გახარიამ მთავრობის მიმართ წაყენებულ ულტიმატუმს უპასუხა
26/01/2021 08:13:17 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, თუ ქვეყანაში კორონავირუსზე ტესტის დადებითობის მაჩვენებელი 4%–ზე მეტია, ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა ან სურვილები, რომლის მიღმაც არანაირი მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტები არ არსებობს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა და ერთგვარად უპასუხა მთავრობის მიმართ წაყენებულ ულტიმატუმს, რომლის ვადაც დღეს იწურება.
გახარიას თქმით, არსებულ ვითარებაში რისკია, რომ ინფიცირების გავრცელება სწრაფად გაიზრდება და მთავრობას კვლავ სწრაფი შემზღუდავი ღონისძიებების მიღება მოუწევს.
„დღეს უჩვეულო ფორმატში ვიკრიბებით, თუმცა ამას აქვს თავისი მიზეზი და მიზანი. ვეცადეთ, გაგვეერთიანებინა ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური ნაწილი, ამიტომ, ჩვენს პარლამენტარებს ვთხოვეთ, რომ დასწრებოდნენ ამ შეხვედრას. ეს არ არის ეკონომიკური საბჭო, უბრალოდ, აქ ჩვენ გვინდა, იმ ამოცანებზე ვისაუბროთ, რომელიც უახლოეს დღეებში გველის ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებაში სხვადასხვა აზრია, ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ - ჩვენ ეს მიზნობრივი შეზღუდვები დავიწყეთ 28 ნოემბრიდან. არ დაგვავიწყდეს, რომ როდესაც მიზნობრივი შეზღუდვები დავიწყეთ, ქვეყანაში დრეში იყო 5000-ზე მეტი შემთხვევა. ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში 5-6 ათასი შემთხვევაა ინფიცირების, ეკონომიკის ნორმალურ ფუნქციონირებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ, თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ ყველაფერში. როდესაც მაგალითად, ვითხოვთ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების და დარგების გახსნას, ან ვთვლით, რომ ერთდროულად, ქვეყნის მასშტაბით, მაშინ, როდესაც მაგალითად, თბილისში, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე აჭარაში - ტრანსპორტის გახსნას. უბრალოდ, უნდა გვესმოდეს, მეორე მხარეს რისკი რა არის. რისკი არის ის, რომ ინფიცირების გავრცელება სწრაფად გაიზრდება და მოგვიწევს ისევ სწრაფი შემზღუდავი ღონისძიებების მიღება. ამიტომ ყველა უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე - თუ საბოლოო ჯამში, არ ხდება ინფექციის გავრცელების სრული მართვა, ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა და მეტი არაფერი, ან სურვილები, რომლის მიღმაც არანაირი მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტები არ არსებობს. ჩვენთვის დასაბუთებული არგუმენტებია დადებითობის მაჩვენებელი. თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%–ზე მეტია, ქვეყანაში ნორმალურ ფუნქციონირებაზე საუბარი ზედმეტია, ისევე, როგორც ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე, იმიტომ, რომ სწრაფი გავრცელების რისკი ძალიან მაღალია. ამიტომ, როდესაც ჩვენ ეს მიზნობრივი შეზღუდვები დავიწყეთ, ქვეყანაში დღეში გვქონდა დაახლოებით 7000 ინფიცირებული ჰოსპიტალურ სისტემაში, ჯანდაცვის სისტემა მართავდა დაახლოებით 30 000 ინფიცირებულს და დღეში გვქონდა 5000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის: დღეს იწურება 48 საათიანი ულტიმატუმის ვადა, რომელიც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მიზნით სამთო კურორტებზე დასაქმებულებმა მთავრობას მისცეს: თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება და შეზღუდვები არ შემსუბუქდება, ისინი პერმანენტულ აქციებსა და სახელმწიფო შენობების პიკეტირებას აპირებენ.
აქციის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავი მთის კურორტები“. კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ბოლო ორი დღეა, თბილისში სხვადასხვა ჯგუფები აპროტესტებენ.
იხილეთ ასევე: სად რა სახის შეზღუდვები იხსნება 1 თებერვლიდან


