თურქეთიდან საქართველოში შემოსვლის წესი შეიცვალა
03/02/2021 07:20:25 პოლიტიკა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყნებს, საიდანაც ვიზიტორებს PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა, თურქეთი დაემატა. დღემდე ამ ჩამონათვალში იყვნენ ევროკავშირის ქვეყნების, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროს და ბაჰრეინის მოქალაქეები და რეზიდენტები (მათ საქართველოში ჩამოსვლისას თვითიზოლაციის ვალდებულება აღარ აქვთ).
როგორც თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, ეს დამაიმედებელი ინფორმაციაა ბიზნესისა და ტურიზმისთვის.
"ჩვენი ამოცანაა, ჟანგბადი ჩავასუნთქოთ ტურისტულ ინდუსტრიას და ნელ-ნელა ამოქოქვა დაიწყოს. ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც PCR ტესტით შემოდის მოქალაქე, ემატება თურქეთი, ჩვენი დიდი მეზობელი და აქედანაც ველოდებით ვიზიტორებს გამარტივებული წესებით - PCR ტესტის ნეგატიური პასუხით, ხოლო ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ მესამე დღეს უნდა ჩაიტარონ PCR ტესტი. ეს კარგი, დამაიმდებელი ინფორმაცია როგორც ბიზნესისთვის, ასევე ტურიზმისთვის, იმიტომ, რომ წყარო იყო ტურისტების ჩვენი მეზობელი ქვეყანა და საკმაოდ ბევრი ბიზნესვიზიტორი გვსტუმრობს თურქეთიდან", - თქვა თურნავამ.
ცნობისთვის: 1 თებერვლიდან საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვა მოიხსნა. საქართველოს მიმართულებით ფრენებს 11 თებერვლიდან Pegasus Airlines, 15 თებერვლიდან კი Turkish Airlines ანახლებს.


