„რესპუბლიკელები“ მზად არიან, უბარიერო სისტემის კენჭისყრისთვის პარლამენტში ერთჯერადად შევიდნენ
10/02/2021 12:46:40 პოლიტიკა
„რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ პარტია მზადაა, დათმოს მანდატები, მაგრამ ვინაიდან „ქართული ოცნება“ ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს არ აკმაყოფილებს და ოპოზიციას პროპორციული სისტემას სთავაზობს ბუნებრივი ბარიერით, კანონპროექტის დარეგისტრირების შემთხვევაში კენჭისყრაში მონაწილეობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
ინფორმაციისთვის: „რესპუბლიკელებს“ მე–10 მოწვევის პარლამენტში ორი მანდატი აქვთ.
სამნიძე იმედს გამოთქვამს, რომ ინიციატივას ოპოზიციონერი კოლეგებიც გაითვალისწინებენ.
„სტაგნაციაა მოლაპარაკებების და იდეების თვალსაზრისით. ხელისუფლება არაა ადეკვატური შექმნილი ვითარების, მათ გამოსვლებში არანაირი კომპრომისი არაა გათვალისწინებული, ან ამბობს, რომ შემოგთავაზებთ მაგალითად, იმას, რაზეც საუბარია 20 ივნისიდან მოყოლებული – ბუნებრივი ბარიერით პროპორციული არჩევნები, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ შემოხვალთ პარლამენტში. ხაზს უსვამენ, რომ 113 ხმა რომ იყოს, ამისთვის უნდა იყოს მთელი ოპოზიცია პარლამენტში. არ ითვალისწინებენ, რომ თითქმის ყველას, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, დაწერილი გვაქვს განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. ჩვენ ამ ფარგლებში ვრჩებით, ვამბობთ, რომ ამ მანდატებს არ გამოვიყენებთ და კიდევ ერთხელ მინდა, ხელისუფლებას მივმართო, გააუქმოს ჩვენი მანდატები.
მაგრამ, თუ ის არ აუქმებს განცხადებებს, მათ გადაგვიყვანეს პოლიტიკურ ბოიკოტში. ასეთ ვითარებაში, როცა მეორე მხრიდან გვესმის, რომ "მზად ვართ, ვისაუბროთ ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ სისტემაზე, იმ შემთხვევაში, თუ სხვა პარტიები მზად იქნებიან, შემოვიდნენ პარლამენტში და დისკუსია გამართონ", მინდა, მათ მივმართო და დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები გაითავისებენ ჩვენს ამ ინიციატივას, წინაპირობებით არ უნდა ელაპარაკებოდეს ხელისუფლება ოპოზიციას. თუ ის ბედავს და მზადაა, შემოგვთავაზოს ბუნებრივი ბარიერით პროპორციული სისტემა და დაარეგისტრირებს ამ კანონპროექტს, მზად ვართ, ამ კანონპროექტის კენჭისყრის დროს მხარი დავუჭიროთ და კენჭისყრაში მივიღოთ მონაწილეობა. ამით ჩვენ ქართულ ოცნებას უნდა შევუტიოთ“,– განაცხადა "ტვ პირველის" ეთერში სამნიძემ.


