
აფხაზეთი: ბოლო ლურსმანი განვითარების პერსპექტივის კუბოში
27/01/2021 19:30:10 კონფლიქტები
გასული წლის ბოლო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროსთვის ნაყოფიერი გამოდგა. კანონმდებლებმა მთელი რიგი გასაოცარი კანონები და ცვლილებები მიიღეს. მათ შორისაა ვ. პუტინის საპრეზიდენტო ვადების განულება; ექს-პრეზიდენტების სამუდამო სენატორობა და ხელშეუხებლობა; საიტების დაჯარიმება ხელისუფლების მიერ აკრძალული კონტენტის არწაშლისთვის; ჯარიმა ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა “ცილისწამებისთვის” (უფრო სწორად იმისთვის, რასაც ხელისუფლება ჩათვლის ცილისწამებად) ინტერნეტსა და მედიაში; კანონი ფიზიკურ პირთა “უცხოეთის აგენტებად”გამოცხადების თაობაზე; 2,5 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმა ფიზიკურ პირთათვის, რომლებიც “უცხოეთის აგენტების” შესახებ ინფორმაციას მათი ამ სტატუსის მიუთითებლად გაავრცელებენ; კანონი მიტინგების დაფინანსების აკრძალვის თაობაზე; კანონი ძალოვანთა და მოსამართლეთა მონაცემების გასაიდუმლოების შესახებ; პატიმრობა ქუჩების ბლოკირებისთვის; სოცქსელების ვალდებულება, თავად გამოავლინონ და დაბლოკონ “ხელისუფლების მიმართ უპატივცემულობის გამომხატველი პოსტები”.
ეს მხოლოდ ნაწილია საკანონმდებლო სიახლეებისა, რომელთა რეპრესიულობაც, გამორიცხულია, შეუმჩნეველი დარჩეს ვლადიმირ პუტინის ყველაზე ერთგული მხარდამჭერებისთვისაც კი (იმ პუტინის, რომლის მხარდასაჭერად 23 იანვარს აქცია, მათ შორის, აფხაზეთშიც იყო დაგეგმილი). ხოლო იმაზე, თუ როგორ იღებდნენ ამ კანონებს, ხატოვნად მეტყველებს, მაგალითად, ასეთი სასწაული: “კომუნისტმა” დეპუტატმა კორონავირუსისგან სიკვდილის დღეს 8 საკანონმდებლო ინიციატივას დაუჭირა მხარი, მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვალებამდე ბოლო 3 დღის განმავლობაში კომაში იყო....
ახალი 2021 წელი რუსეთში იმავე ტალღაზე დაიწყო. პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტის მიერ დანიშნულ ჩინოსნებს ასაკობრივ ცენზს უუქმებს. გარდა ამისა, მიუხედავად ოფიციალური მონაცემებისა იმის შესახებ, რომ ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ მოსკოვში 2,3 მლრდ რუბლის საერთო ოდენობის ქრთამები გაიცა, სახელმწიფო სათათბიროს წარედგინა კანონპროექტი, რომელიც “ფიგურანტისგან დამოუკიდებელი მიზეზებით” ჩადენილი კორუფციისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას ითვალისწინებს.... და 17 691 კვ.მ ფართისა და დაახლოებით 100 მლრდ რუბლის ღირებულების ნამდვილი სასახლე, რომელიც ამასწინათ პუტინს საკუთრებაში აღმოუჩინეს, როგორც ჩანს, სწორედ ამ საკანონმდებლო სიახლის მოქმედების ფარგლებში ექცევა. ან შესაძლოა, არც ექცეოდეს. მაგრამ პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღშფოთებული მოქალაქეები “დაამშვიდა” სიტყვებით, “ნუ ღელავთ, პუტინი მისით [სასახლით – რედ.] არ სარგებლობსო”. გენპროკურორმა კრასნოვმა კი ყოველი შემთხვევისთვის დაამატა, “რუსეთში კორუფციასთან ბრძოლაში კომპრომისები გამორიცხულიაო!”.
