ქართული რეზერვაცია აფხაზური «დემოკრატიული სახელმწიფოს» ტერიტორიაზე

22-01-2021 11:15:56 კონფლიქტები

გასული წლის მიწურულს, დეკემბრის შუა რიცხვებში მთელმა აფხაზურმა საზოგადოებამ კვლავ გალის რაიონს მიაპყრო ყურადღება. მსგავსი ინტერესი იშვიათობაა, რადგან რესპუბლიკის მაცხოვრებლები დიდი ხანია, მიეჩვივნენ იქ არსებულ ქაოსს და მეტიც, მას უკვე ტრივიალურ ყოველდღიურობად აღიქვამენ. და თუ წინა წლებში გალის რაიონს უმთავრესად ახსენებდნენ როგორც ყველაზე კრიმინალურს (გატაცებების, მკვლელობების მაღალი მაჩვენებლისა და ბანდფორმირებების თარების გამო), ბოლო დროს იგი უმეტესწილად მხოლოდ დოკუმენტების გაცემასთან ან ფაროსანას მორიგ შემოსევასთან დაკავშირებით ახსენდებოდათ.

პარლამენტმა მომეტებული გულდასმით, შეიძლება, ითქვას, მიკროსკოპით განიხილა გალის რაიონის საკითხი მხოლოდ ერთხელ, 2013 წელს, როდესაც თითქმის ყველა მისი მაცხოვრებელი აფხაზური პასპორტებისა და, შესაბამისად, აფხაზური მოქალაქეობის გარეშე დატოვა. იმჟამინდელმა ოპოზიციამ რაულ ხაჯიმბასა და შემდგომში მისი ხელისუფლებაში მომყვანი პარტიის - «ერთიანი აფხაზეთის» ლიდერ სერგეი შამბას თაოსნობით განაცხადა, რომ გალის რაიონში «მასობრივი» პასპორტიზაციის პროცესი «ეროვნული უსაფრთხოების საზიანოდ» იყო განხორციელებული და «სუვერენიტეტის დაკარგვის» რისკს შეიცავდა. სცნო რა პასპორტიზაცია უკანონოდ, ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის პასპორტების ნაცვლად ბინადრობის მოწმობების გაცემა დაიწყო. პარლამენტის დადგენილებამ მაშინ რაიონში აფხაზეთის მოქალაქეების რაოდენობა ერთბაშად 46 ათასით შეამცირა.

რა სახის განხილვები აღარ ჩატარებულა ბოლო წლების განმავლობაში. რა გზებით აღარ სცადეს გალის რაიონის მოსახლეობის დოკუმენტირების საკითხის გადაწყვეტა, თუმცა პრობლემა დღემდე გადაუჭრელია. და ამ გზით გალელებს ყველაფერთან ერთად, ხმის უფლებაც ჩამოართვეს, რითაც აიძულეს, არა მარტო მეხუთე კოლონად ქცეულიყვნენ, არამედ ერთგვარ ქართულ რეზერვაციადაც აფხაზური სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

«დიდი ხანია, ვამბობ, რომ ინტეგრაციის პრობლემა ბიუროკრატიული პროცედურებით, მათთვის [გალელებისთვის — რედ.] პასპორტების მასობრივი გაცემით ან ჩამორთმევით არ წყდება. იგი არა მარტო ჩინოსნების, არამედ ინტელექტუალური ელიტის ძალებითაც უნდა წყდებოდეს. მთავარი საფრთხე, რომელიც ჩვენს რესპუბლიკას უდგას – ეს არის გალის რაიონის გადაქცევა ქართული სახელმწიფოს ანკლავად ჩვენს ტერიტორიაზე. გეთანხმებით, წინა ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, ატარებდა რა გალელების მასობრივ პასპორტიზაციას, მაგრამ ამას პასუხი მოსახლეობის მიმართ მხოლოდ სწორი, კულტურული და სოციალური პოლიტიკით, აფხაზურ საზოგადოებაში მისი რეალური და არა დეკლარატიული ინტეგრაციით უნდა გაეცეს», - განაცხადა 2018 წელს სერგეი შამბამ.

მნიშვნელოვანი სიტყვებია, არა? მაგრამ რეალურად, ვითარება გალის რაიონში მხოლოდ გაუარესდა. ბინადრობის მოწმობის მიღების პროცედურა იქცა გალელებისგან ათასობით რუბლის გამოძალვად და ეს ფული, როგორც წესი, ადგილობრივი ჩინოსნების ჯიბეებში ილექებოდა. საკუთრებადაკარგულები და ყოველგვარუფლებაჩამორთმეულები, ადმიანები პროტესტის გამოხატვას უიშვიათეს შემთხვევებში რისკავდნენ, ეშინოდათ რა, რომ დარჩენილ მცირედსაც დაკარგავდნენ.

პარლამენტის მორიგი «ყურადღება» გალის რაიონმა გასული წლის ბოლოს «დაიმსახურა». ამჯერად ხალხის რჩეულებმა გადაწყვიტეს, ადგილობრივთა არა მარტო ყოფის «ინსპექტირება» განეხორციელებინათ, არამედ მათ დარჩენილ უფლებებშიც მნიშვნელოვანი კორექტივები შეეტანათ. მდგომარეობას თითქოს ვეღარ გააუარესებდნენ — გალელებს ხომ ვალდებულებების გარდა, ისედაც აღარაფერი ჰქონდათ დარჩენილი, თუმცა დეპუტატები ასე არ თვლიდნენ. ყველაფერი საკომიტეტო მოსმენით დაიწყო, რომელზეც საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნატალი სმირმა გააფრთხილა გალის რაიონული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი კონსტანტინე ფილია, რომ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დოტაციები თითქმის ორჯერ შემცირდებოდა. არგუმენტად მან პოლიტიკური მოსაზრებები მოიყვანა — «აფხაზური მოქალაქეობის არმქონე მოსახლეობაზე ხელფასს არ უნდა გავცემდეთო».

«გადავალ პირდაპირ პოლიტიკაზე. აფხაზეთის მოქალაქეების რა რაოდენობა ცხოვრობს გალში? ვის ვუხდით ფულს?!», - განაცხადა ნატალი სმირმა და აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ გალის რაიონის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანთა უმრავლესობას საქართველოს მოქალაქეობა გააჩნია. «გალის რაიონში აფხაზეთის მოქალაქეობა მაქსიმუმ, 1000 კაცს აქვს. ეს ნიშნავს, რომ საბიუჯეტო სფეროს სხვა თანამშრომლები აფხაზეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასს უკანონოდ იღებენ», - დაამატა დეპუტატმა გივი ქვარჩიამ.

თავის მხრივ, რაიონის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ აცნობა დეპუტატებს, რომ მართლაც, 30 000-იანი მოსახლეობიდან აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი მხოლოდ 1 000-ს აქვს, დანარჩენებს - ბინადრობის მოწმობები. რაიონის ადმინისტრაციაში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დასაქმებულთა 70%-ზე მეტს აფხაზეთის მოქალაქობა არ გააჩნია. კონსტანტინე ფილიამ ამ ვითარებას კატასტროფული უწოდა და განმარტა, რომ მოსახლეობის გადამწყვეტი უმრავლესობა ელემენტარულ უფლებებსაა მოკლებული.

«ჩემთან მოდიან სკოლადამთავრებული, აფხაზურ ჯარში ნამსახურები ადამიანები, ვხედავ მათ ჯილდოებს კარგი მსახურისთვის. ისინი მთხოვენ: «მოგვეცით რაიმე დოკუმენტი!», მე კი ამის უფლება არ მაქვს. ეს ხომ კატასტროფაა!», - განაცხადა ფილიამ. გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აზრით, პარლამენტმა პასპორტებში კი არ უნდა იხედოს, კიდევ უფრო კი არ უნდა ართულოს ადგილობრივთა ისედაც რთული ყოფა, არამედ შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი აკეთოს მათთვის წართმეული უფლებების დასაბრუნებლად. «რაც შეეხება ათას ადგილობრივს – დიახ, მათ პასპორტები გააჩნიათ, მაგრამ დანარჩენები გამოდის, ჩვენი ხალხი არაა? დიახ, იყო ომი და დღემდე გვძულს შორეული ნათესავებიც კი იმ ადამიანებისა, ვინც თავის დროზე გვეომა. მაგრამ ეს წარსულს უნდა ჩავაბაროთ. ჩვენ გვყავს 2600 ბავშვი, 500-ზე მეტი — ბაღში! პასპორტებით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, გალის რაიონს ბიუჯეტი საერთოდ არ სჭირდება?!», - აღშფოთდა დეპუტატების არგუმენტებით კონსტანტინე ფილია. ამასთან, რაიონში არსებულ რეალობაზე სიმართლის მოყოლისას მან ყოფილი ხელმძღვანელობა მოსახლეობის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. «მრავალი პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა რაიონული საკრებულოს სადეპუტატო კორპუსი, მაგრამ მას უკვე 4 მოწვევაა, აღარ ირჩევენ ისევ და ისევ იმის გამო, რომ ადამიანებს აფხაზური პასპორტები არ აქვთ. მატერიალური დახმარებისთვის გვაკითხავს ხალხი, რომელიც მას რეალურად საჭიროებს, მაგრამ როგორ უნდა გავცეთ ეს დახმარება? - მათ ხომ არანაირი დოკუმენტი არ გააჩნიათ!», - განაცხადა ფილიამ.

