გომელაური – გახარიასთან დაპირისპირებაზე: „წლებია, ვმეგობრობთ“
28/01/2021 20:25:52 პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური „ჭორს“ უწოდებს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დაპირისპირების შესახებ ცნობებს.
ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ ათავისუფლებს „გახარიას კადრებს“: კახა საბანაძეს, ვლადიმერ ბოცვაძეს, გომელაურმა უპასუხა:
„ჯერ ეს ერთი, საბანაძე და ბოცვაძე მუშაობენ. მეორეც – მინდა, გითხრათ, კახა საბანაძე ჩემი კადრი უფროა, ვიდრე – გახარიასი. საბანაძე ჩემთან მუშაობდა ხუთი წელი და გახარია როცა დაინიშნა ძალოვან უწყებაში, მერე მთხოვა და „მივეცი“. კოტე ანანიაშვილიც მუშაობს, ჯერ–ჯერობით. 6 წელი ერთად ვმუშაობდით და ჩემი კადრი არ არის და გახარიას კადრია“?... ჯერ ის გაარკვიეთ, ვინ ვისი კადრია და მერე დასვათ კითხვა, უკეთესი იქნება”, — უთხრა გომელაურმა ჟურნალისტებს პარლამენტში.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ არ აქვს დაპირისპირება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან:
„მე და გახარია ვართ უახლოესი ადამიანები, მეგობრები, ვართ ძალიან ახლობლები. ძალიან ბევრი ჭორი იყო და მინდა, ვთქვა, რომ არანაირი დაპირისპირება არ არის. წლებია, მართლა ვმეგობრობთ. დიდი ხანია, ოჯახებით ვმეგობრობთ. პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, „ჩემი კადრები“ და „მისი კადრები“ – ასეთი რაღაცა მართლა არ არსებობს“.