ბევრი საინტერესო რამ ხდება ქვეყანაში სახელმწიფო სათათბიროს კედლებს მიღმაც. ასე, მაგალითად, 21 იანვარს შსს-მ გამოაქვეყნა განაცხადი შესაძლო პროტესტების დასაშლელად დამატებით 51 მლნ რუბლის ღირებულების სპეცეკიპირების შესყიდვის თაობაზე. იკითხავთ, "რა ეშველება ფინანსების მუდმივ “უკმარისობას” განათლების, კორუფციასთან ან თუნდაც კორონავირუსულ პანდემიასთან ბრძოლის სფეროებისთვისო?" - რა სისულელეა?! სახელმწიფოსთვის ხომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მიზნები არსებობს და ფული უპირველესად, მათზე უნდა დაიხარჯოს! ალბათ, სწორედ ამიტომ დაიხარჯა 2020 წელს პუტინის ყოველწლიურ შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე 138 მლნ რუბლი, მაშინ, როცა ყუბანმა 2020 წელს ბაღებისა და სკოლების მშენებლობის დაგეგმარებისთვის მხოლოდ 130 მლნ რუბლი გამოყო. ალბათ, სწორედ ამიტომაა, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში რუსეთში ფრთოსანი რაკეტების არსენალი თითქმის 40-ჯერ გაიზარდა, მოქალაქეთა ხელფასები კი ბოლო 10 წლის განმავლობაში – მხოლოდ 2,5-ჯერ.
დამეთანხმებით, ძნელია, ამჟამინდელი რუსული სახელმწიფოს პრიორიტეტები კიდევ უფრო თვალსაჩინოდ წარმოაჩინო. თუმცა როგორც კი ხალხი ცხოვრების დაბალი დონის მიზეზებზე იწყებს კითხვების დასმას, ხელისუფლება ნაცად ხერხს მიმართავს და იწყებს მოქალაქეების დაშინებას სიტყვებით “დასავლეთი”, “უცხოეთი”, “ლიბერალური ღირებულებები”, “დემოკრატია”... საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, მაგალითად, ორიოდ დღის წინ საქვეყნოდ გამოაცხადა “განვითარების დასავლური ლიბერალური მოდელის ღრმა კრიზისის” შესახებ. სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა გადაწყვიტა, აშშ-ის ამასწინანდელ არეულობებს გამოჰხმაურებოდა და განაცხადა, რომ “რუსეთი არ მისცემს მენტორული ტონით საუბრის უფლებას მათ, ვინც საკუთარი პარტიულ-პოლიტიკური სისტემა დეგრადაციამდე მიიყვანა, რის შედაგადაც განხორციელდა შეტევა მოქალაქეთა ფუძემდებლურ უფლებებსა და თავისუფლებებზე”. თავად სახელმწიფო სათათბირო მოემზადა, განეხილა საკითხი “მშვიდობიანი შეკრებების თავისუფლების დარღვევები აშშ-სა და ევროპაში” (თუმცა მადლობა ღმერთს, ვიღაცას ეყო საღი აზრი, წინდახედულება – და რუსეთისთვის წამგებიანი ეს წამოწყება ბოლო მომენტში გადადეს). პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ “პუტინის იდეოლოგია არ შეიძლება, უკავშირდებოდეს უცხოეთს” და რომ “მისი ძირითადი იდეოლოგია – ეს არის რუსეთისა და მისი თითოეული მოქალაქის განვითარება, სტაბილურობა, კეთილდღეობა” (რაკი საუბარმა მოიტანა, ორი სიტყვით – იდეოლოგიის შესახებაც: “როსატომი” გეგმავს, უახლოეს ხანებში 1,3 მლნ რუბლი გამოყოს რუსეთის უმსხვილეს საგამოფენო კომპლექსში ლავრენტი ბერიას ორი ძეგლის დასადგმელად, რომელთაც ვანდალმედეგი სხეულები და სილიკონის თავები ექნებათ).... ანუ, დიახ, ფასებმა ქვეყანაში ინფლაციის ოფიციალურ მაჩვენებლებს გადაუსწრო; დიახ, დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, რუსეთი პანდემიის პირობებში ფინანსურად პრაქტიკულად არ ეხმარება საკუთარ მოქალაქეებს, მაგრამ არსებობს ამაზე ბევრად საშიში რამ – დასავლეთი თავისი “მხრწნელი ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობებით” და სწორედ ამ მთავარი საფრთხისგან იცავს რუსეთის მოქალაქეებს ვ. პუტინი! ხოლო ის, რომ ქვეყანაში ცხოვრება სულ უფრო მძიმდება, მოქალაქეებმა უნდა მოითმინონ! განვითარება, სტაბილურობა და კეთილდეობა ხომ გაწერილია პუტინის იდეოლოგიაში? - მაშასადამე, ოდესმე ისინი აუცილებლად მოხდება!
