მელია მოუწოდებს "საქართველოს ბანკს", არ დაუშვას სხვისი მხრიდან მისი გირაოს დაფარვა
11/02/2021 14:30:33 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ გირაოს არ გადაიხდის და მოუწოდებს "საქართველოს ბანკს", არ დაუშვას სხვისი მხრიდან მისი გირაოს დაფარვა.
მელიას თქმით, იმისათვის, რომ ვინმემ მისი გირაო გადაიხადოს და "საქართველოს ბანკის" სპეციალურ ანგარიშზე ფული თანხა ჩარიცხოს, საჭიროა სპეციალური უნიკალური კოდი, რომელიც მას და მის ადვოკატს პროკურატურიდან არ გამოუთხოვიათ.
"ჩვენ არ მიგვიმართავს პროკურატურისთვის ამ მოთხოვნით, შესაბამისად, ეს კოდი არის უცნობი ყველასთვის. თუკი მოხდება შესაბამის ანგარიშზე, ჩემ სასარგებლოდ, გირაოს გადახდა. ეს იქნება ჩემი უფლებების შენახვა და მოგმართავთ თხოვნით, რომ ეს არის არა მხოლოდ უფლების დარღვევა, არამედ კანონის დარღვევაც. ამიტომ ამის მონაწილე, იმედია, არ გახდება ჩვენთვის საპატივცემულო საბანკო დაწესებულება", – აცხადებს მელია.
მისი თქმით, სახელისუფლებო მედია და "ქართული ოცნების" წევრები ავრცელებენ ცრუინფორმაციას, თითქოს ის თანხას სხვა მოქალაქის ხელით დაფარავს.
"ეს იქნებოდა სირცხვილი და დანაშაული, საკუთარ თავთან, პირველ რიგში", - აცხადებს მელია და საქმეს, რომლის ფარგლებშიც სასამართლომ მას გიარო დააკისრა, "პოლიტიკურად მოტივირებულს" უწოდებს.
5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურაში გაფრთხილების მიზნით დაიბარეს. პროკურატურის განცხადებით, გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლაზე. საქმე ეხება ნიკა მელიას წინააღმდეგ 20-21 ივნისის საქმეზე წარმოებულ პროცესს - მას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს თანხის გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს იწურება.


