
აფხაზური ტრანზიტი: განტოლება სამი უცნობით
11/02/2021 07:13:46 კონფლიქტები
აფხაზურმა "პარლამენტმა" რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიმართა განცხადებით, რომლის თანახმად, აფხაზეთი "მზადაა, თანასწორუფლებიანობის საფუძველზე მიიღოს მონაწილეობა აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის პროექტში».
ამ ინიციატივის ავტორი - "დეპუტატი" ასტამურ ლოგუა აფხაზური ტრანზიტის რეანიმაციის იდეას სხვადასხვა მედიასაშუალებებში უკვე თვეზე მეტია, აჟღერებს. ამ მიმართულებით იგი ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ მოსკოვს, ერევანსა და ბაქოს შორის რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის შესახებ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გააქტიურდა. «იმედი მაქვს, რეგიონის ყველა იმ ქვეყნის ძალისხმევის შედეგად, რომელიც ამჟამად ჩართულია ურთიერთობების დარეგულირებაში, მთელი ამ სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნაში, აფხაზეთიც მოხვდება ამ პროექტში. თუკი გვსურს, განვავითაროთ ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩართულები უნდა ვიყოთ ყველა პროცესში და პროექტში, მით უფრო ასეთი - რეგიონული დონის პროექტებში. აფხაზეთი არ უნდა დარჩეს დეპო-ქვეყნად, ჩიხ-ქვეყნად და ამისთვის ჩვენის მხრივ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ» - აცხადებს ლოლუა.
ამასთან, იგი თბილისსაც მოუწოდბს, "თუ თვლა იცის, დაითვალოს, რამდენს დაკარგავს ამ რეგიონულ პროცესებში არმონაწილეობით".
თუმცა უღირს კი თბილისს რეალურად, ამ თემას დაუბრუნდეს და დაიწყოს ტექნიკური, ეკონომიკური და უპირველესად პოლიტიკური სურთულეების გადალახვა? ქართველი ანალიტიკოსების აზრით - არა. ისინი მიუთითებენ იმაზე, რომ პროექტის რეალიზების პერსპექტივები პოლიტიკური საკითხების გადაჭრაზეა დამოკიდებული, მაგრამ გინდაც მოხერხდეს შეთანხმების მიღწევა, წმინდა ტექნიკური თვალსაზრისითაც კი პერსპექტივები არასახარბიელოა.
როგორც სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი აღნიშნავს, აფხაზური მონაკვეთი ენგურის აფეთქებული ხიდიდან აჩიგვარას სადგურამდე სრულადაა დემონტირებული, ხოლო რუსული ჯარის მიერ 2008 წელს ოჩამჩირეს სადგურიდან სოხუმამდე აღდგენილი გზა კაპიტალურ რემონტსა და ელექტრიფიკაციას საჭიროებს.
«რუსი ექსპერტების წინასწარი გათვლით, საქართველოსა და სომხეთს ნულოვანი წლების დასაწყისში მხოლოდ ლიანდაგების აღდგენა სულ მცირე, 250 მლნ დოლარი დაუჯდებოდათ და ეს - თავად შემადგენლობის, ვაგზლებისა და დეპოების რემონტის გარეშე. ვინ გადაიხდის ამას? ვფიქრობ, საქართველომ უნდა მოითხოვოს მონაწილეობა აღდგენით სამუშაოებში. თანაც, სრულიად გაურკვეველია ამ მონაკვეთის სატარიფო პოლიტიკა, ვის ბიუჯეტში წავა სატრანზიტო შემოსავლები? - ალბათ, მათთან, ვინც აღადგენს» - ამბობს ცაგარეიშვილი.
რაც შეეხება ტრანზიტის აღდგენის გეოპოლიტიკურ სარგებელს, მისი აზრით, საქართველო ამ თვალსაზრისით ბოლოა, ვისაც ეს აწყობს: «ყველაზე მეტად ტრანზიტში აფხაზეთია დაინტერესებული. მისთვის ეს გეოპოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის შანსია. შემდეგი დაინტერესებული რუსეთია, რომელიც ცენტრალური აზიის ბაზრებზე და შემდეგ მიწოდებების დივერსიფიკაციისკენ ისწრაფვის. შემდეგი სომხეთია, რომელსაც კატეგორიულად არ სურს, თურქეთსა და აზერბაიჯანზე იყოს დამოკიდებული. აი, საქართველო კი ყველაზე ნაკლებ დაინტერესებული მხარეა: სომხური ტრანზიტი დასავლეთისკენ და რუსული პორტებისკენ საქართველოს გავლით აფხაზეთის გარეშეც განხორციელდება. გარდა ამისა, აფხაზური მონაკვეთის გამტარუნარიანობა რეაბილიტაციის შემთხვევაშიც კი იმდენად მცირეა, რომ მცირედით თუ გადააჭარბებს სომხეთისკენ ტრაფიკს. ამდენად, ვფიქრობ, ამ თემაში თბილისმა ბოლომდე უნდა ეძებოს მაქსიმალური სარგებელი მოსკოვსა და სოხუმთან პოლიტიკური ვაჭრობისას - იქნება ეს დევნილების უფლებრივი საკითხები, თუ სხვა რამ».
უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტ გიორგი გობრონიძის აზრით კი, რუსული ოკუპაციის შეწყვეტამდე, პოლიტიკური პრობლემების სიმრავლის ფონზე საქართველო მოსკოვის გეოსტრატეგიული სცენარებისგან მაქსიმალურად უნდა დისტანცირდეს:
«რეალურად, ეს არაფერს გვაძლევს, რადგან მსგავსი პროექტის რეალიზებისთვის აუცილებელია, მინიმუმ, სახელმწიფოებს შორის ნეიტრალური ურთიერთობები. ჩვენ კი, არსობრივად, დაურეგულირებელი კონფლიქტის პირობებში ვიმყოფებით რუსეთთან, რომელიც საქართველოზე ყოველმხრივ ზეწოლას აგრძელებს. გრძელდება საქართველოს მოქალაქეების გატაცებები და მკვლელობები, ჩნდება ახალ-ახალი დაპყრობილი ტერიტორიები. ამდენად, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებამდე არავითარი პროექტები საეჭვო ეკონომიკური პერსპექტივით არ უნდა იქცეს მოლაპარაკებების საგნად».
ბოლოს აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხი ორი წლის წინ იყო ნახსენები. მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი რუსული მხარის დაინტერესებაზე საუბრობდა. საქართველომ კი მაშინ პრინციპულად მიუღებლად ჩათვალა რუსეთის მცდელობები, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან გამყოფი ხაზებისთვის საბაჟო საზღვრის ნიშნები მიენიჭებინა.
ოფიციალურ თბილისს არაერთგზის განუცხადებია, რომ ტრანზიტის აღდგენისთვის ქართულმა და რუსულმა მხარეებმა ზედმიწევნით უნდა შეასრულონ ვალდებულებები, რომლებიც 2011 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულებით აქვთ ნაკისრი. ამ დოკუმენტის მთავარი ფასეულობა, ქართველი ექსპერტების შეფასებით, მის ნეიტრალურობაში მდგომარეობს - იმაში, რომ მასში არაა ნახსენები საქართველოს ოკუპირებულოი რეგიონები და ისინი "სატრანზიტო დერეფნებად" ფიგურირებენ, შეთანხმების მონაწილე მხარეებად კი - მხოლოდ ხელმომწერები, ანუ საქართველო და რუსეთი.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მონიტორინგის განხორციელებას შვეიცარიული კომპანია SGS-ის მიერ. მისი წარმომადგენლები სატრანზიტო (აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის) ტერიტორიებზე გამავალი ტვირთის დალუქვას განახორციელებენ, ხოლო შემდეგ ქართულ ან რუსულ ტერიტორიებზე ლუქები მოიხსნება.