Accentnews.ge
"გარემოსდაცვითი სტრატეგიები, კლიმატური ცვლილებები და მდგრადობა, პრიორიტეტულ საკითხებია მმართველი პარტიისა და საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში"

"გარემოსდაცვითი სტრატეგიები, კლიმატური ცვლილებები და მდგრადობა, პრიორიტეტულ საკითხებია მმართველი პარტიისა და საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში"

05/02/2021 06:38:32 პოლიტიკა

"საქართველო არის ამაყი ევროპელი ერი 3 000-წლიანი ისტორიით. ბოლო წლებში განხორციელდა რიგი ძირეული რეფორმები ქვეყნის დემოკრატიული და მდგრადი განვითარების მოდერნიზაციისა და წახალისების მიზნით - ინვესტირება ინფრასტრუქტურაში, საჯარო სექტორის რესტრუქტურიზაცია, დერეგულაცია ბიზნესისთვის, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და ვაჭრობასთან დაკავშირებული წესები და პროცედურები, რამაც, თავის მხრივ, გავლენა იქონია სტაბილურობაზე გარემოსდაცვითი კუთხით. გარემოსდაცვითი სტრატეგიები, კლიმატური ცვლილებები და მდგრადობა წარმოადგენს პრიორიტეტულ საკითხებს „ქართული ოცნების“ მმართველი პარტიის და საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში",- ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის კახაბერ კუჭავას სტატიაში, რომელსაც ,,THE EUROPEAN JOURNAL” აქვეყნებს.

როგორც სტატიაში აღნიშნულია, 2015 წელს, გაეროს კლიმატური ცვლილებების კონფერენციაზე პარიზში, საქართველოს მთავრობამ დადო გარემოსდაცვითი სტრატეგიების ერთგულების ურყევი პირობა და დაადასტურა თავისი როლი, როგორც სუფთა ენერგიის ექსპორტის სფეროს ლიდერმა რეგიონში.

ვიცე-სპიკერის თქმით, როგორც კლიმატური ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო-კონვენციის ხელმომწერი მხარე, საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს კონვენციის და შესაბამისი მოლაპარაკებების პროცესის მიზნების მისაღწევად.

,,კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველომ დასახა მიზნები 2021-2030 წლების კლიმატური ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო-კონვენციის ფარგლებში ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის მეშვეობით და შეუერთდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის „მწვანე ზრდის დეკლარაციას“, ასევე დაასრულა დაბალი ემისიის განვითარების სტრატეგიის და ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება. როგორც კლიმატური ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო-კონვენციის ხელმომწერი მხარე, საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს კონვენციის და შესაბამისი მოლაპარაკებების პროცესის მიზნების მისაღწევად. 2013 წელს საქართველომ, ევროკავშირისა და აშშ-ის მთავრობის ხელშეწყობით, დაიწყო დაბალი ემისიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება. მიღწეული შედეგების საფუძველზე, საქართველომ მოამზადა და კლიმატური ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო-კონვენციას წარუდგინა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი, რომელშიც მოცემული იყო 2020 წლის შემდეგ კლიმატური ცვლილებების შემცირების ზომები, რომელთა მიღება განსაზღვრული იყო 2015 წლის ახალი შეთანხმებით. მდგრადი განვითარების და ეროვნული თავისებურებები გათვალისწინებული იყო საქართველოს მიერ ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის შედგენაში. გარდა ამისა, საქართველოს მტკიცე გადაწყვეტილებაა ეროვნულ დონეზე მისაღები გავლენის შემცირების ზომების და ტყის გაჩეხვისა და დეგრადაციის შედეგად მიღებული ემისიის შემცირების შესახებ დოკუმენტების შემუშავება და მიღება. საქართველო მხარს უჭერს მწვანე ეკონომიკის განვითარებას თანამედროვე გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების ხელშეწყობის, სუფთა სატრანსპორტო მომსახურების შემუშავების და მდგრადი მოხმარებისა და წარმოების რეჟიმზე გადასვლის უზრუნველყოფის გზით. რაც შეეხება მდგრადობას, საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის და მდგრადი განვითარების ჩვიდმეტივე მიზნის მისაღწევად, რისთვისაც ქვეყანა ერთგულებს ამ დღის წესრიგის ძირითად პოსტულატს: „არავინ დარჩეს უყურადღებოდ“. მთავრობის სტრატეგიები და პრიორიტეტები თანხმობაშია მდგრადი განვითარების მიზნებთან, რის წყალობითაც ისინი წარმოადგენს ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგის მყარ საფუძველს. ეროვნულ დონეზე მორგებული მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრაციის დონე საქართველოს განვითარების დაგეგმვაში ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული მისწრაფებების შესაბამისად ძალიან მაღალია: 36 სექტორული სტრატეგია და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება ჯამში მოიცავს ქვეყნის ეროვნულ დონეზე მორგებული მდგრადი განვითარების მიზნების 96%-ს. გარდა ამისა, ღია მმართველობის მუდმივი საპარლამენტო საბჭო ახორციელებს საქართველოს პარლამენტის მდგრადი განვითარების მიზნების სამოქმედო გეგმის შესრულებას, ხოლო ცალკეული კომიტეტები ადრეულ სამოქმედო გეგმებში უკავშირებენ თავიანთ საქმიანობას მდგრადი განვითარების მიზნებს“,- განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

