"საერთაშორისო გამჭვირვალობა“: კორუფციის ფართო გავრცელებამ ხელი შეუშალა კოვიდ-19-ის მიმართ რეაგირებას
28/01/2021 10:34:52 პოლიტიკა
ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა" (TI) ყოველწლიურ ანგარიშში წერს, რომ კორონავირუსის პანდემიამ გამოააშკარავა „ფართო გავრცელებული კორუფცია“ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სადაც, ორგანიზაციის თანახმად, „კორუმპირებულმა ავტორიტარმა მმართველებმა“ შეამცირეს სახელმწიფო ხარჯებზე ზედამხედველობა და შეკვეცეს მოქალაქეთა თავისუფლებები.
ზოგიერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა რეგიონში „გამოიყენა კრიზისის იმისთვის, რომ გაეფართოებინათ მათი ძალაუფლება, გაეძლიერებინათ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა დამატებითი ზომებით, უგულებელეყოთ სახელმწიფო შესყიდვების წესების გამჭვირვალობის მოთხოვნა და საჯარო ანგარიშვალდებულების მექანიზმები, - ნათქვამია ბერლინში დაფუძნებული, კორუფციასთან ბრძოლის სამეთვალყურეო ორგანოს დოკუმენტში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" სათავო ოფისმა გამოაქვეყნა „კორუფციის აღქმის ინდექსი 2020“, რომელიც აფასებს საჯარო სექტორში კორუფციის სავარაუდო დონეს მსოფლიოს 180 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. შეფასებისთვის გამოყენებულია შკალა 0-დან (ძალიან კორუმპირებული) 100-მდე (ძალიან სუფთა). საქართველო 56 ქულით 45-ე ადგილზეა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" თანახმად, ინდექსში კარგი მაჩვენებლების მქონე ქვეყნები მეტ თანხებს ახმარენ ჯანდაცვას, მეტი შესაძლებლობები აქვთ ჯანდაცვის სამსახურები ფართოდ იყოს ხელმისაწვდომი და მეტად იცავენ დემოკრატიის და კანონის უზენაესობის ნორმებს. ინდექსის ავტორები წერენ, რომ მყარი კორუფცია ძირს უთხრის ჯანდაცვის სისტემებს ბევრ ქვეყანაში და ხელს უწყობს „დემოკრატიის შეკვეცას“ კორონავირუსის პანდემიის ფონზე.


