საქართველომ „კორუფციის აღქმის ინდექსში“ ერთი საფეხურით უკან დაიხია
28/01/2021 05:46:07 პოლიტიკა
2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში კვლავ პირველია. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2020 წლის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში; მსოფლიო მასშტაბით კი, საქართველო 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილს იკავებს და ბოლო ხუთი წელია, ინარჩუნებს პოზიციას საუკეთესო ქვეყნების 25 პროცენტში.
როგორც იუსტიციის სამინისტროში აღნიშნავენ, 2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველო მაჩვენებლებით უსწრებს ევროკავშირის ცხრა ქვეყანას.
„საქართველოს წარმატება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში იმ რეფორმების შედეგია, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. მათ შორისაა: საჯარო სამსახურის რეფორმა, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა, მამხილებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვებში გამჭვირვალობის გაზრდა, პროკურატურის რეფორმა, სასამართლოს რეფორმა, საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და სხვა.
საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსი სახელმწიფოებში კორუფციის დონის განმსაზღვრელი ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევაა, რომელსაც საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი აქვეყნებს. კორუფციის აღქმის ინდექსი მსოფლიოს ექსპერტთა და ბიზნესის სფეროში ჩართულ პირთა მოსაზრებებზე დაყრდნობით აფასებს, როგორია საჯარო სამსახურში კორუფციის დონის აღქმა“, – აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
განახლება
„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გამოაქვეყნა „კორუფციის აღქმის ინდექსი 2020“. არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში შეფასებულია საჯარო სექტორში კორუფციის სავარაუდო დონე მსოფლიოს 180 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. შეფასებისთვის გამოყენებულია შკალა 0-დან(ძალიან კორუმპირებული) 100-მდე(ძალიან სუფთა).
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" მონაცემებით, წინა წლების მსგავსად ქვეყნების 2/3-ზე მეტს 50 ქულაზე ნაკლები აქვს.
2020 წლის ინდექსით, საქართველო 56 ქულით 45-ე ადგილზეა. 2019 წელსაც საქართველოს 56 ქულა ჰქონდა, თუმცა 44-ე ადგილზე იყო, 2018-ში კი, 58 ქულით 41-ზე, რაც ხუთი საფეხურით გაუმჯობესებული პოზიცია იყო 2017 წელთან შედარებით.
ამასთან, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონში ინარჩუნებს კორუფციისგან ყველაზე სუფთა ქვეყნის სტატუსს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშის თანახმად, 88-88 ქულით პირველ ადგილს ინაწილებენ დანია და ახალი ზელანდია. 12-12 ქულით ბოლო ადგილზე არიან სომალი და სამხრეთ სუდანი. 2012 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი, 67 ქულა აქვს აშშ-ს.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის 2020 წლის ანგარიში ეხება COVID-19-ზე მთავრობების რეაგირებაზე კორუფციის გავლენას, ჯანდაცვაში ინვესტირებას და პანდემიის პერიოდში დემოკრატიული ნორმების და ინსტიტუტების შესუსტებას.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელის, დელია ფერეირა რუბიოს განცხადებით, COVID-19-ის პანდემია არა მხოლოდ ჯანდაცვის და ეკონომიკის, არამედ კორუფციული კრიზისიცაა და მას ჯერჯერობით ვერ უმკლავდებიან.
კვლევა აჩვენებს, რომ პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს უფრო ცუდად გაუმკლავდნენ იმ ქვეყნებში, სადაც კორუფციის დონე უფრო მაღალია. ანგარიშის თანახმად, მდგრადი კორუფცია ძირს უთხრის ჯანდაცვის სისტემას, ხელს უწყობს დემოკრატიის უკან დახევას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოქალაქეების სიცოცხლეს და საარსებო წყაროებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, 2020 წელმა პრობლემები გამოავლინა საუკეთესო შედეგების მქონე სახელმწიფოებშიც კი და აჩვენა, რომ კორუფციისგან თავისუფალი არ არის არცერთი ქვეყანა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებსაც, რომელთა მიზანია კორუფციის შემცირება და კრიზისებზე უკეთ რეაგირება. რეკომენდაციებს შორისაა მაკონტროლებელი ინსტიტუტების განმტკიცება, საკმარისი რესურსებით მათი აღჭურვა და დამოუკიდებლობა მოვალეობათა შესასრულებლად, სამთავრობო კონტრაქტების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ინტერესთა კონფლიქტების გამოაშკარავება, მთავრობათა ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის შესაბამისი პირობების შექმნა და ხარჯების და რესურსების შესახებ რეალურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა.


