თბილისის მერია გამოსახლების ახალი ეტაპისთვის ემზადება

25-01-2021 12:14:46 საზოგადოება

თბილისის მერია ჩუღურეთში, “ოქროს უბანში”, ჩუბინაშვილი-კონსტიტუციის ქუჩის კვეთაზე მცხოვრებ დევნილებსა და სხვა მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ „კერძო საკუთრება“, რომელიც „რამდენიმე ოჯახს უკანონოდ აქვს დაკავებული“.

„მოვუწოდებთ ოჯახებს, შეთავაზებული პირობების შესაბამისად, დაუყოვნებლივ დაიწყონ ფართის დაცლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს, მივმართოთ შესაბამის ორგანოებს რეაგირებისათვის“, – განაცხადა 25 იანვარს გამართულ ბრიფინგზე მერიის წარმომადგენელმა.

ირკვევა, რომ ხსენებული მფლობელი ბიზნესმენ თემურ უგულავას კომპანიაა.

როგორც მერიის წარმომადგენელმა აღნიშნა, ამჟამად ჩუბინაშვილის 52/კონსტიტუციის 6-ში მაცხოვრებლებს შორის არიან „ადამიანები, რომლებსაც თავის დროზე სახელმწიფოსგან მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართები და გარკვეული პერიოდი ფულადი კომპენსაციები მიღებული აქვთ სახელმწიფოსგან“.

„რასაკვირველია, ვგულისხმობ დევნილ მოსახლეობას, დევნილის სტატუსის მქონე მოსხლეობას, რომლის წინაშეც სახელმწიფომ პირნათლად შეასრულა თვისი ვალდებულებები“, – განაცხადა მერიის წარომადგენელმა.

მისი თქმით, დევნილის სტატუსის მქონე ადამიანების გარდა, „ამ მისამართზე უკანონოდ არიან სტატუსის არმქონე მოქალაქეები, რომლებიც ასევე უკანონოდ იმყოფებიან ამ შენობაში“.

მერიის განცხადებით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დევნილთა სამინისტროსთან ერთად არაერთხელ შეხვდნენ მოსახლეობას და განუმარტეს, „რა შედეგი შეიძლებოდა დამდგარიყო, თუ არ დატოვებდნენ სხვის სკუთრებას“.

როგორც მერიაში აცხადებენ, „მიუხედავადი იმისა, რომ საქმე გვაქვს კანონდარღვევასთან, ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ არცერთი ადამიანი დარჩეს ღია ცის ქვეშ და ვითვალისწინებთ, რომ აქ მცირეწლოვანი ბავშვებიც ცხოვრობენ… ყველა ოჯახს მიეცა განმარტება და პირობა, რომ ღია ცის ქვეშ არ დარჩებიან და ექნებათ ქირით უზრუნველყოფილი ფართები“.

მერიის წარმომადგენლის ცნობით, ჩუღურეთის გამგეობამ მოიძია ფართები, სადაც შეიძლება ეს მოსახლეობა გადიყვანონ. მისი თქმითვე, ფართის მფლობელი კომპანია „გამოთქვამს სურვილს, რომ ფინანსური დახმარება გაუწიოს იმ ოჯახებს, ვისაც ქონება ან ფულადი დახმარება არ მიუღიათ“:

„მერია მზადაა, სხვა შეჭირვებული ოჯახების მსგავსად, ყველა არსებული სოციალური პროგრამით დავეხმაროთ, ასევე ვუქირავოთ ბინები, რათა ხელი არ შეეშალოს უმნიშვნელოვანეს სოციალურ პროექტს, „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულების დახმარებას და მათთვის იმ კუთვნილი ფართების გადაცემას, რომელსაც მრავალი წელი უიმედოდ ელოდნენ მოქალაქეები“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები