როგორ აირჩევენ ცსკ–ის თავმჯდომარესა და კომისიის წევრებს - საარჩევნო კოდექსის პირველადი ვერსია
15/02/2021 08:15:58 პოლიტიკა
საარჩევნო კოდექსის პირველადი ვერსიის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია შედგება 7 წევრისგან, რომელთა შორისაა ცესკოს თავმჯდომარე. ცესკოს 6 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე აირჩევა შემდეგი წესით:
საქართველოს პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცესკოს წარუდგენს 3 კანდიდატურას. ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები შეირჩევიან ცესკოს წევრობის კანდიდატების შერჩევისთვის დადგენილი წესით, ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილი საკონკურსო კომისია საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარის 3 კანდიდატურას.
პოლიტიკურ პარტიას უფლება აქვს, დანიშნოს თავისი წარმომადგენელი ცესკოში, თუ პოლიტიკური პარტია დამოუკიდებლად მონაწილეობდა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში და მისი წარდგენით, პროპორციული წესით არჩეულ იქნა პარლამენტის წევრი; ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 30 დღისა, ხოლო ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში - მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 15 დღისა საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ.
საკონკურსო კომისია უნდა შედგებოდეს საქართველოში დარეგისტრირებული იმ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირების (ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების) წარმომადგენლებისგან, რომლებსაც აქვთ არჩევნებზე დაკვირვების არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 14 დღისა. თუ აღნიშნული ვადები ემთხვევა არჩევნების ჩატარების პერიოდს, საქართველოს პრეზიდენტი კონკურსს აცხადებს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-7 დღისა, ხოლო ცესკოს წევრს უფლებამოსილება უწყდება ახალი წევრის არჩევისთანავე.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება, რომელიც ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას ექვემდებარება.
აგრეთვე, დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ამასთან, დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.
ასევე, აღსანიშნავია სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილელების პირველადი ვერსია, რომლის მიხედვითაც, „არჩევნების დროს, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის ოთახში ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენის ფოტო - ან ვიდეოგადაღება - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“.
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, პირველადი დოკუმენტი, სადაც ასახული იქნება კონკრეტულად რომელ მუხლებს შეეხება ცვლილება, დღეს შემუშავდება. ჯგუფის მეორე შეხვედრაზე მიწვეულნი არიან საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


