ფრიდი: "გავლენიანი პოლიტიკური ლიდერები ჩვეულებრივ არ თმობენ ძალაუფლებას მაშინაც კი, როდესაც თანამდებობებს ოფიციალურად ტოვებენ"

13-01-2021 12:53:55 საშინაო პოლიტიკა ,საგარეო პოლიტიკა ,კომენტარი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, „ატლანტიკური საბჭოს“ ევროპისა და ევრაზიის ცენტრის ანალიტიკოსი დენიელ ფრიდი მიიჩნევს, რომ "გავლენიანი პოლიტიკური ლიდერები თანამდებობის ოფიციალურად დატოვების შემდეგ ძალაუფლებას ჩვეულებრივ არ თმობენ".

ამის შესახებ ფრიდმა "აქცენტს" "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე საუბრისას განუცხადა.

"ძნელია, განვსაჯო, გააგრძელებს თუ არა ივანიშვილი ქვეყნის მართვას "კულუარებიდან", თუმცა ჩემი დაკვირვებით, გავლენიანი პოლიტიკური ლიდერები ჩვეულებრივ არ თმობენ თავიანთ ძალაუფლებას, მაშინაც კი, როცა ისინი თანამდებობებს ოფიციალურად ტოვებენ", – განაცხადა ფრიდმა.

მისივე შეფასებით, 2012 წელს "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში გაიმარჯვა და არა – ომში" და ქართველებმა და განსაკუთრებით, ამერიკელებმა პოლიტიკასთან დაკავშირებით "მილიტარიზებული ენა" არ უნდა გამოიყენონ:

"იყო ბევრი რამ, მათ შორის გადაჭარბებული ძალის გამოყენება, რისთვისაც შეიძლება, სააკაშვილის გუნდი გააკრიტიკო, მაგრამ, როდესაც მან 2012 წელს არჩევნები წააგო, ძალაუფლება მშვიდობიანად დათმო. "ქართულმა ოცნებამ" მაშინ არჩევნებში გაიმარჯვა და არა – ომში. ქართველები (და განსაკუთრებით ამერიკელები) ფრთხილად უნდა იყვნენ, არ გამოიყენონ მილიტარიზებული ენა პოლიტიკასთან დაკავშირებით".

ფრიდი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა საკუთარ "დემოკრატიის ბაღს" მუდმივად უნდა უვლიდეს და "ახსოვდეს, რომ პოლიტიკის ხელოვნება საჯარო სამსახურის ხელოვნება უნდა იყოს".

"ჩემი, ან რომელიმე არაქართველის განსასჯელი არ არის საქართველოს პოლიტიკური დებატები. თავად შეერთებულ შტატებსაც უამრავი რამ აქვს გასაუმჯობესებელი საკუთარი დემოკრატიის მხრივ და აშშ-მა, საქართველომ და სხვა დემოკრატიებმა პატივი უნდა სცენ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, განსაკუთრებით სასამართლო სისტემას. ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ უნდა ისწავლოს, რომ თავად გამოსწორდეს დემოკრატიის ნორმების ფარგლებში და არა – ძალადობის გზით. საქართველოში იყო გარკვეული პროგრესი, როგორიცაა 2020 წლის საკონსტიტუციო ცვლილებები საპარლამენტო "ბარიერთან" დაკავშირებით და გადაწყვეტილება 2024 წელს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე.

მთავრობის საქმიანობის ნამდვილი არბიტრი ქართველი ამომრჩეველი უნდა იყოს. მოდით, უბრალოდ ასე ვთქვათ, ნებისმიერი ქვეყანა საკუთარ "დემოკრატიის ბაღს" მუდმივად უნდა უვლიდეს, გააძლიეროს მისი ნორმები და ინსტიტუტები და უნდა ახსოვდეს, რომ პოლიტიკის ხელოვნება უნდა იყოს საჯარო სამსახურის ხელოვნება, სადაც კერძო ამბიციები შეიძლება, საზოგადოების კეთილდღეობისადმი ზრუნვად გადაკეთდეს. ეს შეიძლება, გულუბრყვილოდ ჟღერდეს, თუმცა ეს საუკეთესო პრაქტიკაა და ჩვენ ამ პრინციპს ჩვენდა საზიანოდ უგულებელვყოფთ", – დასძინა ფრიდმა.

ცნობისთვის: 11 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლის თაობაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მისი "მისია შესრულებულია, 2011 წლამდე მისი ცხოვრების წესს უბრუნდება და სურს "ქართული ოცნება" ოპოზიციაში იხილოს". მმართველი პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა მისი წასვლის მიზეზებზე, ოპოზიცია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, თქვა, რომ "2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ომში გაიმარჯვა და იძულებით, საკუთარი მომხრეების სიმრავლით და დემოკრატიული გზით დაათმობინა მოძალადე მმართველ გუნდს წლების განმავლობაში მიტაცებული ხელისუფლება". ივანიშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის რვა წლის შედეგია მშვიდობა, კანონის უზენაესობა, სამართლიანი არჩევნების პრაქტიკა". გუშინ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში მან პოლიტიკაში ხელახალი მობრუნება კვლავ გამორიცხა და განაცხადა, რომ მმართველ პარტიასთან პოლიტიკის შესახებ კომუნიკაცია აღარ ექნება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები