ელისაშვილი: "პარლამენტი ერთპარტიული არ არის, ორნი კი ვართ, თუმცა დამოუკიდებელ ოპოზიციურ პარტიას წარმოვადგენთ"
03/02/2021 08:48:19 პოლიტიკა
პარტია “მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული არ არის.
“პარლამენტი ერთპარტიული არ არის, ჩვენ თუ პარტიად არ აღგვიქვამთ, კი ბატონო. ორნი კი ვართ , მაგრამ წარმოვადგენთ დამოუკიდებელ ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც "მოქალაქეები" ეწოდება, ეს ვიღაცას უნდა გაითავისოს, ვიღაცას არა, მაგრამ ეს არის ასე,"- განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ოპოზიციამ, საერთო ჯამში, 60 მანდატი მოიპოვა. თავდაპირველად ყველა ბარიერგადალახულმა პარტიამ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა და პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო “პატრიოტთა ალიანსიდან” გამოსულმა 4-მა და პარტია “მოქალაქეების” 2-მა დეპუტატმა – ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა. საპარლამენტო საქმიანობაში ამ დრომდე არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებები არ დაუწერია “გირჩის” სამ წარმომადგენელს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რაქვიაშვილს.
2 თებერვალს "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, არ დააკმაყოფილოს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი 51 დეპუტატის მოთხოვნა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.