ვინმე ლოდინმა დაღალა? ვინმეს აღარ სჯერა? არაფერია! – რუსეთში ხომ სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის შექმნილი კანონები არსებობს! სწორედ მათ საფუძველზე შეუფარდა მოსკოვის სასამართლომ ამასწინათ 2-წლიანი პირობითი მსჯავრი დეპუტატ იულია გალიამინას იმისათვის, რომ პუტინის საპრეზიდენტო ვადების განულების წინააღმდეგ პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვა გაბედა, ჩელიაბინსკის მკვიდრი ახალგაზრდა ქალი კი ორიოდ დღის წინ 20 000 რუბლით დააჯარიმეს ჯო ბაიდენისადმი ვიდეომიმართვისთვის, რომელიც მას საჯარო გამოსვლად ჩაუთვალეს.
ზემოთ აღწერილი ფაქტობრივი საკონსტიტუციო დიქტატურა რუსეთის პრობლემაა და რაოდენ დიდხანს შეეგუება მას – რუსეთის მოსახლეობის გადასაწყვეტია. ჩვენ, მეზობლებს ეს არ უნდა გვეხებოდეს, რომ არა კრემლის დაუოკებელი ჟინი, მთელი ამ “სიკეთეების” ექსპორტი განახორციელოს ყველა წერტილში, სადაც ამის შესაძლებლობა მიეცემა და თავისი გავლენა უპირველესად სამეზობლოზე გაავრცელოს. მსოფლიოს გარკვეულ წერტილებში ეს მიიღწევა ძალის გამოყენებით, სადღაც კი კრემლს ხრიკებისთვის უწევს მიმართვა, – ყველაფერი დამოკიდებულია ადგილობრივი მოსახლეობის სიფრთხილეზე, პატრიოტიზმზე, ნებისყოფაზე, ასევე, სამწუხაროდ, ადგილობრივი პოლიტიკოსების გამყიდველობის ხარისხზე. მოტყუვდება ვინმე? - მშვენიერი! ფინანსური რჩენის სანაცვლოდ დასთანხმდება მოსკოვს? - ძალიან კარგი! დაშინებით დაიმორჩილებს? - ხომ კარგი! ვერ დაიმორჩილებს? - ძალით მიაღწევს საწადელს!
აფხაზეთში ძალის გამოყენებამდე საქმე ჯერ არ მისულა (და ვიმედოვნებ, არც მივა!) – პროცესი ჯერ-ჯერობით მორიგი დამმონებელი დოკუმენტებით მოტყუების სტადიაზეა. ასეთი დოკუმენტია, მაგალითად, “კანონმდებლობების ჰარმონიზების საფუძველზე ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა”, რომელიც მოსკოვიდან სოხუმში ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს გამოგზავნეს, მაგრამ ასლან ბჟანიამ მხოლოდ 2020 წლის 12 ნოემბერს - სოჭში პუტინთან შეხვედრისას, რუსული მხრის აშკარა ზეწოლით დაამტკიცა. ამ დოკუმენტში მრავლადაა ჩადებული შესაძლებლობები აფხაზეთში რუსული ყაიდის კონსტიტუციური დიქტატურის დასამყარებლად. მათ შორისაა, მაგალითად, რუსეთის მსგავსად, არასამთავრობო კომერციული ორგანიზაციების უცხოეთის აგენტებად გამოცხადების საკანონმდებლო ინიციატივა. და ყველაფერთან ერთად, ამ “პროგრამით” მოსკოვი “მეგობრულად” სთავაზობს სოხუმს, მოხსნას ყველა დარჩენილი საკანონმდებლო შეზღუდვა და სრულად გაუხსნას რუსეთს ხელი აფხაზეთის საბოლოო ანექსირებისთვის...
