
რას ფიქრობენ აფხაზურ საზოგადოებაში თბილისთან სავაჭრო ურთიერთობებზე
10/02/2021 16:56:12 კონფლიქტები
თბილისთან სავაჭრო ურთიერთობების შესახებ დე ფაქტო ხელისუფლების ინიციატივისადმი აფხაზური საზოგადოების დამოკიდებულება ძალზე არაერთგვაროვანია. ამაზე სოხუმელების მცირე გამოკითხვაც მეტყველებს.
– ჩვენი ხელისუფლება საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების ლეგალიზებას გვთავაზობს, ოპოზიცია კი ამის წინააღმდეგ ილაშქრებს. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
ილონა: საქართველოსთან ნებისმიერი ურთიერთობების წინააღმდეგი ვარ, სანამ საქართველო აფხაზი ხალხის გენოციდს არ აღიარებს, არ აღიარებს ჩვენს დამოუკიდებლობას. მხოლოდ ამ ყველოაფრის აღიარების შემდეგ ვიქნები თანახმა მასთან დიალოგზე. სადღეისოდ ვთვლი, რომ ეს არასწორია და მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს.
ნუგზარ აგრბა: ეკონომიკური ურთიერთობებისა და ვაჭრობის აღდგენის საკითხი ადრეც დამდგარა დღის წესრიგში. მაგრამ თუ ახალ ფორმატში განიხილება, მე ცალსახად მომხრე ვარ იმის, რომ იყოს სახელმწიფოებრივი ურთიერთობები, სადაც ვაჭრობა სახელმწიფო დონეზე ხორციელდება. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა დიდი ხანია, აჟღერებს ამას. მაგრამ ის დეტალებს არ აკონკრეტებს. შესაძლოა, არსებობს რაღაც, რაც არ ვიცით. მე მომხრე ვარ, რა თქმა უნდა, იყოს ურთიერთობები, რომელიც ეკონომიკურ და პოლიტიკურ მიზანშეწონილობას დაემყარება. ეს - პირველი. მეორე: ვაჭრობა სასარგებლო უნდა იყოს აფხაზური მხარისთვის და ბიუჯეტში უნდა შედიოდეს ფული, გადასახადები. მომხრე ვარ ასევე, გაიხსნას რკინიგზა. და ეს საკითხები სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს. ორი სუვერენული სახელმწიფო უნდა განიხილავდეს ეკონომიკის, ვაჭრობის საკითხებს. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს ბოლომდე არ ამბობს, არ გვიყვება, რა სტადიაზე, რა ფორმატში აპირებს ამ საკითხების მოგვარებას. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ახალგაზრდა ქალი: პრინციპში, ვაჭრობა ცუდი არ იქნება. მაგრამ ჩვენ ხომ საქართველოსთან ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით. რა ტვირთბრუნვაზეა საუბარი? დიახ, ვიცით, რომ წარმოებს კონტრაბანდული ვაჭრობა საქართველოსთან. მაგრამ ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ვაჭრობის დაკანონებაზე საუბარი ნაადრევია – ჩვენ ხომ სამშვიდობო შეთანხმებაც კი არ გაგვაჩნია სახელმწიფოსთან,რომელმაც ჩვენს წინააღმდეგ იბრძოლა. არ არსებობს არანაირი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ამ ყველაფერს დაარეგულირებს. ვაჭრობის საფარქვეშ ქართველებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. საქართველო ხომ ჯერ-ჯერობით ჩვენს მიმართ მეგობრულად განწყობილი სახელმწიფო არაა. ამდენად, ვფიქრობ, სავაჭრო ურთიერთობებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
ასიდა ქორთუა: ვფქრობ, ვაჭრობის დაკანონებაზე და ზოგადად მათთან [თბილისთან – რედ.] რაიმე საქმეებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად გამოაცხადებს, რომ წარსულში აფხაზეთის მიმართ თავის მოქმედებას მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს, ოფიციალურად მოიხდის ბოდიშს, ჩემი აზრით, შესაძლებელი გახდება ყველაფრის განხილვა, სწორედ ვაჭრობის, რაღაც ეკონომიკური კავშირების ჭრილში. მაგრამ ამ ეტაპზე ეს არამიზანშეწონილად მიმაჩნია.
ირმა: საკითხის შესახებ სრული ინფორმაცია არ მაქვს. ვისურვებდი, მეტი ინფორმაცია მქონოდა კომპეტენტური პირებისგან. კარგი იქნებოდა, ტელევიზით განემარტათ მოსახლეობისთვის, რაზეა საუბარი, რაში გვჭირდება ეს ყველაფერი და რამდენად უსაფრთხოა.
კონსტანტინე ტუჟბა: მე ვაჭრობას, პრინციპში, მხარს ვუჭერ. ომი მუდმივად ვერ გაგრძელდება, რაღაც იცვლება. ვაჭრობა ურთიერთსასარგებლოა. თუ მის ლეგალიზებას არ მოვახდენთ, მაინც ვაჭრობენ, ეს მაინც ხდება, შემოსავლები კი ჩრდილში მიდის, აფხაზეთის ბიუჯეტი კარგავს. იქ ბევრი ტექნიკური საკითხია, საქართველო არ სცნობს იმას, რასაც აფხაზეთი სახელმწიფო საზღვრად მიიჩნევს. ეს საკითხები ნელ-ნელა უნდა მოგვარდეს, ისე, რომ ხალხისთვისაც ხელსაყრელი იყოს და ბიუჯეტისთვისაც.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება