ოპოზიცია 25 თებერვალს თბილისსა და ბათუმში აქციის გამართვას გეგმავს
15/02/2021 10:15:07 პოლიტიკა
25 თებერვალს თბილისსა და ბათუმში ოპოზიცია მშვიდობიანი აქცია-მსვლელობის გამართვას გეგმავს.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 თებერვალს, დღეს, როცა 100 წლის წინ ჩვენი ქვეყნის გასაბჭოება მოახერხეს, ეს ყველაფერი მშვიდობიანი მსვლელობა მანიფესტაციით გავაპროტესტოთ. 100 წლის თავზე საქართველო კვლავ იმავე გამოწვევის წინაშე დგას, როცა მტრულად განწყობილი, ხელისუფლებაში მოკალათებული ადამიანები იგივე საფრთხის შემცვლელები არიან, რა საფრთხის წინაშეც 100 წლის წინ ვიდექით. სამწუხაროდ, მაშინ ამ საფრთხის განეიტრალება ვერ მოხერხდა. იგივე შეცდომა კვლავ რომ არ დავუშვათ და პრობლემა გადავჭრათ, რომლის წინაშეც ვდგავართ, თბილისსა და ბათუმში გაიმართება მშვიდობიანი მსვლელობა-მანიფესტაცია", – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, მსგავსი აქცია 31 მარტისთვსაც არის დაგეგმილი.
მელიამ მისი საქმის შესახებაც ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "გამორიცხულია, კალაძემ, კობახიძემ, მურუსიძემ, გავრილოვმა, ივანიშვილმა და ვინც დღეს „ქართულ ოცნებაში“ არის, მისი დაჭერა მოახერხონ".