ახლა, მას შემდეგ, რაც ასლან ბჟანიამ მოსკოვის ზეწოლით დოკუმენტი მაინც დაამტკიცა, ბურთი კანონმდებლების მოედანზეა. რუსი “მეგობრების” პრესინგის მიუხედავად, ისინი დოკუმენტის რატიფიცირებას ჯერ არ ჩქარობენ. მაგრამ იმ შემთხვევისთვის, თუ კანონმდებლებს შორის მაინც არიან ისეთები, ვინც ამ დრომდე ვერ აცნობიერებს კრემლის ახალი დირექტივების საფრთხესა და მავნებლობას, მოკლედ მინდა, შევახსენო ყველას, რა მოუტანა აფხაზეთს მოსკოვის მიერ მანამდე – წინა წლებში ნაკარნახევმა კანონებმა. ჯერ კიდევ 1993 წელს შექმნილი სისტემა, რომლის საფუძველზეც აფხაზეთი 30 წლის განმავლობაში “ვითარდებოდა” (და ახლა უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ არავითარი განვითარება ამ სისტემას მისთვის არ მოუტანია), თავის დროზე სოხუმში არა “გახრწნილი” დასავლეთიდან, არამედ ლუბიანკიდან ჩაიტანეს! და სწორედ ეს სისტემაა მიზეზი იმისა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში აფხაზეთში ცხოვრების დონე ეზრდებოდათ მხოლოდ სხვადასხვა პოლიტიკურ მოღვაწეებს, ასეთებად კი, რუსეთის მსგავსად, ხდებოდნენ უმთავრესად ყოფილი პარტმუშაკები, მილიციელები, უშიშროების თანამშრომლები – ანუ სწორედ იმ ლუბიანკისეული სისტემის წარმომადგენლები; მილიცია, სასამართლო, საბაჟო საკუთარი თავისთვის მუშაობდნენ და ერთი წუთიც არ უზრუნიათ არც ეკონომიკურ განვითარებაზე, არც კრიმინალთან ბრძოლაზე, არც საბაჟო კანონმდებლობის დაცვაზე, არც სამართლიანობის უზრუნველყოფაზე. რუსეთის მიერ შემოთავაზებული სქემით თითქმის 30-წლიანი ცხოვრების შედეგიც სახეზეა: “სახელმწიფოებრიობა” შექმნილია მხოლოდ თავად აბსტრაქტული “სახელმწიფოსთვის” და მისი წარმომადგენლებისათვის, არამც და არამც არა აფხაზეთისა და მისი ხალხისათვის! ძალიან ჰგავს რუსეთში არსებულ მდგომარეობას, არა?
დასასრულს მსურს, ორი კითხვით მივმართო აფხაზი მოღვაწეების იმ ნაწილს, რომელიც ჯერ კიდევ პრორუსულადაა განწყობილი: 1. რა მიზანი ჰქონდა მოსკოვს, როცა 30 წლის წინ აფხაზ “მეგობრებს” ამ სქემით განვითარება შესთავაზა? 2. რატომ არაფერი მოიმოქმედეს არც რუსეთმა, როგორც სისტემის ავტორმა, არც მის კონტროლს დაქვემდებარებულმა აფხაზმა პოლიტიკოსებმა ამ სქემის შესაცვლელად მაშინ, როცა მისი ამოქმედებიდან გარკვეული დროის შემდეგ უკვე გამოიკვეთა, რომ ამ სქემით განვითარება აფხაზეთს კარგს არაფერს მოუტანდა? ჩვენმა მკითხველებმა თავად გასცენ ამ კითხვებს პასუხი. მე კი შემიძლია მხოლოდ, პასუხების საკუთარი ვარიანტი შემოგთავაზოთ: იმიტომ, რომ სქემას, რომელიც 30 წლის წინ მოსკოვიდან გამოიგზავნა და აფხაზური “სახელმწიფოს” კრემლის ხედვისამებრ “განვითარებას” ითვალისწინებდა, იმთავითვე ჰქონდა ერთი მიზანი – აფხაზეთის დამოუკიდებლად განვითარების არდაშვება! სწორედ ამიტომ ფინანსდებოდა 30-ვე წლის განმავლობაში აფხაზეთის ყველა პოლიტიკური ძალა პირდაპირ თუ ირიბად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, სანაცვლოდ კი წარმატებით ართმევდა თავს მთავარ ამოცანას – აფხაზეთის შენარჩუნებას იმ სახით, რომლითაც ის დღემდე არსებობს – სრულად დამოკიდებულად “სტრატეგიულ პარტნიორზე”, დამოუკიდებლად განვითარების ყოველგვარი შესაძლებლობის გარეშე!
ეს სისტემა ყველას აწყობს, ხალხისა და მათ გარდა, ვისაც აფხაზეთზე მართლაც შესტკივა გული. ახლა უკვე აბსოლუტურად ნათელია, რომ “სტრატეგიული პარტნიორის” ხუშტურებზე სრული დამოკიდებულება არასოდეს მისცემს აფხაზეთს განვითარების შესაძლებლობას. 2019 წლის ბოლოს მოსკოვიდან გამოგზავნილი მორიგი დირექტივების “პროგრამა” კი შესაძლოა, ბოლო ლურსმნად იქცეს განვითარების პერსპექტივის კუბოში. იმედი მაქვს, აფხაზი დეპუტატები (ყოველ შემთხვევაში, მათი პატრიოტული ნაწილი) ამას აცნობიერებენ და რუსეთის ახალი დირექტივების რატიფიცირებას არ დაუშვებენ.
ეკა ცანავა
_________________________________________________________________________________________
მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ღია საინფორმაციო პარტნიორობის (OIP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება