სუს–ი მოქალაქეებს უკანონო დაკავებების გაპროტესტებისას რიგი საკითხების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს
11/02/2021 09:00:54 პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკანონო დაკავების ფაქტზე საზოგადოების პროტესტს ლეგიტიმურად აფასებს. აცხადებს, რომ იზიარებს მას, თუმცა, სუს–ში მიიჩნევენ, რომ პროტესტის დროს აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული საზოგადოებრივი და სახელმწიფო უსაფრთხოების ცალკეული მნიშვნელოვანი საკითხები:
„ცალსახად ვაფიქსირებთ, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ხალხმრავალი საპროტესტო შეკრების გამართვამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემო. მეტიც, აღნიშნულ პროცესში, შესაძლოა, პირდაპირი საფრთხე დაემუქროს ადგილზე წარმოდგენილ სამოქალაქო პირებსა და პოლიციას. უკანონო დაკავების შედეგად გამოწვეული ნებისმიერი საპროტესტო აქცია, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის და საოკუპაციო ხაზზე წარმოდგენილი საპოლიციო დანაყოფების ფუნქციონირებას, სრულად ჯდება საოკუპაციო რეჟიმის მიზნებსა და ამოცანებში.
უსაფრთხოების საკითხების, განსაკუთრებით კი უკანონო დაკავებებისა და ე.წ. ბორდერიზაციის პოლიტიზება კრიტიკულად აზიანებს პროცესებს და მიუთითებს აღნიშნულის განმახორციელებელთა არაპროფესიონალიზმზე.
კონკრეტული უკანონო დაკავების განხილვისას დისკუსიაში პოლიტიკური ნარატივის შემოტანა ქმნის ბუნდოვანებას და შეუძლებელს ხდის საკითხის თანმიმდევრულ განხილვას.
უკანონო დაკავებების პოლიტიზება და აღნიშნულის შედეგად პოლიტიკური დესტაბილიზაციის შექმნა საოკუპაციო რეჟიმის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს“,– ნათქვამია სუს–ის განცხადებაში.


