Accentnews.ge
“პუტინის რუსეთი დინოზავრია – უზარმაზარი სხეულითა და პატარა ტვინით”

“პუტინის რუსეთი დინოზავრია – უზარმაზარი სხეულითა და პატარა ტვინით”

15/02/2021 10:50:41 პოლიტიკა

მსოფლიო ცნობადობის მოჭადრაკე, წარმოშობით ბაქოელი გარი კასპაროვი, რომელიც ამჟამად 57 წლისაა, 2013 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს. მანამდე ის რუსეთში ოპოზიციური მოძრაობების მონაწილე გახლდათ, გმობდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში. 2014 წლის მარტში მის მიერ დაფუძნებული საიტი იქცა ერთ-ერთად იმ რესურსებიდან, რომლებიც “როსკომნადზორმა” რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით სასამართლო განხილვის გარეშე დაბლოკა.

"უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ რუსული ტელევიზიის სამი “ტროას ცხენი” აკრძალა. ეს კარგი მაგალითია იმისა, რა ბედი უნდა ეწიოს დასავლეთში პროპაგანდისტულ სააგენტოებს “Russia Today” და “Sputnik", – წერდა კასპაროვი რამდენიმე დღის წინ Twitter-ში.

გამოცემა "Украинская правда"-სთვის მიცემულ ინტერვიუში კასპაროვმა ისაუბრა რადიკალიზიაციაზე აშშ-ში, როგორც მთელი მსოფლიოსთვის საფრთხის შემცველ “ვირუსზე”, იმაზე, თუ როგორ აპირებს ამ პრობლემის გადაჭრას ახალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რით გაუსწორა მან ანგარიში “მემარცხენეებს” არჩევნებში გამარჯვებისთვის, იმაზე, როგორ “შურდა” მის წინამორბედ დონალდ ტრამპს პუტინის, სი ცზინპინის, კიმ ჩენ ინისა და ერდოღანის სტილის "strong men"-ების, იმაზე, როგორ მოქმედებს რუსეთის პოლიტიკური აგენტურა მთელს მსოფლიოში, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან მის მთავარ უთანხმოებებზე და მთელ რიგ სხვა თემებზე. “აქცენტი” ამ ინტერვიუდან ამონარიდების თარგმანს გთავაზობთ.

"მიიღო რა განუზომლად დიდი ძალაუფლება, ტრამპმა მისი ტრანზაქციად გამოყენება დაიწყო, ანუ “შენ – მე, მე - შენ"

გარი კასპაროვი: პრეზიდენტად ტრამპის გადარჩევას შესაძლოა, რეალური საფრთხე შეექმნა დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობისთვის, რადგან აშშ-ის რესპუბლიკური პარტია დიდწილად ტრამპის პარტიად იყო გადაქცეული და ძალიან არასასიამოვნო იყო თვალის დევნება პიროვნების კულტის ელემენტებისთვის ამერიკული შესრულებით (თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების გაძლიერება და ოვალური კაბინეტის მეპატრონეს ხელში კონცენტრაცია დიდი ხნის წინ დაიწყო: როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი პრეზიდენტები ხშირად მიმართავდნენ ე.წ. "executive orders"-ს (აღმასრულებელი აქტების მიღება კონგრესის გვერდის ავლით), როცა აცნობიერებდნენ, რომ ოპოზიციის დამარცხება შეუძლებელი ან ძალზე რთული იყო). მეორეს მხრივ, ქვეყანაში პოლარიზაცია მიმდინარეობდა – ისტორია, რომელიც ასევე არ უკავშირდება უშუალოდ ტრამპს, თუმცა ნათელია, რომ იგი, როგორც პოლიტიკოსი, “გაიზარდა” და წარმატებას მიაღწია სწორედ იმ პოლარიზაციის წყალობით, რომელსაც წარმატებით იყენებდა. იკვებებოდა რა ნეგატივით და აქტიურად იყენებდა რა სოცქსელებს, უპირველესად – “ტვიტერს”, იგი აღრმავებდა ამ დაპირისპირებას.

ამასთანავე, ტრამპი დიდი სიმპათიით იყო განწყობილი და შეიძლება, ითქვას, შურდა კიდეც დიქტატორების – არა მხოლოდ პუტინის, არამედ სი ცზინპინის, კიმ ჩენ ინის, ერდოღანის. ეს "strong men" ყოველთვის საკუთარი არასრულყოფილების გრძნობას იწვევდნენ მასში. ტრამპს უჩნდებოდა სურვილი, მათ მსგავსად მოქცეულიყო. გასაკვირი არაა, რომ ამან დაძაბულობა და კონფლიქტიც კი გამოიწვია აშშ-ის ტრადიციულ მოკავშირებთან, რომლებთანაც ტრამპი თავს ნაკლებ კომფორტულად გრძნობდა. თვალსაჩინო გახდა ფასეულობათა სხვაობა მასა და ევროპელ პოლიტიკოსებს შორის.

გარდა ამისა, ტრამპი ის ადამიანია, რომელიც მთელი ცხოვრება საკუთარ თავზე მუშაობდა და მიიღო რა განუზომლად დიდი ძალაუფლება, მან მისი ტრანზაქციად გამოყენება დაიწყო, ანუ “მე – შენ, შენ – მე”. უკრაინა ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელზეც ტრამპმა ურთიერთმომსახურების ამ მექანიზმის მოსინჯვა სცადა, - მართალია, წარუმატებლად, მაგრამ სრული დატვირთვით. მხედველობაში მაქვს პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბარი, მასზე ზეწოლა, რათა უკრაინას ბაიდენის ვაჟის – ჰანტერის საქმიანობის გამოძიება დაეწყო. ამისათვის ტრამპმა 2019 წლის სექტემბერში დემოკრატების მიერ ინიცირებული პირველი იმპიჩმენტი მიიღო. […] არ ვიცი, ვის ართმევდა ფულს ჰანტერი – გამოძიება მიდის და ეჭვი არ მეპარება, რომ ის შედეგიანი იქნება, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს უმცროსი ბაიდენის ურთიერთობები რუს ოლიგარქებთან, ისინი მაინც განსხვავდება ტრამპის ურთიერთობებისგან რუსეთის სპეცსამსახურებთან და ოლიგარქებთანაც.

ბევრ კითხვას იწვევდა ტრამპის საგარეო პოლიტიკაც. უპირველესად, აქ, რა თქმა უნდა, პუტინთან “ბურუსით მოცული” ურთიიერთობები იგულისხმება. არის არაერთი საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ტრამპის მრავალრიცხოვანი გაბანკროტებებიდან წარმატებულად გამოსვლა უკავშირდებოდა გარკვეული წყაროს მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერებს. თავის დროზე ყველაფერს გავიგებთ და ვფიქრობ, პრეზიდენტ ბაიდენის მმართველობის პერიოდში ქვეყნის იუსტიციის სამინისტროსა და გამოძიებათა ფედერალური ბიუროს მუშაობა უკვე შეფერხებების გარეშე წარიმართება.

"ობამას ადმინისტრაციაში ბაიდენს ყველაზე “არწივული” პოზიციები ჰქონდა"

ძნელი წარმოსადგენია უფრო დიდი კონტრასტი, ვიდრე ტრამპსა და ბაიდენს შორისაა. ბაიდენი, უდავოდ, მეინსტრიმული ფიგურაა, დიდი ისტორიითა და პოლიტიკური გამოცდილებით. სენატში გატარებულმა მრავალმა ათწლეულმა იგი პოლიტიკურ ოპონენტებთან სხვაგვარ ალგორითმს მიაჩვია. თუ აშშ-ის ბოლო არჩევნებს გადავხედავთ, ბაიდენმა მოახერხა ჯერ რადიკალური მარცხენა ფრთის დამარცხება დემოკრატულ პარტიაში, რომელსაც სენატორი სანდერსი ედგა სათავეში, ხოლო შემდეგ – ტრამპის. ბაიდენის გამარჯვება მნიშვნელოვანწილად მოზომილი შეხედულებების მქონე იმ ადამიანების (რესპუბლიკელებისა და დემოკრატების) გაერთიანების შედეგია, რომლებსაც ტრამპის შესაძლო შემდგომი საპრეზიდენტო ვადა აშფოთებდათ. და ვფიქრობ, ბაიდენმა რესპუბლიკელების იმდენი ხმა აიღო, რამდენიც მანამდე არც ერთ დემოკრატს არ მიუღია თანამედროვე ისტორიაში. თუმცა ისიც ნათელია, რომ რიგ საკვანძო შტატებში სწორედ ე.წ. "never Trumpers"-ების მხარდაჭერამ ითამაშა გადამწყვეტი როლი.

ვფიქრობ, ბაიდენს მკაფიო წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ სად იმყოფება და მისი უზარმაზარი გამოცდილება გარანტიაა იმისა, რომ საგარეო პოლიტიკაში, განსაკუთრებით რუსეთთან ურთიერთობებში უფრო თანმიმდევრულად და მკაცრად იმოქმედებს. ვინ იცის? - შესაძლოა, ბაიდენის პრეზიდენტობა პუტინის დიქტატურის დასასრულსაც დაემთხვას: 4 წელი დიდი დროა, პუტინი კი უკვე ბევრად უფრო მოწყვლადია, ვიდრე ადრე. ამასთანავე, ასაკმა შეიძლება, დადებითი როლი შეასრულოს ბაიდენის პოზიციის გამკაცრებაში, რადგან ის უკვე ფიქრობს საკუთარ ადგილზე ისტორიაში.

რაც შეეხება ბაიდენის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებს, ისინი უპირველესად საშინაო ხასიათისაა და მას, ასე ვთქვათ, გამარჯვებულის მანტიას არ მოუტანს. ბაიდენი დემოკრატიული პარტიის მემარცხენე და ულტრამემარცხენე ფრთის უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ბევრი განკარგულება, რომელსაც მან ხელი უკვე მოაწერა, იმ შეთანხმების შედეგია, რომელიც ბერნი სანდერსთან და ამ ფრთასთან მათი მხარდაჭერის სანაცვლოდ იქნა მიღწეული.

რაც შეეხება ბაიდენის საგარეო პოლიტიკასა და დაზვერვასთან დაკავშირებულ სამსახურებს, შეგვიძლია, მაღალი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ ეს ობამას კურსის გამეორება არ იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ობამას ადმინისტრაციაში ბაიდენს ყოველთვის ყველაზე “არწივული” პოზიციები ეკავა. 2021 არაა 2014, როცა ობამას ადმინისტრაციამ ბევრი შეცდომა დაუშვა პუტინის რეჟიმის ბუნების, მისი აგრესიის, უკვე იმ დროს ცხადი ფაშიზაციის სათანადოდ ვერაღქმის გამო. დღეს ყველაფერი ნათელია, ამდენად, ვფიქრობ, სსრკ-სთან ურთიერთობის გამოცდილება, რომელიც ბაიდენს გააჩნია (1979 წელს იგი საბჭოთა კავშირში ჩასულ სენატორთა ჯგუფს ედგა სათავეში), მას სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.

"რადიკალიზმი როგორც მარჯვნიდან, ისე მარცხნიდან სადღეისოდ ამერიკული დემოკრატიის სიმსივნეა"

ამერიკა სერიოზულ კრიზისს განიცდის. ეს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში რადიკალების როლის მნიშვნელოვან ზრდას უკავშირდება – როგორც მემარცხენეების, ისე მემარჯვენეების.

ის, რაც 6 იანვარს ვაშინგტონში ხდებოდა, არის რეაქცია “მარჯვნიდან” – იმდენადვე უაზრო, რამდენადაც უგვანო. არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების ეს მცდელობა იქცა შედეგად კამპანიისა, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა (ვგულისხმობ არჩევნების დელიგიტიმაციის კამპანიას). ბევრს ეჩვენებოდა, რომ ამ კამპანიას რაღაც საფუძვლები ჰქონდა, მედია ძაბავდა ვითარებას. და ეს – მაშინ, როცა ყველა ამერიკული სასამართლო ან თავშივე უარს აცხადებდა სარჩელების მიღებაზე, ან წინასწარი შესწავლის შემდეგ ვერ პოულობდა საფუძვლებს საქმის განხილვისთვის. ამის შედეგად იქცა ის, რომ ათობით მილიონი ამერიკელი არჩევნებს დასრულებულად არ თვლის. ანუ, არ მიიჩნევენ ბაიდენს კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად.

ეს პოლიტიკური კრიზისი უდავოდ საშიშია. ნაკლებ სავარაუდოა, ისტერიკა მარჯვნიდან შესაძლებელი გამხდარიყო მემარცხენე რადიკალიზმის აღზევების გარეშე. და ესეც სტრატეგიული საფრთხეა, რომელიც დაკავშირებულია ტვინების გამორეცხვასთან სკოლებში, უნივერსიტეტებში - ამერიკის ისტორიის გადახედვის მცდელობასთან.

არსობრივად, სახეზეა რადიკალური შეტევები თავად ამერიკული ცხოვრების წესზე. "მარცხნიდან" ხორციელდება შეტევები თავისუფალი ბაზრის ინსტიტუტზე, კაპიტალიზმზე, ხოლო "მარჯვნიდან" ─ ძირითად სამოქალაქო თავისუფლებებზე.

“მარცხენა” ფრთაში ახლა ამინდს ქმნიან ისინი, ვინც თვლის, რომ კაპიტალიზმის იდეოლოგიური ფასეულობები სრულადაა კომპრომეტირებული.

რადიკალიზმი სადღეისოდ ამერიკული დემოკრატიის "სიმსივნეა”. როგორც ჩანს, ეს გარდაუვალი პროცესია. მან უნდა ჩაიაროს, ეს ბრძოლაა, რომელმაც საბოლოოდ, უნდა გადააფორმატოს ამერიკული პოლიტიკური ცხოვრება, რადგან სადღეისოდ ორივე პოლიტიკური პარტია დაავადებულია მისით.

დღეს ამინდს ქმნიან რესპუბლიკელები, რომლებსაც უჭირთ გათავისუფლება “ტრამპისტული” მემკვიდრეობისგან. რაც შეეხება დემოკრატებს, შესამჩნევია, რომ მათზე “მარცხნიდან” წნეხი იზრდება.

ბაიდენის ადმინისტრაცია ჯერ-ჯერობით უძლებს. კითხვა იმაში მდგომარეობს, რამდენ ხანს გაგრძელდება ასე, რადგან მემარცხენე რადიკალური ტალღის ასაკი მკვეთრად განსხვავდება თავად ბაიდენის ასაკისგან.

"ჰიტლერის მემკვიდრეები გერმანიის ხელისუფლებაში რაღაც არ შემიმჩნევია. აი, რუსეთს კი სტალინის მემკვიდრეები მართავენ"

─ 1997 წელს ზბიგნევ ბჟეზინსკიმ დაწერა წიგნი "დიდი საჭადრაკო დაფა”, რომელშიც საუბრობდა აშშ-ის სტრეტეგიულ მიზნებზე, განავრცოს თავისი გავლენა ცენტრალურ აზიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში. ავტორმა უკრაინას “რუსეთის ფედერაციად წოდებული იმპერიის უკანასკნელი პლაცდარმი” უწოდა და ამტკიცებდა, რომ უკრაინაში პროდასავლური კურსის დამყარება ერთადერთია, რაც აშშ-ს მისი გავლენის შენარჩუნება-განმტკიცების შესაძლებლობას მისცემს. სადღეისოდ აშშ-ს მსგავსი ამბიციები აღარ აქვს?

─ ახლა საერთოდაც ძნელია რაღაც სივრცის გაყოფა. პანდემიამ აჩვენა, რამდენად მოწყვლადია მსოფლიო და ამავდროულად, რამდენად მჭიდროდაა იგი ურთიერთდაკავშირებული. ამიტომაც ნებისმიერი სერიოზული რეგიონული გამოწვევები გლობალურად იქცევა.

გამოწვევა პუტინის სახით რეგიონული ხასიათის როდია. ბუშის ადმინისტრაციის არსურვილმა, რეალობა ეღიარებინა, ობამას ძალზე სუსტმა, გაუბედავმა პოზიციამ, კონფლიქტისთვის თავის არიდების მცდელობამ, ხოლო შემდეგ რაღაც სანახევრო მოქმედებამ, როგორც რეაქციამ 2014 წელს უკრაინის მიმართ რუსეთის ღია აგრესიაზე, მოგვიტანა ის, რომ პუტინის ჰიბრიდული ომების ეს “სიმსივნე” მთელს მსოფლიოს მოედო.

სამომავლოდ გრადუსი მხოლოდ მოიმატებს. მაგალითად, პირველად 12 წლის განმავლობაში, დავოსში პუტინის სიტყვით გამოსვლა იყო სირცხვილი, რადგან კლაუს შვაბმა [გერმანელმა ეკონომისტმა, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამაარსებელმა და უცვლელმა პრეზიდენტმა – რედ.] - ამ პუტინის ფინიამ მას პლატფორმა დაუთმო იმ მომენტში, როცა პუტინის ზონდერები მოქალაქეებს სახლებში უვარდებოდნენ.

ეს მორიგი დემონსტრირებაა იმისა, რამდენად ღრმად გაიდგა ფესვები ამ ინფექციამ, რამდენად გაღრმავდა დასავლელი ბისნესმენების ყიდვის პრაქტიკა და დასავლური პოლიტიკის “შრიოდერიზაცია”.

ნათელია, რომ სანამ მართვის სადავეები პუტინის ხელშია, ვითარება მხოლოდ გაუარესდება. მეტიც, ფსონი მუდმივად იზრდება და პუტინმა უკვე ქცევის ელემენტარულ ნორმებზეც კი თქვა უარი.

დავოსში პუტინი ევროპას პირდაპირ დაემუქრა. სხვა როგორ უნდა აღვიქვათ მის მიერ ვითარების 1930-იანებთან შედარება? ეს ხომ ნათელია იმის გათვალისწინებით, რომ ჰიტლერის მემკვიდრეები გერმანიის ხელისუფლებაში რაღაც არ შემიმჩნევია, აი, რუსეთს კი სტალინის მემკვიდრეები მართავენ. და პუტინი, სხვათა შორის, არ აპირებს უარის თქმას "პატივზე", გენერალისიმუსის საქმე განაგრძოს.

ეს იყო პირდაპირი მუქარა, რომელმაც რუსეთში რეპრესიების თვისობრივად ახალი ხარისხის ფონზე გაიჟღერა. ეს არის, უპირველესად, პუტინის პასუხი ევროპასა და აშშ-ს ნავალნის გათავისუფლებისაკენ მოწოდებებზე.

ჯერ-ჯერობით პუტინის გარემოცვისა და რეჟიმის საკვანძო ფიგურების მიმართ სანქციები საკმაოდ აბსტრაქტული ცნება იყო. ვისურვებდი, პირდაპირი დარტყმები მენახა.

პრობლემა იმაშია, რომ დასავლური ელიტების კორუმპირებულობის ამჟამინდელ დონეს, პუტინის აგენტურისა და ლობისტების ამჟამინდელ გავლენას მსოფლიო ისტორიაში ანალოგები არ აქვს. მაგალითად, გერმანიის ყოფილი კანცლერი პუტინთან "ბენზოგასამართ სადგურზე” მუშაობს [გერჰარდ შრიოდერი რუსული “გაზპრომისა” და “როსნეფტის” სტრუქტურებშია დასაქმებული – რედ.].

სანამ არ მოხდება პუტინის რეჟიმისა და თავად პუტინის კონკრეტული იზოლაცია, კრემლის ქმედებებში ცვლილებების მოლოდინი ფუჭია. იმედი მაქვს, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც უბიძგებს დასავლეთს ამისაკენ.

─ რუსეთში ათობით მილიონი ადამიანია დარწმუნებული, რომ ომი – ეს მშვიდობაა, თავისუფლება - მონობა, არცოდნა – ძალა, ყირიმი - მათი. სწორედ ამ ძალას ეყრდნობა პუტინი. რა დამოკიდებულება გაქვთ იმ თეზისის მიმართ, რომ პუტინის დასამარცხებლად პუტინად ქცევაა საჭირო?

─ პუტინზე უარესი უბრალოდ ვერ იქნები, რადგან აქ საქმე გვაქვს ერთპიროვნულ დიქტატურასთან. ნებისმიერი სხვა ფორმა, თუნდაც არადემოკრატიული, არამედ, ვთქვათ, კომპარტიის პოლიტბიუროს დონის, მაინც მოიაზრებს ინტერესთა ბალანსს.

თუნდაც მაფიოზური მართვის ნებისმიერი მოდელი, რომლის დროსაც არსებობს ბევრი “ოჯახი”, მოიაზრებს გარკვეულ კომპრომისს, რადგან არსებობს სხვადასხვა ინტერესები. ხოლო დიქტატორი, რომელიც ბერდება, ნარკომანივითაა – იძულებულია, იღებდეს ძალაუფლების, აგრესიის, მკვლელობების სულ უფრო დიდ “დოზას”. ამდენად, ყველაზე საშიშები და აგრესიულები ერთპიროვნული დიქტატორები არიან, რომელთა ინტერესი ძალისა და ურყევობის მუდმივ დემონსტრირებას ითხოვს.

Bellingcat-ის გამოძიება აჩვენებს, რომ რუსეთი უკვე აღარაფრით განსხვავდება ლათინოამერიკული დიქტატურებისგან. სიკვდილის ესკადრონები ნადირობდნენ არა მარტო ნავალნიზე და არა მარტო პოლიტიკოსებზე.

რუსეთი იმართება სტრუქტურით, რომლის მწვერვალზე დგას დიქტატორი, აგრესიისა და ფაშიზმის იდეების დაუფარავად მქადაგებელი. პუტინის პიროვნება ფორმირდებოდა არა უნივერსიტეტებში, არამედ ჯერ ქუჩაში და შემდეგ КГБ-ში. სწორედ ესაა ის საწყისი მასალა, რომელმაც სადღეისოდ “ფრთა გაშალა”.

“რუსეთმა დაიჭირა გარდაუვალი ისტორიული ტრენდი, რომელსაც იმპერიის დაშლისკენ მივყავართ”

ჩემი აზრით, რუსეთმა დაიჭირა გარდაუვალი ისტორიული ტრენდი, რომელსაც იმპერიის დაშლისკენ მივყავართ. და აქ მოსკოვს ვერც უკრაინის ფეიქ-სახელმწიფოდ გამოცხადების მცდელობები (რომელსაც რუსული ტელევიზია 24/7 რეჟიმში ახორციელებს) უშველის, ვერც კრემლის სუბსიდიებზე მდგომი ლუკაშენკოს “კვება”, ვერც საქართველოს მიმართ აგრესია, ვერც მოლდოვას კონტროლზე აყვანის მცდელობები, – ეს ყველაფერი აგონიაა.

თუმცა აგონია შესაძლოა, ხანგრძლივი და საშინელი აღმოჩნდეს. როცა სულს ღაფავს დინოზავრი უზარმაზარი სხეულითა და პატარა ტვინით, ყველაფერი შეიძლება, მოხდეს.

─ რუსეთის დაშლა მეზობლებისთვის კარგი სიახლე იქნება? რისთვის უნდა ემზადონ ისინი?

– ნებისმიერი იმპერიის დაშლა მტკივნეული პროცესია, თუმცა ისტორიული გარდაუვალობა.

ნიუანსი იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთის იმპერია, სხვებისგან (ბრიტანულისგან, ფრანგულისგან, ესპანურისგან ან პორტუგალიურისგან) განსხვავებით, ტერიტორიულად იყო დაკავშირებული. “ტრადიციულ” იმპერიებში იყო მეტროპოლია და მას მოშორებული ტერიტორიები. ასიმილაციისა და კოლონიალური კადრების იმპერიულ ელიტაში შედინების პროცესი კი ასწლეულობით გრძელდებოდა. რუსეთში ეს უფრო ინტენსიურად ხდებოდა.

თუმცა მეორეს მხრივ, ნათელია, რომ სადღეისოდ მსოფლიო შეცვლილია და გიგანტური იმპერიული წარმონაქმნები სიცოცხლისუუნაროა.

რუსეთის პრობლემა იმაშია, რომ სსრკ-ის დაშლის მიუხედავად, იგი ვერა და ვერ იქცა ნორმალურ ფედერატიულ სახელმწიფოდ. რუსეთი დარჩა იმპერიად. ეროვნული სახელმწიფოს ფორმირების პროცესი შეწყდა.

მაღალი ალბათობით, მომავალ თავისუფალ დემოკრატიულ რუსეთში გეოგრაფიული საზღვრები განსხვავებული იქნება ამჟამინდელისგან. და ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ.

─ როგორ აფასებთ რუსეთში დაბრუნების შემდეგ ნავალნის მოქმედებას?

– ნავალნისთან აზრთა პოლიტიკური სხვადასხვაობა არაერთ საკითხში მაქვს. მაგრამ დღეს ამაზე საუბარი სწორი არ იქნება, რადგან იგი პუტინის რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა და მოწამლვის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნება გმირობის აქტი იყო.

რეალურად, პროტესტი მნიშვნელოვნად სცდება მხოლოდ ნავალნის პიროვნების ფარგლებს, მაგრამ ვიღაცას მისი გენერირება უნდა მოეხდინა.

ხელისუფლების წინააღმდეგობის დონე ახლა უპრეცედენტოა, - მუშაობა სკოლებში, მშობლებთან, წინასწარი დაკავებები - და არა მარტო ნავალნის აქტივისტების: აკავებდნენ იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც ჩვენთან 10-15 წლის წინ მუშაობდნენ. ანუ, მთელს ბაზაზე, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში გროვდებოდა, ჩატარდა პრევენტიული სამუშაო. და ამის მიუხედავად, ქუჩებში მაინც ბევრი ხალხი იყო.

ახალ ტექნოლოგიებთან კრემლის მეთოდებით ბრძოლა განწირულია. კითხვა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რა ფასის გადახდა მოგვიწევს იმაში, რომ პუტინის რეჟიმი ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S