ხმა გალიდან: „თუ ადრე რუსებს და აფხაზებს ემალებოდნენ, ახლა ქართველებს ემალებიან“

08-02-2021 14:03:47 კონფლიქტები

ირონიულია, რომ დღეს აფხაზები ნაკლებ პრობლემებს უქმნიან გალელებს, ვიდრე ჩვენი ხელისუფლება,– ამბობს „აქცენტთან“ კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრთა პრობლემების გაჟღერებისას.

კერძოდ, როგორც კანაშვილი ყვება, თითქმის ერთი წელია, გართულებული და დისკრიმინაციული შეზღუდვები მოქმედებს გალის მკვიდრებთან მიმართებაში: თუ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, ქვეყანაში შემოსვლისას პისიარ–ტესტი წარადგინოს და 8 დღით გადავიდეს თვითიზოლაციაში, ან მესამე დღეს განმეორებით ჩაიტაროს ტესტი, გალის მკვიდრები დანარჩენ საქართველოში გადმოსვლის შემთხვევაში სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან. კონფლიქტოლოგი იმ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ დანარჩენ საქართველოსთან კავშირი გალისთვის მნიშვნელოვანია პროდუქტის, საყოფაცხოვრებო ნივთების, მედიკამენტების შესაძენად, პენსიის ასაღებად, სამედიცინო საჭიროებებისთვის. მით უფრო, გართულებული კომუნიკაციის პირობებში, ლიმიტირებული დროით კონკრეტული მიზნებისთვის გადმოდიან, თუმცა დანარჩენ საქართველოში უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ აღმართულ ბარიერებს აწყდებიან.

„თუ ძალიან მძიმე პაციენტთან არ გვაქვს საქმე, ფაქტობრივად, მათი დანარჩენ საქართველოში გადმოსვლა შეუძლებელი ხდება“,– ამბობს კანაშვილი.

შექმნილ ვითარებაში ოკუპირებულ გალში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს დანარჩენ საქართველოსთან წვდომისთვის ალტერნატიული გზის მოძიება მოუწიათ – მალვა ყველასგან:

„სამწუხაროდ, თუ ადრე რუსებს და აფხაზებს ემალებოდნენ და ჩუმად იპარებოდნენ, ახლა ქართველ სამართალდამცველებსაც ემალებიან. თავისთავად, ეს ვითარება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც აჩენს რისკებს. უკვე დაიწყო თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი, მაგრამ მათ არავინ აწვდის ინფორმაციას, რა რეგულაციები იქნება მათთან მიმართებაში და შეიცვლება თუ არა რამე“.

კონფლიქტოლოგის თანახმად, გალელებისთვის გაუგებარია, რატომაა შეუძლებელი, საოკუპაციო ხაზის კვეთისას ჩაუტარდეთ კორონავირუსზე ტესტირება, ან გალის საავადმყოფოებში, რომლებიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ნაწილია და შემდეგ ტესტის პასუხი წარუდგინონ ქართულ მხარეს ე.წ. საზღვარზე და მალვის გარეშე შეძლონ დანარჩენ საქართველოში საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე მშვიდად მოძრაობა.

„ყველაზე მეტად ეს სწყინთ გალელებს, რომ საკუთარი სახელმწიფო უყურადღებოდ ექცევა. ეს ხალხი მართლა ყველას მიერ დაჩაგრული და უუფლებოდ დატოვებულია. მაინც და მაინც ვინმეს თუ არ დაიჭერენ და მოკლავენ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ისინი თანადგომას ვერ გრძნობენ და დიდი ხანია, ეს ასე გრძელდება. ამ პრობლემების გაჟღერებასაც კი ერიდებიან, რადგან თეორიულად, მათი დამცველი საქართველოს სახელმწიფოა და თავს არიდებენ ხელისუფლების კრიტიკას, თუმცა უკმაყოფილება და წყენა მზარდია.

ასე იყო თუ ისე, იგივე ენმ–ის დროს მუდმივად ხდებოდა ყურადღების გამახვილება, ზოგჯერ, შეიძლება, გადამეტებულადაც, მაგრამ ხალხი სახელმწიფოს ყურადღებას გრძნობდა. „ქართული ოცნების“ პირობები ამ ყურადღებამ თანდათანობით იკლო და ბოლოს მინიმუმამდე დავიდა. იგივე ხაჯიმბას [დე ფაქტო ექს–პრეზიდენტი – რედ] პოლიტიკის პირობებში განცხადებებით შემოიფარგლებოდნენ და თავად ხალხს არ ელაპარაკებოდნენ. შესაძლოა, პრაქტიკული თვალსაზრისით ბევრი ვერაფერი გააკეთოს სახელმწიფომ, მაგრამ ამ ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მორალური მხარდაჭერაც კი.

თუმცა რეალურად, იგივე გალელებთან და ახალგორელებთან მიმართებაში ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, რაც მათ ზურგს გაუმაგრებდა. მაგალითად, ახალგორში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი [ახალგორელი აქტივისტი – რედ.]უკვე რა ხანია, ფაქტობრივად, შინა პატიმრობაშია და მასთან დაკავშირებით ორიოდ განცხადებას თუ გავიხსენებთ საქართველოს ხელისუფლებიდან. ვფიქრობ, მათ შორის იმიტომაც, რომ აქტიური ქალია, აკრიტიკებს ცხინვალს და ცენტრალურ ხელისუფლებასაც უმოქმედობის გამო. ზოგადად, ჩვენი ხელისუფლება ბევრი მიმართულებითაა პასიური და მათ შორისაა კონფლიქტებიც. როგორც ვაკვირდებით, თავის ატკივება არავის უნდა“,– ამბობს კანაშვილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები