05-02-2016 16:17:32 მულტიკულტურული საქართველო
დღეს სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. არსებული მონაცემებით, დაღუპულია 22 წლის ასლანბეგრ ბორჩაშვილი, თუმცა მისი დაღუპვის შესახებ მონაცემებს ოჯახი არ ადასტურებს.
ბორჩაშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი გახლდათ და სოფელ დუმასტურში ცხოვრობდა. ბიძაშვილ ასლანბეგ ბორჩაშვილთან ერთად მისი სირიაში გამგზავრების შესახებ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით სირიაში დაღუპულ საქართველოს მოქალაქეების რიცხვმა 20–ს გადააჭარბა. დაღუპულთაგან მეტი ნაწილი პანკისის ხეობის მკვიდრნი იყვნენ, თუმცა მათ შორი არიან როგორც აჭარის, ისე ქვემო ქართლის მკვიდრებიც. რამდენიმე დაღუპულის ვინაობა ცნობილია: 23 წლის რუსტამ გელაევი (აგვისტო 2012), 26 წლის ჰამზათ აჭიშვილი (ივლისი 2013), 36 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი (ივლისი 2013), 24 წლის ხალიდ აჭიშვილი (ოქტომბერი 2013), 36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი (თებერვალი 2014), 18 წლის ბესო კუშტანაშვილი (სექტემბერი 2014), 22 წლის გურამ გუმაშვილი (ოქტომბერი 2014), 21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014), 18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014), 30 წლის ლევან ნაკაიძე (დეკემბერი2014), 24 წლის დავით სვიაკაური (თებერვალი 2015), 33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი (მაისი 2015), 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი (ივნისი 2015), 28 წლის ბესლან მუხტაროვი(დეკემბერი 2015), 22 წლის მუჰმად თურქოშვილი (იანვარი 2016), 24 წლის რამზან ფარეულიძე (იანვარი 2016), 22 წლის ხვიჩა გობაძე(იანვარი 2016), 38 წლის ვახა ბუგიევი(აპრილი 2016).
ასევე გავრცელდა ცნობა საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედროს თარხან ბათირაშვილის დაღუპვის შესახებაც, თუმცა კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე ირწმუნება, რომ ის ცოცხალია და საქართველოდან გადინებული მოქალაქეები ამ დრომდე ირიცხებიან როგორც მის, ასევე კიდევ ერთი საველე მეთაურის ახმედ ჩატაევის ჯგუფებში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან გადინებული მოქალაქეების მოტივაციის რაიმე სახის კვლევა ამ დრომდე არ ჩატარებულა და ამ საკითხის გადაწყვეტას სახელმწიფომ ძირითადად ძალოვანებს მიანდო. ქვეყანამ მიიღო კანონი უცხო ქვეყნის ტყერიტორიაზე მოქმედი უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობის დასჯადობის შესახებ და ამ კანონის ფარგლებში რამდენიმე პირი პასუხისგებაშიც მიეცა, მათ შორის არის აიუპ ბორჩაშვილი, რომელიც შს სამინისტროს ცნობით, საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი გახლდათ.
რაც შეეხება მოტივაციას, ამ კუთხით მხოლოდ ექსპერტების ვარაუდებს შეგვიძლია დავეყრდნოთ, ისინი კი რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებენ ყურადღებას: ქვეყანაში მომძლავრებული ფუნდამენტალისტური ისლამი (რომლის წარმომადგენლებიც საქართველოში ვაჰაბიტებად იწოდებიან, თავად კი თავს სალაფიტებს უწოდებენ), ინტეგრაციის პრობლემა, საკუთარი თავის რეალიზების სურვილი და ეკონომიკური პრობლემები.
როდესაც ვსაუბრობთ ქართველ სალაფიტებზე, ამ კუთხით საინტერესოა საქართველოში მცხოვრები ერთ–ერთი სალაფიტის განცხადება, რომელიც მან „აქცენტთან“ საუბრისას გააკეთა და შეიძლება ითქვას, რომ ის პირველია, რომელმაც მსგავსი პოზიცია ღიად დააფიქსირა.
კერძოდ, აბუ ჰუზეიფა აზუსტებს რამდენიმე ასპექტს, რომელიც საქართველოში მცხოვრებ სალაფიტებს „ისლამური სახელმწიფოსგან“ მიჯნავს:
„ისლამური სახელმწიფო“ შესაძლოა, რაღაც ნაწილში ეფუძნებოდეს სალაფიტურ მოძღვრებას, მაგრამ არა სრულად. მათ უსაბუთოდ გაჰყავთ ადამიანი ისლამის ჩარჩოდან, უწოდებენ „ქაფირს“ [ურწმუნოს] და შემდეგ დასდევენ მოსაკლავად.
გარდა ამისა, ადამიანის მოკვლას ისლამში თავისი წინაპირობები აქვს. ომის დროსაც კი არ შეიძლება, დაანგრიო ეკლესიები თუ სხვა რელიგიური სალოცავები; დაუშვებელია, შეხვიდე სალოცავში და ამოხოცო მომლოცველები; არ შეიძლება, დახოცო ბავშვები, ქალები და მოხუცები. რელიგია ამის უფლებას არანაირად არ გაძლევს, მაგრამ იქ მსგავსი ფაქტები მრავლად დაფიქსირდა“.
კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე ამ კუთხით სამართალდამცველთა მუშაობაში დაფიქსირებულ ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა მათ მიერ გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯებსაც აღნინავს, რაშიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში შემჩნეუკლ რამდენიმე პირის დაკავება იგულისხმება.
რაც სეეხება ხარვეზებს, კავკასიოლოგი ბორჩაშვილისა (თურქეთსა და თბილისს შორის ორდღიანი იძულებითი მიმოსვლის შემდეგ „ისლამური სახელმწეიფოს“ წევრობისთვის დააკავეს) და კუშტანაშვილის (არასწრულწლოვანი საზღვარზე გაიპარა და შემდეგ გაირკვა, რომ სირიაში წავიდა) ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.
„ვისაც წასვლა უნდოდა, წავიდა და ახლა გადინებას ინტენსიური სახე არ აქვს“,– აღნიშნავს კავკასიოლოგი.
მისივე მონაცემებით, სადღეისოდ სირიაში მოქმედ სხვადასხვა დაჯგუფებებში საქართველოს 60–მდე მოქალაქე ფიქსირდება, თუმცა უცნობია რამდენი ჩვენი თანამოქალაქე იბრძვის უშუალოდ „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ქვეშ.
„რთულია ზუსტი ციფრის თქმა, რადგან საქართველოს მოქალაქეები გადანაწილებულნი არიან როგორც ახმედ ჩატაევის, ისე თარხან ბათირაშვილის ჯგუფებში“,– დასძენს კვახაძე.
რაც შეეხება საფრთხეებს, კვახაძე ფიქრობს, რომ დაბალია და რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას: „აბსოლუტურად უსაფრთხო ვერცერთი ქვეყანა ვერ იქნება. იხვეწება ტექნოლოგიები და მათ არა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის, არამედ ტერორიზმისთვისაც იყენებენ. ეს კიდევ უფრო ართულებს კონტროლს. ქვეყანა ამსოლუტურად დაცული რომ იყოს, მაშინ ცრდილოეთ კორეას უნდა ჰგავდეს, რადგან დემოკრატიულ სამყაროში ინტერნეტი და კომუნიკაციების სხვა საშუალებები მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია, თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოში ტერორიზმის საფრთხე დაბალ ნიშნულზეა. ამას კი რამდენიმე გარემოება განაპირობებს: „ისლამურ სახელმწიფოს“ საქართველოში ძლიერი დასაყრდენი არ აქვს, ასე ვთქვათ, მისი იდეები საქართველოსი პოპულარული არ არის. ქართული მუსლიმი თემს, განსხვავებით სხვა ქვეყნებისა, „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, საქართველოში მცხოვრები სალაფიტების უდიდესი ნაწილი არ იზიარებს მათ იდეებს. კულუარებში შესაძლოა ჰყავდეთ გულშემატკივრები, მაგრამ ისინი აქტიურნი არ არიან. ამასთან, გეოპოლიტიკური თვასაზრისით საქართველო მნიშვნელოვანი არ არის „ისლამური სახელმწიფოსთვის“.
ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“