"ევროპული ღირებულებების ცენტრი": "გარეჯის საქმე არის საქართველოს შიდა პოლიტიკაში რუსული ჩარევის ილუსტრაცია”
10/02/2021 11:37:35 პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპული ღირებულებების ცენტრის" განცხადებით, “დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული საქმე არის საქართველოს შიდა პოლიტიკაში რუსული ჩარევის ილუსტრაცია”.
“2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში სხვა თემაზე ყურადღების გადატანის მიზნით საქართველოს მთავრობამ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და დააკავა საჯარო მოხელეები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე. საქმე, რომელიც დაკავშირებულია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან, რომელიც მდებარეობს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, არის რუსული ჩარევის ილუსტრაცია. ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ბიზნესმენი, რომელმაც საქართველოში ტოპოგრაფიული რუკები ჩამოიტანა, დაკავშირებულია რუსულ სპეცსამსახურებთან. "მედიის განვითარების ფონდის" წინასაარჩევნო ანგარიში აჩვენებს, რომ კამპანიამ, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით წარიმართა, გააღვივა ნარატივი, რომ ოპონენტები ასხვისებდნენ ეკლესიებსა და სამშობლოს, იმ დროს როდესაც მთავრობა ცდილობს საფრთხეების განეიტრალებას. ამგვარად შეიქმნა ნაყოფიერი ნიადაგი ულტრანაციონალისტებისა და პრო-რუსულად განწყობილი ძალებისთვის, რათა განეხილათ აზერბაიჯანი და რუსეთი მსგავსი საფრთხეებისა და ოკუპაციის კონტექსტში”, – ნათქვამია ორგანიზაციის დაკვეთით მომზადებულ კვლევაში.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში "მთავარი მავნე უცხოური გავლენის” წყაროები რუსეთის ფედერაცია და ჩინეთია. კვლევაში ნათქვამია, რომ რუსეთის "რბილი ძალა" ცდილობს დაამკვიდროს აზრი, რომ დასავლური ღირებულებები შეუთავსებელია მართლმადიდებლობასთან; იგი ორიენტირებული ყალბი ისტორიული ანტი-თურქული ნარატივის შექმნაზე, რომლის თანახმად, თურქეთი ცდილობს, მიიტაცოს აჭარის რეგიონი. კვლევის ავტორები ასევე საუბრობენ რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის წინააღმდეგ განხორციელებულ რუსულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე.


