ელისაშვილი: "არჩევნები გაყალბდა. აქ იმიტომ ვართ, რომ გვსურს, ეს იყოს საქართველოს ისტორიაში ბოლო გაყალბებული არჩევნები"
02/02/2021 10:19:21 პოლიტიკა
"დიახ, არჩევნები გაყალბდა და ჩვენ ამის გვჯერა. არჩევნები 31 ოქტომბერს გაყალბდა და ამ დარბაზშიც იმიტომ ვართ, რომ გვსურს, 31 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ისტორიაში იყოს ბოლო გაყალბებული არჩევნები", - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო გარემოს მოწესრიგების გარანტია მასაა და მმართველ პარტიას შორის გაფორმებული მემორანდუმია:
"არჩევნები 31 ოქტომბერს გაყალბდა. მაშ რატომ ვარ ამ დარბაზში თუ გაყალბდა? იმიტომ ვართ, რომ ჩვენ გვინდა, 31 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ისტორიაში იყოს ბოლო გაყალბებული არჩევნები. ამის გარანტიაა მემორანდუმი, რასაც ხელი მოვაწერეთ. მინდა ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან ვუთხრა, ამპარტავნულად ყველაფერს კი ნუ გვიწუნებენ და ყველაფრის წყალში ჩაყრას კი ნუ ცდილობენ. არ მოსწონთ რაც იქ წერია? იბრძოლონ ჩვენზე მეტად, გაცილებით მეტნი არიან. 54- ნი არიან. მეტი გამოგლიჯონ "ქართულ ოცნებას" მეტი დაახევინონ უკან და ქვეყნისთვის უფრო მეტი საჭირო პუნქტი შეიტანონ, ამას უბრალოდ მივესალმები... ჩვენ აქ ვართ, იმისთვის რომ ეს ქვეყანა იყოს უკეთესი. სწორედ ამიტომ ვამბობ, რადაც გინდათ იმათ ჩამითვალეთ, მე ამიერად როგორც დეპუტატი ვუპასუხებ ნომერს 5..... ჯოჯოხეთია ყოველდღე ასეულობით ზარის პასუხი, მაგრამ ეს არის პასუხისმგებლობა და სწორი პოლიტიკა. იმედი მაქვს, დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ დანარჩენ ოპოზიციასაც ვიხილავთ აქ და ყველა ერთად კრიტიკით ვიფიქრებთ ეს ქვეყანა როგორ წავიყანოთ წინ", – განაცხადა ელისაშვილმა.
„მოქალაქეებმა“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა, რიგგარეშე არჩევნების, საარჩევნო რეფორმის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საერთო მოთხოვნას შეუერთდა და მონაწილეობდა აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით „ქართულ ოცნებასთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებში.
29 იანვარს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა განაცხადეს, რომ მმართველ პარტიასთან მიღწეულია შეთანხმება ფუნდამენტურ საარჩევნო რეფორმაზე, ამიტომ პარლამენტში საქმიანობას დაიწყებენ და თუ „ქართული ოცნება“ შეთანხმებას დაარღვევს, პარლამენტს დატოვებენ.
რაც შეეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას, "მოქალაქეების" ლიდერების თანახმად, "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებების დროს ოპოზიციის მიერ დასახელებული 5 პირიდან 4 წინასწარ პატიმრობაში აღარ იმყოფება და თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს ამ საკითხზე საბოლოო შედეგის მიღწევა სურთ, პარლამენტში უნდა შევიდნენ და მმართველ პარტიასთან მოლაპარაკება გააგრძელონ.
სხვა ოპოზიციური პარტიები "მოქალაქეების" ლიდერებს "ქართული ოცნების" სცენარით მოქმედებაში ადანაშაულებენ.
2 თებერვალს "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, არ დააკმაყოფილოს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი 51 დეპუტატის მოთხოვნა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.


