე უარი განგვიცხადა? დარწმუნებული ვარ, სიმართლის თქმა არ შეიძლებოდა იმ მიზეზითაც, რომ ჩვენი უწყება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსეთზე, და არა მარტო ფინანსური თვალსაზრისით», - გვიამბო სერგეიმ.

ამასობაში აფხაზეთში დაიწყეს მსჯელობა ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე გაჩენილი ხანძრების მიზეზებზე. გამოითქვა დივერსიის, ტერაქტის ვერსიები, მათ მიზნად კი აფხაზეთში ისედაც მერყევი ვითარების არევა დასახელდა. «უნდა დადგინდეს მიზეზი. ყოველ მიზეზს კი სახელი, გვარი და მისამართი აქვს», - დაწერა სოცქსელში მომხმარებელმა თენგიზ ჯ-მ.

სწორედ ამ დროს წავაწყდი ინფორმაციას, რომლის თანახმად, სოჭში დააკავეს ხუთი პირი, რომელიც ტყეში ხანძრების გაჩენაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ სოჭის ხელმძღვანელ ალექსეი კოპაიგოროდსკიზე დაყრდნობით სააგენტო «Красная Весна» წერდა და დასძენდა, რომ «დაკავებულებთან საგამოძიებო ორგანოები მუშაობდნენ». სხვა არანაირი დეტალი ამ მოკლე ინფორმაციაში მოცემული არ იყო. თუმცა ინტერნეტში მოძიების შემდეგ გავარკვიე, რომ ეს 5 დაკავებული მხოლოდ ნაწილია ბოროტმოქმედთა ჯგუფისა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, ხელოვნურად აჩენს ხანძრებს. და რაც მთავარია, რუსეთის ის ხუთი მოქალაქე დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე თურმე, აფხაზეთში იმყოფებოდა. ჰოდა, ეგებ აფხაზური საზოგადოების თეორია ხანძრების ხელოვნურად, გამიზნულად გაჩენის შესახებ არცთუ ისე უსაფუძვლოა და რუსეთის სწორედ ის 5 მოქალაქეა აფხაზეთის ცეცხლოვანი აპოკალიფსის რეალური მიზეზი?

აფხაზეთში ასევე გავრცელებულია ვარაუდი, რომ ხანძრების გაჩენა პირდაპირ კავშირშია ხელისუფლების მიერ ამასწინათ მიღწეულ შეთანხმებასთან ხე-ტყის უცხოეთში გატანის თაობაზე. იგულისხმება გაუხმაურებელი ბარტერული გარიგება, რომელიც აფხაზეთმა თურქეთთან გააფორმა. რესპუბლიკა თურქეთისგან წამლებს, კორონავირუსის სამკურნალოდ ყველაფერ აუცილებელს შეისყიდის, საფასურს კი ძვირადღირებული ჯიშების ხე-ტყით აანაზღაურებს, ვინაიდან თავისუფალი თანხები არ გააჩნია და უახლოეს ხანებში არც ელის.

«მედიკამენტების თურქეთში შესყიდვა გაცილებით იაფია, ვიდრე რუსეთში. თანაც, დეფიციტური პრეპარატები, რომელთაც რუსეთში ვერ იშოვი, იქ ნებისმიერი რაოდენობით და უპრობლემოდ იშოვება. ხარისხიც, რაც არ უნდა თქვან, რუსულზე უკეთესია», - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე, მედიკოსი გიორგი.

ამ ბარტერული შეთანხმების შესახებ, რაღა თქმა უნდა, არაოფიციალური წყაროებიდან შევიტყვეთ და მოგვიანებით მისი არსებობა დადასტურდა. გაირკვა, რომ ეს შეთანხმება მართლაც იქნა მიღწეული და ის ძალზე ხელსაყრელი იყო კრიტიკულ ფინანსურ ვითარებაში მყოფი აფხაზეთისთვის. «ჩვენ არ გვაქვს ფინანსები მედიკამენტების შესასყიდად და ვიპოვეთ ამ ვითარებიდან კარგი გამოსავალი. სატყეო მეურნეობის სამმართველოს დაევალა, შეერჩია ტყის მონაკვეთები აფხაზეთის მაღალმთიან რაიონებში, სადაც უახლოეს ხანებში თურქეთში გასაგზავნად ხე-ტყის ჭრა უნდა დაწყებულიყო», - განგვიცხადა ჩვენმა წყარომ აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მაგრამ მოლაპარაკების მხარეებს არ ჰქონიათ გათვალისწინებული ხანძრები, რომლებიც მოულოდნელად სამმართველოს მიერ შერჩეული 5 ზონიდან 3-ში დაიწყო. «ისეთი განცდა ჩნდება, რომ ვიღაცამ წაიკითხა ჩვენი გათვლები და გამიზნულად გააჩინა ცეცხლი ამ ტერიტორიებზე ჩვენი გეგმების ჩასაშლელად. სამწუხაროდ, მათ ეს გამოუვიდათ. ახლა მოგვიწევს ახალი ზონების ძებნა ხე-ტყის ჭრისთვის ისე, რომ ჩვენს ტყეებს ამით ზიანი არ მივაყენოთ. ეს კი ნიშნავს, რომ თურქული მედიკამენტების შესყიდვა გადაიდო», - გვიამბო ჩვენმა წყარომ.

2019 წელს, როცა აფხაზეთში ტყეებს ხანძრების ტალღამ გადაუარა, რუსეთმა მათთან საბრძოლველად რამდენიმე თვითმფრინავი გამოყო. ახალდაწყებულ 2021 წელს კი, როდესაც ხანძრების კუთხით 100-ჯერ უფრო მძიმე ვითარება შეიქმნა, მეზობელმა, მეგობარმა და სტრატეგიულმა პარტნიორმა არა მარტო უარი გვითხრა დახმარებაზე, არამედ ვითარება საერთოდ არ შეიმჩნია. ხოლო თუ ამას დავუმატებთ რუსეთის იმ 5 მოქალაქესა და მედიკამენტების შესაძენად დადებული გარიგების ჩაშლას, ნათელი ხდება, რომ ულამაზესი ტყეები აფხაზეთის მთებში თავისით არ აალებულა. როგორც ჩანს, ვიღაცას ძალიან დასჭირდა, აფხაზური საზოგადოებისთვის არა მარტო უკანასკნელი ძალა და შესაძლებლობა გამოეცალა ხელიდან, არამედ ხელოვნურად შექმნილი კრიზისებისა და საშინელი ვირუსის დამარცხების იმედიც. პასუხი კითხვაზე — ვის, ვფიქრობ, აბსოლუტურად ნათელია.

კრისტინა ავიძბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები