თალაკვაძე – მელიაზე: "თუ პროკურორი დასაბუთებულად მოგვმართავს, სათანადო გადაწყვეტილებას მივიღებთ"
12/02/2021 11:23:15 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას გირაოს გადახდის საქმეს ეხმიანება და აცხადებს, რომ თუ პროკურატურა პარლამენტს დასაბუთებული მოთხოვნით მიმართავს, საკანომდებლო ორგანო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
თალაკვაძე საქმის პოლიტიზირებას გმაორიცხავს და აცხადებს, რომ მელიას საქმე აქვს მართლმსაჯულების სისტემასთან და არა რომელიმე პარტიასთან.
"სერიოზულად გჯერათ, რომ ნიკა მელიას შეიძლება, ხალხმა შეუგროვოს ფული და შეუტანოს გირაო? ეს ხომ აბსურდია. ადვოკატებს მონაცემები აქვთ. ნიკა მელია, მისი მეგობრები და მხარდამჭერი ტელევიზიები რამდენიმე დღეა, ცდილობენ კამპანიის აგორებას, როგორც ჩანს ეს გირაოს გადახდის წინასამზადისია, რომ თითქოს, წინასწარ თქვან ის, რაც უნდა გააკეთონ. წინასწარ ამბობენ, რომ თითქოს, საქველმოქმედო კამპანია იქნება და მას შეუგროვებენ გირაოს. ნიკა მელია თავად იღებს გადაწყვეტილებას - ირჩევს გირაოს გახდას თუ პატიმრობას, კანონის მხოლოდ ეს ოფციაა. თუ პროკურორი დასაბუთებული მოთხოვნით მიმართავს პარლამენტს, პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, მართლმსაჯულება ისევე მოეპყრობა მელიას, როგორც ექცევა სხვა მოქალაქეებს.
5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურაში გაფრთხილების მიზნით დაიბარეს. პროკურატურის განცხადებით, გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლაზე. საქმე ეხება ნიკა მელიას წინააღმდეგ 20-21 ივნისის საქმეზე წარმოებულ პროცესს - მას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს თანხის გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს იწურება. მელია ა, დრომდე აცხადებს, რომ გირაოს არ გადაიხდის.


