Accentnews.ge
"სახელმწიფო წლების განმავლობაში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას კვლავ ვერ ახერხებს" – HRW-ის ანგარიში

"სახელმწიფო წლების განმავლობაში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას კვლავ ვერ ახერხებს" – HRW-ის ანგარიში

13/01/2021 13:58:30 საზოგადოება

ზეწოლა ამომრჩეველზე, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების არასათანადო გამოძიება, უკონტროლო ძალაუფლება, შრომითი უფლებების დარღვევა, ლგბტ უფლებები, არაზომიერად მკაცრი ნარკოპოლიტიკა, მედიის შელახული თავისუფლება - საქართველოში არსებული ეს გამოწვევები Human Rights Watch (HRW)-ის მათ შორის 2020 წლის ანგარიშშიც მოხვდა.

რაც შეეხება პროგრესს, უფლებადამცველები მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში გენდერული კვოტებისა და “მეტად საჭირო” შრომითი რეფორმის შემოღებაში ხედავენ.

დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო წლების განმავლობაში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ისევ ვერ ახერხებს.

Covid-19 - აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლება იზრდება

HRW-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ პირველი ლოკდაუნის შემოღებით, ხელისუფლებამ პანდემიის ადრეულ სტადიაზე ვირუსის გავრცელება შეაჩერა. მაგრამ სკოლების დახურვამ სასწავლო პროცესის მიღმა დაახლოებით 600 000 ბავშვი დატოვა.

ოქტომბრის არჩევნებამდე 3 თვით ადრე, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასახმარებლად, ხელისუფლებამ დამატებით 132 მილიონი დოლარი გამოყო. ანგარიში ციტირებს ოპოზიციისა და რიგი სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებებს, რომლებიც ამ ნაბიჯს “ამორმჩევლის ხმებით მანიპულირებას” უწოდებენ.

ამასთან, პარლამენტის დადგენილებით, პანდემიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლება საგრძნობლად გაიზარდა. ახლა მას შეუძლია, მოქალაქეებს მთელი რიგი უფლებები (მათ შორის გადაადგილების, შეკრების და შრომითი უფლებები), საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეუზღუდოს. ადგილობრივ უფლებადამცველ ორგანიზაციებზე დაყრდნობით, ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ - მსგავსი გადაწყვეტილების მიღება პარლამენტის ზედამხედველობის გარეშე წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან.

საპარლამენტო არჩევნები

“8 ნოემბერს პოლიციამ გაფრთხილების გარეშე გამოიყენა წყლის ჭავლები რამდენიმე ათეული მშვიდობიანი დემონსტრანტის წინააღმდეგ, რომლებიც ცესკოს შენობის წინ საარჩევნო დარღვევების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ”, - წერს ორგანიზაცია.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი” - იმეორებენ ავტორები არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლინი არჩევნების” დასკვნას. ისინი მიუთითებენ, რომ ხდებოდა “ ამომრჩეველთა მოსყიდვა, სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე, და ირღვეოდა ხმის მიცემის ფარულობა”.

ამასთან, HRW-ს მოჰყავს ამონარიდი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიშიდანაც - “სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარი თითქმის წაიშალა”.

ასევე გამახვილებულია ყურადღება საარჩევნო სისტემის რეფორმასა და პროპორციული წარმომადგენლობის ზრდაზე. ცალკე ადგილი ეთმობა ივლისში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებსაც, რომლის თანახმადაც პოლიტიკური სუბიექტები ვალდებულები არიან, მათი საარჩევნო სიების სულ მცირე მეოთხედი ქალებით დააკომპლექტონ.

სამართალდამცავთა დაუსჯელობა ცალმხრივი გამოძიების ფონზე

2018 წელს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს (სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის) შექმნის მიუხედავად, დანაშაულებების დიდი ნაწილის ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოძიება კვლავ არ ხდება - წერია ანგარიშში. HRW-ი მიხედვით, ეს განსაკუთრებით ეხება იმ დანაშაულებებს, რომელიც აღნიშნული სამსახურის ამოქმედებამდე (2019 წლის ნოემბრამდე) მოხდა.

უფლებადამცველების შეფასებით, “გავრილოვის ღამეს” პოლიციის მიერ რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენების თაობაზე გამოძიება ჯერაც “დიდწილად ცალმხრივად მიმდინარეობს”.

ჯამში, ორგანიზაციის მონაცემებით, 2020 წლის აგვისტოსთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შევიდა 1300-ზე მეტი საჩივარი სამართალდამცველების და საჯარო მოხელეების მხრიდან შესაძლო გადაცდომების თაობაზე. სისხლის სამართლის გამოძიება 168 შემთხვევაში დაიწყო. ძირითიდად, ძალის გადამეტების, ასევე წამებისა და არადამიანური მოპყრობის მუხლით.

მედიის თავისუფლება

ჟურნალისტების პროტესტი, ჩარევა სარედაქციო პოლიტიკაში, ალტერნატიული პროფკავშირის წევრი თანამშრომლების დათხოვნა - ანგარიში 2020 წელს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს მოკლედ მიმოიხილავს. ავტორები იხსენებენ, რომ მმართველი გუნდის წევრები არხის წინა მენეჯმენტის სარედაქციო პოლიტიკით უკმაყოფილებას ღიად გამოხატავდნენ.

ანგარიშში მოხვდა ასევე “მთავარი არხის” წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებაც. მას ბიძგი კორონავირუსის სტატისტიკის შესაძლო გაყალბების თაობაზე არხზე გასულმა სიუჟეტმა მისცა. სისხლის სამართლის საქმე საბოტაჟის მუხლით აღიძრა.

“ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ამას გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის სახიფათო პრეცენდენტს უწოდებენ. განსაკუთრებით, “მთავარი არხის” სარედაქციო პოლიტიკის მიმართ ხელისუფლების ნეგატიური დამოკიდებულების გათვალისწინებით”, - ნათქვამია ანგარიშში.

შრომითი უფლებები

სექტემბერში პარლამენტის მიერ დამტკიცებულ შრომის რეფორმას HRW “ფართომასშტაბიანს” უწოდებს. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ახალი რეგულაციები ეხება: სამუშაო და ზეგანაკვეთურ საათებს, ღამის ცვლას, სავალადებულო დასვენების დღეების ქონას და ცვლის დროს შესვენებებს.

თუმცა, ორგანიზაციის შეფასებით, ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა და შრომის უსაფრთხოების დაცვა ქვეყნისთვის კვლავაც მიუღწეველ ამოცანად რჩება. მაგალითისთვის, სექტემბრის მონაცემებით, დაიღუპა 22 მუშა, 110 კი სამუშაო ადგილას მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავდა.ანგარიშში მოხვდა ტყიბულელი მაღაროელების მიერ გამართული საპროტესტო აქციებიც.

ადამიანები საარსებო წყაროს გარეშე

სახელმწიფო კვლავ უარზეა, სამართლებრივად აღიაროს ტრანსგენდერი ადამიანების გენდერი, სქესის შეცვლის ოპერაციის გარეშე. HRW წერს, რომ ეს გარემოება ქვეყანაში მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის. მათ შორის, ხელს უშლის სამუშაოს დაწყებაში. ვითარებას ამწვავებს ისიც, რომ ბევრი გარიყულია საკუთარი ოჯახებისა და საზოგადოების მიერ.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ პანდემიის პირობებში, ტრანსგენდერი ქალებისა და ქვიარ ადამიანების საჭიროებები ხელისუფლებამ სრულიად უგულებელყო. ამან მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ბევრი საარსებო წყაროს გარეშე დარჩა.

ორგანიზაცია იხსენებს, რომ აპრილში პარლამენტის წინ 19 წლის ტრანსგენდერმა ქალმა თავის დაწვა სცადა. ამ გზით იგი ხელისუფლების ყურადღების მოპყრობას ცდილობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S