როგორც ვიცე-სპიკერი აცხადებს, საქართველო გამოირჩევა უდიდესი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალით და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მტკნარი წყლის რეზერვით.

მისი თქმით, კლიმატის თვალსაზრისით, საქართველოს ახასიათებს განსაკუთრებული მრავალფეროვნება.

,,ქვეყანაში წარმოდგენილია თითქმის ყველა კლიმატური ზონა, თუ არ ჩავთვლით უდაბნოს, სავანას და ტროპიკულ ტყეებს. ამჟამად საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 40% დაფარულია ტყეებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლებმა მიიღეს ახალი ტყის კოდექსი, რომელშიც აღწერილია ტყის გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციები და ჩამოყალიბებულია ტყის მდგრადი მართვის პრინციპები, რომელთა მიზანიცაა საქართველოს ტყეების ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია. საქართველო გეგმავს, 2030 წლისთვის უპირობოდ შეამციროს სათბურის აირების ემისია 15%-ით „ჩვეული ბიზნესის“ სცენართან შედარებით. საქართველო უკვე იყენებს განახლებად ენერგიას ელექტროენერგიის 80%-ის მისაწოდებლად. ქვეყანა გამოირჩევა უდიდესი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალით და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მტკნარი წყლის რეზერვით. კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკაში. ქართველი ფერმერები შეასრულებენ გადამწყვეტ როლს საზოგადოების ერთ-ერთი უპირველესი საჭიროების უზრუნველყოფაში: ეს არის საკვები პროდუქტების უსაფრთხო, უვნებელი და ხელმისაწვდომი მარაგი, რაც ხაზს უსვამს კავშირს სოფლის მეურნეობაზე კლიმატური ცვლილებების გავლენასა და სურსათის უვნებლობას შორის. ბოლო ათწლეულებში კლიმატური ცვლილებების უარყოფითმა შედეგებმა მკვეთრად შეამცირა სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა. უკვე განხორციელებულია რიგი ზომები იმისთვის, რომ მოხდეს სოფლის მეურნეობის სექტორი ადაპტირება მოსალოდნელ კლიმატურ ცვლილებებთან, მათ შორის - სოფლის მეურნეობაში საგანგებო სიტუაციებზე (გვალვა, წყალდიდობა და ა.შ.) რეაგირების გეგმების კვლევა და შემუშავება; ირიგაციის მართვის და წყლის გამოყენების ინოვაციური მეთოდების შემოღება; ადგილობრივ პირობებზე მორგებული ეროზიის საწინააღმდეგო ზომების მიღება;; ფერმერებისთვის საინფორმაციო ცენტრების დაარსება მათთვის სოფლის მეურნეობის ადაპტირებული მართვის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად და სხვა“,- ნათქვამია სტატიაში.

ვიცე -სპიკერი აცხადებს, რომ ეროვნული დონის ინიციატივების გარდა, საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირის დახმარებით, გადადგა ზომები გარემოსდაცვითი პოლიტიკის და კონსერვაციის მიმართულებით:

,, 2019 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციის პროგრამის დაწყება (ბიუჯეტი: 70 მილიონი აშშ დოლარი), რომლის მიზანიცაა ქვეყნის დაცვა ბუნებრივი კატაკლიზმებისგან და მათ მიერ გამოწვეული ზიანის მინიმიზაცია. გარემოსდაცვითი და კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარეობს 3 პროექტის სახით, რომელთა მიზანიცაა წყლის მარაგის და სანიტარული სისტემის განახლება, თანამდეროვე ნაგავსაყრელების მშენებლობა, ინდუსტრიული დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა, ტყეების დაცვა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. საქართველოს მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ქვეყნის პროდასავლური წინსვლის უზრუნველყოფა, რასაც მოწმობს კიდეც ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტების დიდი რაოდენობა. საქართველო სათუთად უფრთხილდება საერთო ღირებულებებს, რომელთაც ეფუძნება ევროპა, იქნება ეს სტრატეგიული, ეკონომიკური თუ კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული მიზნები. ამასთან, ევროკავშირი-საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი სტრატეგია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მტკიცე კავშირებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, განსაკუთრებით გარემოს დაცვის სფეროში, და მხარს უჭერს რიგი გლობალური სტრატეგიული მიზნების მიღწევას, კლიმატური ცვლილებების შესახებ პარიზის შეთანხმების, გაეროს 2030 წლის დღის წესრიგის და მისი მდგრადი განვითარების მიზნების, ასევე ევროპული მწვანე შეთანხმების ჩათვლით".

კახაბერ კუჭავა აცხადებს, რომ ევროკავშირი და საქართველო თანამშრომლობენ მტკიცე და მდგრადი მომავლის მშენებლობისთვის:

,,კლიმატური ნეიტრალიტეტისკენ მიმავალ გზაზე ევროკავშირსა და საქართველოს აკისრიათ საერთო პასუხისმგებლობა პარიზის შეთანხმების შესრულებაში ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შეტანის კუთხით, ასევე ეკონომიკის მოდერნიზაციის და ნახშირბადის კვალის შემცირების თვალსაზრისით. ევროპული მწვანე შეთანხმება ცხადყოფს, რომ გარემოს და კლიმატური ცვლილებები ითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას ევროკავშირისა და, საქართველოს ჩათვლით, მისი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან. ევროკავშირი და საქართველო თანამშრომლობენ მტკიცე და მდგრადი მომავლის მშენებლობაზე: რეგიონის გარდაქმნა თანამედროვე, რესურსების მხრივ თვითკმარი, სუფთა, წრიული და კონკურენტული ეკონომიკის მქონე სამართლიან და აყვავებულ საზოგადოებებად და, ამავე დროს, მათი აქტიურობის გაზრდა გარემოსა და კლიმატის სფეროში, მათ შორის ბუნებრივი რესურსების უფრო მდგრადი გამოყენების გზით; მწვანე ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებული ახალი მწვანე სამუშაო ადგილების და ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა; გარემოსდაცვითი მმართველობის უზრუნველსაყოფად და ცნობიერების ასამაღლებლად ინვესტიციების გაგრძელება, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გზით; მდგრად და „ჭკვიან“ მობილურობაზე გადასვლის დაჩქარება; მოქმედების გააქტიურება მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვან სფეროებში. ევროკავშირმა და საქართველომ უკვე დაიწყეს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და შეთანხმებული მოქმედება მდგრადი გარემოსდაცვითი ინვესტიციების კუთხით, მათ შორის მწვანე ტაქსონომიის, გარემოსა და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცხადების და მწვანე ფინანსური პროდუქტების სტანდარტებისა და ეტიკეტების სფეროებში. აღსანიშნავია, რომ ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპული ქვეყნების უწყებებსა და საელჩოებთან, რათა პროექტები გარემოსა და კლიმატის სიმტკიცესთან დაკავშირებით განხორციელდეს უშუალო ჩართულობით“.

ვიცე-სპიკერი 2020 წლის მაისში, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე ენერგოეფექტურობისა და ენერგორესურსების რაციონალური გამოყენების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ აღნიშნული კანონით ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროკავშირის სტანდარტებს.

მისი თქმით, ამ ნაბიჯმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მხრიდან.

,,ამ კანონის მიზანია ემისიის და დაბინძურების შემცირება, შენობათა ენერგოეფექტურობის გაზრდა, ასევე ენერგორესურსების იმპორტის შემცირება და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცება. ევროკავშირი, ენერგეტიკული თანამეგობრობა და გაეროს განვითარების პროგრამა ეხმარებიან საქართველოს კლიმატსა და ენერგეტიკასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დახვეწაში - საქართველო უკვე მიიწევს წინ სათბურის აირების ემისიის შემცირებისკენ მიმართული კანონებისა და სტრატეგიების მიღების კუთხით. საქართველოში ნახშირორჟანგის ექვივალენტური ემისია უდრის დაახლოებით 17,6 ტონას წელიწადში (2,37 ტონა სულ მოსახლეზე), რაც ბევრად ნაკლებია მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების ემისიებზე, თუმცა მაინც ოდნავ აღემატება აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთი წევრი ქვეყნის მონაცემებს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Environment ინიციატივა, რომელიც 2019 წელს დაიწყო, ეხმარება საქართველოს და კიდევ 5 პარტნიორ ქვეყანას (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა) ბუნებრივი კაპიტალის შენარჩუნებაში და მოსახლეობის გარემოსდაცვითი კეთილდღეობის გაზრდაში, რისთვისაც მხარდაჭერილია გარემოსთან დაკავშირებული ზომები, ასევე ხაზგასმული და გამოყენებულია მეტი მწვანე ზრდის შესაძლებლობები და შექმნილია მექანიზმები გარემოსდაცვითი რისკების და ზეგავლენის მართვის გასაუმჯობესებლად. 2020 წლის ოქტომბერში ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა მიღწევები ხსენებული 18-თვიანი პროექტის (ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი დებულებების შესრულების მხარდაჭერა) ფარგლებში, რომლის მიზანიცაა საქართველოს გარემოსდაცვითი სისტემის მხარდაჭერა. ასე, აღნიშნულია მიღწევები შემდეგი მიმართულებებით: საზღვაო გარემოს დაცვის ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო პროგრამის პროექტი; მართვის გეგმები „ზურმუხტის ქსელის“ 3 რეგიონისთვის: სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი-რაჭა; ანგარიშები ატმოსფეროს ხარისხის შესახებ (საწვავის დისტრიბუციით, საღებავების წარმოებითა და დისტრიბუციით გამოწვეული ემისია; ატმოსფეროს ხარისხის სტრატეგიის პროგნოზები); ანგარიშები დაცული ტერიტორიების მონიტორინგის და მართვის შესახებ“,- აცხადებს კახაბერ კუჭავა.

იგი მიიჩნევს, რომ ყველა ეს მიღწევა აძლევს საქართველოს საშუალებას, დააჩქაროს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი დებულებების შესრულება და გააუმჯობესოს გარემოსდაცვითი სისტემა, რათა ჯამში სარგებელი მოუტანოს საქართველოს ბუნებას და მოქალაქეთა ჯანმრთელობას.

,,ხსენებული კანონის ეფექტიანი გატარება მოიცავს კომპლექსურ პროცესს და მოითხოვს რამდენიმე კომპონენტის არსებობას, ეფექტიანი ზედამხედველობის ჩათვლით. ხშირად ყურადღება გადატანილია კანონპროექტის მიღების უზრუნველყოფაზე და არა მის პრაქტიკულ შესრულებასა და შედეგებზე. ამ ხარვეზის გამოსწორებაში და, შედეგად, მომავალში ქვეყნის გარემოს და კლიმატის სიმტკიცის უზრუნველყოფაში არსებით როლს ასრულებს პრაქტიკისა და რეგულაციების ზედამხედველობა. საინტერესოა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავას (გარემოს დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე) თავმჯდომარეობით პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა წარმატებით შემოიღო საკომიტეტო გამოძიების პრაქტიკა (ატმოსფეროს ხარისხი თბილისში და ნარჩენების მუნიციპალური მენეჯმენტი) და მიღებული კანონების აღსრულების დაწვრილებითი შემოწმება, რაც მოგვიანებით აისახა პარლამენტის რეგლამენტში და დღეს აქტიურად არის გამოყენებული სხვა კომიტეტების და მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოების მიერ. აღსანიშნავია, რომ ამ მექანიზმებს, ძირითადად, სამოქალაქო საზოგადოება იყენებს, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის საპარლამენტო ზედამხედველობას. ყველა პროცესი სრულიად გამჭვირვალეა და შესაბამისობაშია ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიულ პროცესებთან. საკომიტეტო გამოძიების შედეგად, მიწოდებულია რეკომენდაციები და მათი შესრულების გრაფიკი, რომლის მიხედვითაც აღმასრულებელი თანამდებობის პირი პარლამენტს აბარებს ანგარიშს ხსენებული რეკომენდაციის სტატუსის შესახებ“ ,- აცხადებს კახაბერ კუჭავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S