Accentnews.ge
ივერი მელაშვილი ალეკო ელისაშვილს პასუხობს

ივერი მელაშვილი ალეკო ელისაშვილს პასუხობს

28/01/2021 17:49:43 პოლიტიკა

პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ივერი მელაშვილი მადლობას უხდის ყველას, ვინც „ხმა ამოიღო“, მათ შორის „მოქალაქეების“ დამფუძნებელ ალეკო ელისაშვილსაც, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ არ სურს, მისი ფიგურა პოლიტიკური „ვაჭრობისთვის გამოიყენონ“.

მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომ მელაშვილის გათავისუფლება პოლიტიკური მოლაპარაკებების საგანია და ამბობს, რომ არავის მისცემს მისი სახელით მანიპულირების შესაძლებლობას, მათ შორის იმისთვის, რომ პარლამენტში შევიდეს.

„დამტკიცება თუ უნდა, წავალ და უკან ჩავჯდები“,– განაცხადა მელაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

კარტოგრაფი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ უნდა შეიცვალოს, ხოლო ოპოზიციური ერთობის დასაშლელად მისი პიროვნების გამოყენება მისთვის მიუღებელია.

„ოპოზიცია გაერთიანდა. ამ დროს ის განცხადება, რომ „მელაშვილს გამოუშვებენ, მე გავქანდები და პარლამენტში შევალ“ , უკაცრავად, ჩემით პანიპულირება... მისი პოზიცია თუა, „გამოვიდა მელაშვილი და ამიტომ მაქვს უფლება, პარლამენტში შევიდე“...უკაცრავად. თუ მაინც და მაინც ჰგონია, რომ მისი მოლაპარაკების საგანი ვიყავი და ამიტომ გამომიშვეს გარეთ, წავალ და უკან ჩავჯდები. ოთხი თვე ვიყავი, ცხრა თვემდე გავძლებ და ბრალს რომ ვერ ნახავენ, ხომ გამომიშვებენ?!“,– დასძინა მელაშვილმა.

ალეკო ელისაშვილმა კარტოგრაფების – ნატალია ილიჩოვას და ივარი მელაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მმართველ გუნდთან მოლაპარაკებებს დაუკავშირა.

მისი თქმით, ეს ნაბიჯია მხარეებს შორის ნდობის აღდგენისთვის:

„საძაგლობაა, როდესაც სახელმწიფო ტყუილ უბრალოდ აპატიმრებს ადამიანებს, მაგრამ კარგია რომ „ქართული ოცნება“ გონს მოეგო და ისინი გაათავისუფლა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი! დიახაც, მოლაპარაკებამ გამოიღო შედეგი და ეს არის კარგი. ეს არის ნაბიჯი მოლაპარაკების გაგრძელებისთვის და მხარეებს შორის ნდობის აღდგენისთვის! იშვიათად ვყოფილვარ დღევანდელივით გახარებული!“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S