ირაკლი ქადაგიშვილი: "ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას მივიღებთ"
15/02/2021 11:24:43 პოლიტიკა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ როგორც საკომიტეტო დონეზე, ასევე პლენარულ სხდომაზე მიიღებენ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას, „რათა არავის მიეცეს შესაძლებლობა დადგეს კანონზე მაღლა, შეგნებულად და მიზანმიმართულად მოუწყოს პროვოკაცია სახელმწიფო ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობის და თანასწორობის პრინციპებს“.
"მმართველი გუნდის პოზიცია მკაფიოა - კანონზე მაღლა არავინ დგას და სადეპუტატო იმუნიტეტი იმისთვის არ არსებობს, რომ მართლმსაჯულების აღსრულება შეაფერხოს და დეპუტატს, რომელიც სრულიად ღიად, ცალსახად და შეგნებულად გადის კანონის ჩარჩოებიდან, ხელი დააფაროს. საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არავითარი სამართლებრივი, პოლიტიკური თუ მორალური არგუმენტი არ გააჩნია აშკარა პროვოკაციის გასამართლებლად და ერთადერთი სპეკულაციური არგუმენტი, რისი შეთხზვაც მოახერხეს, ნიკა მელიას გავრილოვის პატიმრად გასაღების მცდელობაა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, მელია თავად წყვეტს თავისივე აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არდამძიმების ბედს.
"თუ იგი კანონს დაემორჩილება, მისი დაპატიმრება თეორიულადაც შეუძლებელია. ყველაფერი დანარჩენი მდარე სპეკულაცია და ქვეყანაში არეულობის მოწყობის თუ საპროტესტო მუხტის აწევის უსუსური მცდელობაა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს ხვალ განიხილავენ.