თუმცა დეპუტატებმა რაიონის ხელმძღვანელის არგუმენტები არ გაიზიარეს. ისინი კვლავინდებურად დარწმუნებულები არიან, რომ გალის რაიონს სახელმწიფო დახმარების ოდენობა უნდა შეუმცირდეს, განსაკუთრებით — ხელფასების გაცემის ნაწილში. ეს კი ნიშნავს, რომ უმუშევართა რაოდენობა წელს რაიონში ერთბაშად რამდენჯერმე გაიზრდება.

გალის რაიონის მაცხოვრებლების უფლებების დარღვევების შესახებ გასული წლების განმავლობაში არაერთგზის უსაუბრიათ როგორც აფხაზეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ. თუმცა პირველად რესპუბლიკის ომისშემდგომ ისტორიაში, ამის შესახებ საპარლამენტო სესიაზე ომბუდსმენმა განაცხადა. ასიდა შაკრილმა 140-გვერდიან მოხსენებაში ამ თემას უდიდესი ნაწილი დაუთმო. მისი აზრით, ხელისუფლების პოლიტიკა უდავოდ, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციაზეა მიმართული, განსაკუთრებით — გალის რაიონში. «ქართული ეროვნების ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხი ამ დრომდე დაურეგულირებელია. მათი მთავარი პრობლემა პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტების მიღებაა. დოკუმენტების არქონის გამო გალის რაიონის ზოგიერთი მცხოვრები თავისუფლად ვერ გადაადგილდება. გარდა ამისა, რაიონში ირღვევა განათლების უფლება, რადგან 2015 წლიდან სკოლებში სწავლება რუსულ ენაზე წარმოებს. იმის გამო, რომ რუსულს რაიონში არასაკმარისად ფლობენ, მათ შორის - პედაგოგებიც, მოსწავლეები საგნებს ცუდად ითვისებენ. გარდა ამისა, გალის რაიონში მიწის გადასახადი ფიზიკური პირებისთვის აღემატება მის ოდენობას აფხაზეთის სხვა რაიონებში», - განაცხადა ასიდა შაკრილმა.

და ეს გალის რაიონის მაცხოვრებლების უფლებების დარღვევის პირველი დაფიქსირებული შემთხვევა არაა, - არსებობს მათი მთელი წყება, წელს კი დეპუტატებმა გადაწყვიტეს, იმ წყებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი დაამატონ.

როდესაც უცხოეთიდან ან ენგურს გაღმიდან გვესმის საუბრები აფხაზეთის მაცხოვრებელთა უფლებების დარღვევის თაობაზე, ყალყზე ვდგებით და იმის მტკიცებას ვიწყებთ, რომ ყველა მსგავსი განცხადება ტყუილია და არაკეთილმოსურნეთა პროვოკაცია. მსგავს განცხადებებზე, როგორც წესი, საგარეო უწყება რეაგირებს წლიდან წლამდე იმის ხაზგასმით, რომ «გალის რაიონში მცხოვრები ქართველები ჩვენი რესპუბლიკის სრულუფლებიანი მაცხოვრებლები არიან და მეტიც, აქ მცხოვრებ სხვა ეროვნების ადამიანებთან თანაბარი უფლებები გააჩნიათ». ამ ყველაფერს საერთაშორისო თანამეგობრობას აწვდიან იმ «სოუსით», რომ აფხაზეთი დემოკრატიული სახელმწიფოა და მის ყველა მაცხოვრებელს, განურჩევლად ეროვნებისა, თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები გააჩნია.

მაგრამ აი, დეკლარირებდე დემოკრატიის პრინციპების საფუძვლებს, თავად «დემოკრატიული სახელმწიფოს» ცნებას — ეს ერთია, ხოლო მათი დაცვა - მეორე. აფხაზეთს ჯერ-ჯერობით ვერა და ვერ გამოსდის, მიუახლოვდეს კონსტიტუციური და სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტებს. მეტიც, ჩვენ ყოველ ჯერზე გამიზნულად ვშორდებით მათ. მთელი ცივილიზებული სამყარო კი ამ დროს თვალს ადევნებს, როგორ ვთამაშობთ სახელმწიფოებრიობანასა და პოლიტიკურ თამაშებს, რომლებიც არა მხოლოდ ადამიანის უფლებებს, არამედ თავად სახელმწიფოს უთხრის ძირს.

კრისტინა ავიძბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები