საჯარო რეესტრმა აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე უარი უთხრა
08/02/2021 12:54:13 პოლიტიკა
საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ასევე, რეგისტრაციაზე უარი ეთქვა გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაციასაც. შესაბამისად, რაგბის კავშირი კვლავ პრეზიდენტის გარეშე იმყოფება.
როგორც საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მიზეზი არის ის, რომ არც პრეზიდენტობის და არც გამგეობის წევრობის კანდიდატებს არ მიუღიათ ხმების ის რაოდენობა, რაც წესდებითაა მოთხოვნილი.
"რაგბის კავშირის პრეზიდენტის, ასევე, გამგეობის წევრების არჩევის წესს განსაზღვრავს კავშირის წესდება, რომლის თანახმად, პრეზიდენტი აირჩევა კრებაზე, რომლის კვორუმია წევრთა ხმების 2/3 მაინც; ირაკლი აბუსერიძის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით კი დგინდება, რომ კრებაზე, სადაც იგი კავშირის პრეზიდენტად უნდა აერჩიათ, საკმარისი კვორუმი არ იყო. აღნიშნულ ფაქტს პრეზიდენტობის კანდიდატი იმ მიზეზით ხსნიდა, რომ დეკემბერში გამართული კრება 2020 წლის თებერვალში კვორუმის არარსებობის გამო ჩაშლილი კრების განმეორებით კრებას წარმოადგენდა, თუმცა, კავშირის წესდება განმეორებით კრებას მხოლოდ მაშინ ცნობს, თუ იგი პირველი კრების გამართვიდან არაუგვიანეს 30 დღეში ჩატარდება; სინამდვილეში კი, კრება, რომელზეც აბუსერიძის პრეზიდენტად არჩევა განიხილებოდა, არა 30 დღის განმავლობაში, არამედ 30 დეკემბერს – 10 თვის შემდეგ ჩატარდა", - ნათქვამია საჯარო რეესტრის განცხადებაში.
საჯარო რეესტრში აცხადებენ, რომ სწორედ ზემოთ აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, საქართველოს რაგბის კავშირის წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება, რომლითაც ირაკლი აბუსერიძეს უარი ეთქვა რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე, ასევე, უარი ეთქვა გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაციაზე.


