გაყოფა „ევროპულ საქართველოში“ – ლიდერების გადაწყვეტილება ცნობილია
12/02/2021 15:21:36 პოლიტიკა
კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია „ევროპულ საქართველოში“ დაპირისპირების შესახებ, რის გამოც პარტიას რამდენიმე ლიდერი ტოვებდა. 12 თებერვალს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მაისში დაგეგმილი ყრილობის შემდეგ პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე არ იქნება,. პარტიულ თანამდებობას დატოვებს „ევროპული საქართველოს“ გენმდივანი გიგი უგულავაც.
როგორც ბრიფინგზე დავით ბაქრაძემ განმარტა, მიზეზი პარტიის განახლების აუცილებლობაა, ამასთან, ის თვლის, რომ მიუხედავად არჩევნების გაყალბებისა, საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცუდი შედეგი აჩვენა და ამაზე პასუხისმგებლობა ყველა ლიდერმა უნდა აიღოს. ბაქრაძემ თქვა ისიც, რომ სწორედ ამ ნაწილში პარტიაში ლიდერებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა და განსხვავებული მოსაზრების მქონეებს შორის გიგა ბოკერია დაასახელა.
ბაქრაძის თქმით, მაისამდე ის შეინარჩუნებს თანამდებობას, ყრილობის შემდეგ პარტიულ საქმიანობაში აიღებს პაუზას, თუმცა ოპოზიციურ ფლანგზე დარჩება, პარტიაში კი გზას „ახალ სახეებს“ უთმობს.
ოპოზიციურ ფლანგზე აქტიურ პოლიტიკაში დარჩენას გეგმავს გიგი უგულავაც. ისიც მიიჩნევს, რომ პარტიამ არჩევნებში უარყოფითი შედეგები აჩვენა და მასზე პასუხისმგებლობა ლიდერებმა უნდა აიღონ:
„პარტიას სჭირდება განახლება. ამ განახლებისთვის მინიმუმ აუცილებელი პირობაა სამივე ჩვენგანის პარტიის მართვიდან გვერდზე გაწევა. ეს მიმაჩნია პირველ, აუცილებელ წინაპირობად, იმისთვის, რომ პარტია განახლდეს. თუ არ მოხდება სრული განახლება, მაშინ ვერ ვხედავ განახლების შანსს, რადგან აქ განსხვავებული პოზიციებია. თუ სამიდან ერთს განსხვავებული პოზიცია ექნება, ეს იქნება ძალიან ცუდი. იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს. იმედს დავიტოვებ, ყრილობამდე არის დრო, რომ ჩემი და დათოს აზრი იქნება გიგას მხრიდან გაზირებული. განახლება შეეხება ჩვენს სამს, ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი. თუ მე ვერ ვიღებ პასუხისმგებლობას, სხვა როგორ აიღებს“.
განსხვავებული მოსაზრება აქვს "ევროპული საქართველოს" კიდევ ერთი ლიდერ გიგა ბოკერიას. მისი თქმით, დავით ბაქრაძისგან და გიგი უგულავასგან განსხვავებით, არ აქვს მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება:
„მე ყველა შემთხვევაში ვაპირებ, რომ დავრჩე აქტიურ პოლიტიკაში, ოღონდ არანაირი გადაწვყეტილება რომელიმე თანამდებობასთან დაკავშირებით არ მიმიღია. ჩემი აზრით, ეს დაკავშირებულია პარტიის სტრატეგიასთან და განახლების კონკრეტულ ფორმებთან.
ვთვლი, რომ ახლა ჩვენი პასუხისმგებლობის ნაწილი, მათ შორის ლიდერების, იმაშიც მდგომარეობს, რომ რეალურად ეს პარტია იყოს სერიოზული კონკურენტი ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის საქმეში და ამ ქვეყნის დასავლურ, ევროპულ გზაზე დაბრუნებაში.
მე არ ვაპირებ აქტიური პოლიტიკიდან პარტიის, ევროპული საქართველოს სახელით, გაწევას.
პატივს ვცემ გიგის და დათოს გადაწყვეტილებას, თუმცა მცდარ გადაწვყეტილებად მიმაჩნია ამ მომენტში ამის გაკეთება“.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პარტია დატოვა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. ამ ეტაპზე უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პარტიის აქტიური წევრები – ირმა ნადირაშვილი და სერგი კაპანაძე.
ირკვევა, რომ გიგა ბოკერიას გადაწყვეტილებას არ იზიარებენ პარტიის რიგი წევრებიც. კერძოდ, გოკა გაბაშვილი ამბობს, რომ „ბოკერიას პოზიცია არასწორია, მაგრამ მისი საქმე და მისი არჩევანია“:
„ვფიქრობ, რომ ყველა იმ გაყალბებიდან და მანიპულაციებიდან დამოუკიდებლად, პარტიის შედეგებიდან გამომდინარე, „ლიდერშიპს“ უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება და პარტიის მართვას და თანამდებობებს ჩამოშორებოდნენ. ეს არ ნიშნავს, რომ თანაგუნდელობა სრულდება თანამდებობებით. ეს არის ევროპული, თანამედროვე, ცივილიზებული პარტიების წესი და ვისურვებდი, ეს გადაწყვეტილება მიეღო ერთობლივად ყველა მის ლიდერს. პოზიციები განსხვავებულია. ყველამ თავის პოზიცია გამოხატა და ამ ვითარებასა და რეალობაში ვართ, რომ ყრილობაზე ორი ლიდერი არ აპირებს თავის პოზიციების წამოყენებას მმართველ პოზიციებზე. გიგას აქვს განსხვავებული პოზიცია, მე ვთვლი, რომ არასწორი, მაგრამ მისი საქმეა და მისი არჩევანია.
ჩემი აზრი იყო, რომ სამივე ლიდერს ერთობლივად უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი, მაგრამ ვერავინ ვერ წაართმევს გიგას უფლებას, ჩემი აზრით, შეცდომა დაუშვა“.
"რა ლამაზი „განახლების გეგმა“ დადებულა კიევში," – ამგვარად გამოეხმაურა ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი ბაქრაძისა და უგულავას გადაწყვეტილებას.
ცნობისთვის: ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გიგი უგულავა კიევში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.


